ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო განათლების სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პროგრამა მიაწოდა.

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. ტელეეთერით ყოველდღე, ყველა საგანში, თითოეული კლასისთვის 15-15 წუთიანი გაკვეთილები ტარდება.

როგორ მუშაობენ სკოლები იძულებითი არდადეგების დროს, რამდენად მისაღებია მათთვის ონლაინ სწავლების მეთოდები და ტელეგაკვეთილები – საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე გვიზიარებს:

-ძალიან რთულია, უცბად გაიზიარო ონლაინ სწავლების ისეთი მეთოდი, რომელიც შენს სკოლაში გაამართლებს. თუმცა, აუცილებელია, რომ მოსწავლეები სკოლისგან იზოლირებულები არ აღმოჩნდნენ. განათლების სამინისტროსგან შემოთავაზებული ყველა პროექტი ემსახურება იმას, რომ ოჯახებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ონლაინ კომუნიკაცია შედგეს.

რა თქმა უნდა, წარმოუდენელია, ის შედეგი მივიღოთ, რაც საგაკვეთილო პროცესზე ხდება. ონლაინ სწავლების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა არის ინტერნეტსა და კომპიუტერზე მოსწავლეთა ოჯახების ხელმიუწვდომლობა. მატერიალური მდგომარეობის გამო, ზოგიერთ ოჯახში ტელეფონიც არ აქვთ. ჩვენი სკოლის 81 მოსწავლიდან დისტანციურ სწავლებაში 69 მოსწავლეა ჩართული.

გასულ კვირაში განათლების სამინისტრომ მოგვთხოვა ინფორმაცია თითოეული მოსწავლის ოჯახის შესახებ – რა საშუალებებით ერთვებიან ისინი დისტანციურ სწავლებაში, როგორია მათი სოციალური მდგომარეობა. როგორც ჩანს, სამინისტრო საჭიროებებიდან გამომდინარე გეგმავს, რომ სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ტელეგაკვეთილები ძალიან კარგია. ვფიქრობ, ტელევიზორი ყველა ოჯახშია. გაკვეთილებს საუკეთესო პედაგოგები ატარებენ. ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა ონლაინ სწავლება ტელეგაკვეთილების მიხედვით გადავგეგმეთ. მოსწავლეებს დავალებებს ტელეგაკვეთილების ცხრილიდან გამომდინარე ვაძლევთ. სოციალურ ქსელში კლასების მიხედვით შევქმენით დახურული ჯგუფები, სადაც მოსწავლეები შესრულებულ დავალებებს ატვირთავენ. ვფიქრობ, ტელეგაკვეთილები დისტანციურ სწავლებას ხელს შეუწყობს, მაგრამ, ჯერჯერობით, სრულყოფილი სწავლება ნამდვილად ვერ იქნება.

ნინო კაპანაძე