გიორგი მაქაძისა და ქრისტინე თოიძის სიყვარულის ისტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმღერის გუნდიდან დაიწყო. ოჯახი 2016 წელს შექმნეს, დღეს კი ორი წლის ალექსანდრეს მშობლები არიან.
ქრისტინე წელს მოლითის საჯარო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა – V-VII და XII კლასების მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის.
„ბავშვებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ვცდილობ, ყოველ გაკვეთილზე განსხვავებულად მომზადებული შევიდე და თანამედროვე მიდგომებით მოსწავლეებს ჩემი საგანი შევაყვარო“, -ამბობს ქრისტინე. ის სკოლაში დილით ადრე მატარებლით მიდის და შინ ამავე ტრანსპორტით ბრუნდება. ვიდრე დედიკო გაკვეთილებს ატარებს, პატარა ალექსანდრე მამასთან რჩება.
„სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ალექსანდრე დროის უმეტეს ნაწილს ჩემთან ატარებდა. ძალიან განვიცდიდი, სამსახურში წასვლის შემდეგ უჩემოდ როგორ იქნებოდა. გიორგისთან ბავშვი თავს შესანიშნავად გრძნობს. შვილისა და მშობლის ურთიერთობა აღზრდისა და ზრუნვის პროცესში ყალიბდება. მამა-შვილი ერთმანეთთან ისე დაახლოვდა, რომ მათ შორის განსხვავებული, შესაშური ურთიერთობა გაჩნდა“, – ამბობს ქრისტინე.
„ჩემი უფროსი დისშვილი 21 წლისაა. დისშვილების აღზრდაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ვფიქრობდი, რომ ბავშვებზე ზრუნვა და სიყვარული ჩემთვის ნაცნობი გრძნობა იყო, – გვიამბობს გიორგი მაქაძე, – თუმცა ახლა, როცა უკვე საკუთარი შვილი მყავს, მივხვდი, რომ შენს შვილს ვერავისთან გაათანაბრებ. სულ სხვა გრძნობაა და ამ სიყვარულს ვერაფერი აიწონის. ალექსანდრეს დაბადება ემოციურად ძალიან რთულად გადავიტანე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩამოვყალიბდი, რომ ის შვილია და მე – მამა. მანამდე ეიფორიაში ვიყავი“.
გიორგი მაქაძე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ტურიზმის განხრით დაამთავრა, ასევე არის ეთნომუსიკოლოგი. ამჟამად ფოლკლორული ანსამბლის „უბისი“ და ვოკალური ჯგუფის „ხარაგაულის ხმები“ წევრია. მისი კარიერა ხარაგაულის სახალხო თეატრში რამდენიმე საინტერესოდ შესრულებულ როლსაც ითვლის. გიორგის ცხოვრებაში ფოლკლორს დიდი ადგილი უჭირავს და აპირებს, რომ ქართული ხალხური სიმღერა შვილსაც ასევე შეაყვაროს.
„ბავშვობიდან ვმღერი. საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი. იმერული სიმღერები თამაზ კიკნაძემ შემასწავლა. შემდეგ ფოლკლორის შესწავლა უნივერსიტეტში აკადემიკოს თამაზ გაბისონიასთან გავაგრძელე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს რაიონში საყვარელ საქმეს ვემსახურები. ხარაგაული ყოველთვის ლექსით, სიმღერით, ცეკვით, თეატრითა და განათლებით იყო ცნობილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხარაგაულელების კულტურული განვითარება არ შეფერხდეს და ჩვენი ნიჭიერება საქართველოსა და მსოფლიოს გავაცნოთ.
ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები და ვფიქრობ, მაყურებლის წინაშე რამდენიმე თვეში სოლო კონცერტით წარვსდგებით“.
გიორგი მაქაძე თვლის, რომ ბავშვების ნაკლებად დაინტერესება და მწირი დაფინანსებაა ფოლკლორის განვითარებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. „ჩვენი ანსამბლი ხარაგაულში ძალიან ბევრ კარგ ფოლკლორულ სიმღერას შეასრულებს. თუმცა, მუნიციპალიტეტის გარეთ მაყურებლის წინაშე ჩვენი შემოქმედების წარდგენის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს. უეჭველად გვექნება მიწვევები არა მხოლოდ სააქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ და შესაძლოა, სულაც აღარ დასჭირდეს ანსამბლს ბიუჯეტიდან დაფინანსება. ყველა საქმეს განვითარებისთვის საბაზისო ხელშეწყობა სჭირდება, რაც ხარაგაულში ფოკლორისთვის ძალიან მწირია.
დღეს ხარაგაულში ძნელად თუ მოძებნი ბავშვს, რომელსაც ფოლკლორი აინტერესებს. მოზარდებს საესტრადო სიმღერების შესრულება უფრო იზიდავთ. თუ ადამიანს შეუძლია, რომ ფოლკლორი კარგად იმღეროს, ის საესტრადო სიმღერასაც შეასრულებს. ჩვენი მთავარი მისიაა, ივანე აბაშიძისა და ოთარ აბაშიძის მიერ გაცოცხლებული იმერული სიმღერები მომავალ თაობებს გადავცეთ. ახალგაზრდებში ფოლკლორული სიმღერის პოპულარიზაცია აუცილებელია.
პირველად სპექტაკლში „ნატვრის ხე“ პატარა ბიჭის როლი ვითამაშე. შემდეგ იყო „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“, სადაც იმერელი ნაცარქექიას როლი შევასრულე. ორივე ეს როლი რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე მომცა. ყველაზე მეტად სპექტაკლში „ხორუმი ქართული ცეკვაა“ გოგის როლის შესრულება გამიჭირდა. გოგი ერთგვარი ხიდია უცხოელსა და ქართველ ხალხს შორის, ქალაქელი ახალგაზრდაა. თბილისში როცა ვცხოვრობდი, იმერული კილოც კი არ შემიცვლია, ქალაქს ვერ მოვერგე. ამიტომ ჩემთვის ეს როლი რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, ირინე ჩხეიძის, ვასილ კიკნაძისა და დასის სხვა წევრების დახმარებით ეს გამომივიდა. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მსახიობები, რომლებსაც ნებისმიერი როლის თამაში უპრობლემოდ შეუძლიათ. მათ გვერდით იდგე სცენაზე, – ეს დიდი პატივია“, – ამბობს გიორგი.
ქრისტინე და გიორგი ხარაგაულში ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხელშეწყობის საჭიროებაზე საუბრობენ. მათი აზრით, ამ მხრივ დასაქმების პრობლემა ყველაზე აქტუალურია.
„ხარაგაულში ახალგაზრდა ოჯახები, პრაქტიკულად, არ იქმნება. ეს ეკონომიური მდგომარეობიდან მომდინარეობს. ახალგაზრდა ხარაგაულში ვერ დასაქმდება. ჩვენში ნეპოტიზმი ვერ ამოვძირკვეთ, ეს ხარაგაულის უკურნებელი სენია. ამასთან ერთად, მწირია ანაზღაურება. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვმუშაობ.
არ შემიძლია ცხოვრება მიწასთან ურთიერთობის გარეშე. ამიტომაცაა, რომ ქალაქში ცხოვრებას ვერ შევეგუე, აქტიურად ვეწევი სოფლის მეურნეობას. რეპეტიციების დამთავრების შემდეგ თითქმის ყოველდღე სოფელში მივდივარ და მიწაზე ვმუშაობ“, – ამბობს გიორგი მაქაძე.
„განათლებას რომ მიიღებ, შემდეგ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზება გჭირდება, – ამბობს ქრისტინე, – ხარაგაული პატარა მუნიციპალიტეტია. ბევრს ვიცნობ, ვინც ქალაქში მინიმალურითაც კმაყოფილდება, რადგან აქ ეს მინიმალურიც ვერ მიიღო.
ხარაგაულში, დრო და ხალისი რომ გქონდეს, ვერსად დაისვენებ. ერთადერთი კაფე გვაქვს, სადაც შეიძლება წახვიდე. კინოსეანსები რომ მაინც ტარდებოდეს, გემოვნებით შერჩეულ ფილმებს მაყურებელი ეყოლება.
ხარაგაულის პარკში ნაწვიმარზე ვერ შეხვალ, ტალახში ამოისვრები. ელემენტარული ფილაქანი არაა, რომ გაიარო. პარკში ღამის განათებები დააყენეს, რისთვის ანათებენ, ღამე თუ იქ ვერავინ შევიდა? არანაირი ატრაქციონი ბავშვებისთვის, მხოლოდ ორი რკინის სასრიალოა, რომელზეც შეიძლება ბავშვი დაშავდეს.
რამდენიმე დღით ჩემი და იყო ჩამოსული, ბავშვები გავასეირნეთ, ჩამოსხდომა მოგვინდა, ხარაგაულში სკამი ვერსად ვნახეთ. პარკშიც კი მხოლოდ ქვის სკამებია, მასზე წვიმის შემდეგ ვერ დაჯდები, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. სახლში რომ სტუმარი მოგივიდეს და სკამი არ გქონდეს, ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი“, – წუხს ქრისტინე.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი