

არჩევნები დამთავრდა. ისევ აიშალა ფიქრის გორგალი. როგორც ხდება ხოლმე, მოსალოდნელი შედეგები დადგა, – ვისთვის სასურველი, ვისთვის – არა. ასეთია რეალობა, – გამარჯვება იქ არის, სადაც ძალაა.
ფიქრის გორგალს წინასაარჩევნო შეხვედრები ამოჰყვა. შეხვედრისას ერთ-ერთ ხელმძღვანელს, კანდიდატს, რეპლიკა ვესროლე, – პრემიების დარიგება არ დაგავიწყდეთ-მეთქი. მან გაცეცხლებულმა საკმაოდ ხმამაღლა მიპასუხა: „ქალბატონო, ყველაზე დაბალი ხელფასი მე მაქვს და პრემია არასდროს ამიღიაო“. გული დამეწვა, ეს რა წამომცდა-მეთქი, – ვიჯავრე. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ (#23, 12.06.2014) დაიბეჭდა, რომ მან მაისის თვეში ხელფასის 100% მიიღო პრემიად. შევცბი, რომელი ტყუის, გაზეთი თუ მაშინდელი კანდიდატი, აწ გამარჯვებული პირი? იმედია, გაზეთი არ ტყუის, მაშ ვინ?! თუმცა რა მოხდა, – ისეთი არაფერია. იქ, ზევით, 200-300 პროცენტიან პრემიებზე გადავიდნენ და ხარაგაულში, ამ ღარიბ რაიონში, ასპროცენტიან პრემიას თუკი დასჯერდა კაცი, რას ერჩი. საკვირველი ერთია, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ღატაკია, როცა ქუჩაში მათხოვარი ზის, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, როცა კაცი წამალს ვერ ყიდულობს, როცა ავადმყოფ შვილს ან დედას ვერ შველი, ასეთი, მაღალი პრემიის დარიგება დანაშაული თუ არა, სირცხვილი მაინც არ არის? როცა პენსიონერი 150 ლარზე გყავს, მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და ამ ტიპის დახმარებას ერთეულებს აძლევ, ზოგჯერ უკანონოდაც, როცა ადამიანს ღიმილი და გაბრწყინებული თვალები ჩაუქრა, რისთვის იცემა პრემიები? ერთიც მიკვირს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობ, მეშინია, არავინ დამცინოს, – რაში ეძლევა ამ ხალხს პრემია? წინათ პრემია უხვი მოსავლის მოყვანისა და გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის, ან რომელიმე დარგში განსაკუთრებული შედეგის მიღწევისთვის იცემოდა. ახლა რა ხდება? სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელფასს იღებენ. ისეთი განსაკუთრებული რა გააკეთეს, რომ პრემიაც დაიმსახურეს? არ ვიცი, არა.
იმავე შეხვედრაზე მოსულმა სტუმრებმა საუბარი რომ დაამთავრეს, ერთი ახალგაზრდა ჩინოვნიკი წამოდგა, ხალხს მობრძანებისთვის თავაზიანად მადლობა გადაუხადა, კარგად ბრძანდებოდეთო, დაგვემშვიდობა და ამით მიგვანიშნა, ახლა სახლში წადითო (სხვათაშორის, ჩვენთან ასე ნაციონალებიც არ მოქცეულან). რამდენიმეს, მათ შორის მეც, აზრის გამოთქმა გვინდოდა. იყო შეკითხვებიც, მაგრამ საშუალება არ მოგვეცა. ჩვენ კი არა, ამ დროს ერთი გამწარებული ქალბატონი წინ და უკან დარბოდა, თავის გასაჭირზე ლაპარაკობდა და მოსმენას ითხოვდა. აიშალენ სტუმრები, ეტყობა არ აპირებდნენ მის მოსმენას, მაგრამ ბოლოს, როგორც ჩანს, გადაიფიქრეს, თავი დაიმდაბლეს და მობრუნდნენ. ზოგი დაბრძანდა კიდეც და ალბათ მოუსმინეს. ღირდა კი ასეთი მოსმენა?
ბატონებო, ხალხს თუ ვერაფრით ეხმარებით, მოუსმინეთ მაინც, რამეთუ თვით უფალი იესო დადიოდა ხალხში, უსმენდა და ეხმარებოდა მათ (მათე 9,35; ლუკა 13.22). თქვენ, უბრალო მოკვდავთ რა გემართებათ?! ბატონებო, მოუსმინეთ ხალხს!
ბოდიშს ვუხდი ხელისუფლებას, მათ ხომ, – ძველმაც და ახალმაც, – ააყვავეს ქვეყანა და გაჭირვებულიც აღარ უნდა იყოს, მაგრამ ალაგ-ალაგ კიდევ შემორჩნენ უმწეონი, უიმედონი, პენსიის ამარა მყოფნი. იმ პენსიისა, რომლითაც სარჩო თუ იყიდე, წამალს რომ ვეღარ იყიდი და თუ წამლისაკენ წაგიცდა ხელი, მშიერი დარჩები. მართალია, წამლებზე ხელმძღვანელობა ეხმარება ხალხს ასი ლარის ფარგლებში, ამისთვის მადლობა მათ, მაგრამ მეორე და მესამე ასი ლარი როგორ იშოვოს? ამაზე ფიქრობს ვინმე? არადა, პენსიონერთა უმრავლესობა ქრონიკული ავადმყოფია და მუდმივი მკურნალობა სჭირდება. ხშირად მიფიქრია, რომელი ვიყიდო, წამალი თუ საკვები. ერთ ჭკვიან კაცს ამაზე რჩევაც ვკითხე. მან ღიმილით მითხრა: ორივე შემთხვევაში მოკვდები და აირჩიე, მაძღარს სიკვდილი გირჩევნია თუ მშიერ ნამკურნალებსო. ისე, საინტერესო კია, რომელმა გენიოსმა დაადგინა საარსებო მინიმუმად 150 ლარი. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და დაგვაანგარიშებინოს, როგორ გავანაწილოთ და ვიკმაროთ ეს თანხა. იმდენი მაინც გაეკეთებინათ (ვისაც ევალება), რომ სოციალური შემწეობები მიეცათ ყველა გაჭირვებულისთვის და არ დარიგებულიყო ის „ლამაზი თვალების“ თუ რაღაცის გამო. ყველაზე მეტად ცოდო ისაა, ვისაც არც პენსია აქვს, არც დახმარება და არც სამუშაო. სამუშაოს შოვნა მაინც არ ხდებოდეს ნაცნობ-უცნობობით. ნაცნობ-მეგობრობა ყოველთვის იყო (ღმერთმა ნუ მოშალოს), მაგრამ როგორც ვატყობ, ახლა სამუშაოზეც ამ პრინციპით იღებენ ხალხს, – ზოგს ნათესაობით, მეზობლობით, ზოგს კლასელობით ან კურსელობით, ზოგსაც არჩევნებზე ვინ უკეთ იმუშავა და ა.შ. პროფესიონალიზმი, განათლება და ინტელექტი საჭირო აღარ ყოფილა. არადა, ასე მგონია, ქვეყნის სამართავ პულტთან პროფესიონალები და გონიერი ადამიანები უნდა იდგნენ.
ზემოთ სოციალური შემწეობები ვახსენე. არ იქნა და საზოგადოებამ ვერ გაიგო, რა კრიტერიუმებით ენიჭებათ ოჯახებს ქულები. ეს კითხვა ბევრჯერ დავსვით, მაგრამ პასუხი არ არის. რა გადაუჭრელი პრობლემაა, რომ ხალხმა პრესით ან ტელევიზიით ღიად შეიტყოს, რას ექცევა ყურადღება, როგორი წესით მოწმდება ოჯახი. ზოგს არაფერი გააჩნია და მაღალი ქულები მოსდის. ზოგს, ძროხაც რომ ჰყავს და ხარიც, სხვა პირუტყვიც, მიწაც რომ აქვს და ტყეშიც კარგად დადის, მხოლოდ მუშაობა რომ ეზარება და მარტო დალევა უყვარს, ასეთებს აქვთ შემწეობები. ვისაც ფიზიკურად შრომა არ შეუძლია ასაკის, ავადმყოფობისა და უძლურების გამო, მათ მაღალი ქულები ენიჭებათ. ამბობენ, ქულებს კომპიუტერი ანიჭებსო. რა ხდება? იმ დალოცვილ კომპიუტერს შეცდომა თუ მოსდის, მაშინ სხვა გზა გამოინახოს. ერთი პენსიონერი მეზობელი მყავს, მართლა უმწეო ფიზიკურად და ეკონომიურად, ყორეში ცხოვრობს. მისი ე.წ. სახლის კედლებში ხვლიკები და მისნაირები შედიან და გამოდიან. ამას წინათ აგენტი მოვიდა. უბრალოდ არც მიუხედ-მოუხედავს, შეავსო ანკეტა და წავიდა. კარგა ხანს ელოდა ეს ქალბატონი შემწეობის დანიშვნას, მაგრამ ამაოდ.
ხალხს სამართლიანობა უყვარს, კანონის უზენაესობა მოსწონს, მცირედიც სიამოვნებს, იმედს აძლევს და მომავლის რწმენას უნერგავს. პენსიები რომ მართლა საარსებო მინიმუმს მაინც მიუახლოვდეს, სოციალური შემწეობები სამართლიანად გაიცეს, ოჯახიდან ერთი რომ მაინც დასაქმდეს (როგორც დაპირება იყო და არა ისე, ვინ ვისი მომხრეა), ჩვენი ხალხი იმდენად მომთმენი და მორჩილია, ერთხელ კიდევ მოითმენს და არაფერზე იწუწუნებს. ამდენ ნაჯაფ-ნაწამებ ხალხს, მოსვენებული სიბერე თუ მაინც ექნება, ერთი საყვედურიც არ წამოცდება, კიდევ ბევრ რამეს გაუძლებს და ყოველთვის იქ დადგება, სადაც საჭიროა. არჩევნებზე ამდენი ხვეწნა-მუდარაც (მადლობა ღმერთს, მუქარა აღარ ისმის ძველებურად) აღარავის დასჭირდება და ოპოზიციის ხმებიც საერთო ჯამში (რაც დამაფიქრებელია, ვისაც ფიქრის უნარი და სურვილი აქვს) მეტი აღარ იქნება. კანდიდატურებიც უკეთესი შეირჩევა და საქმეც უკეთესად გაკეთდება.
ფიქრის გორგალი თანდათან იშლება, მაგრამ აქ შევჩერდები. ყველა გამარჯვებულს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება. ეს არ არის ბოღმის გადმონთხევა, ნიშნის მოგება და შურისძიება, როგორც ზოგიერთს ჰგონია. დიდ წინაპარს უთქვამს: „შურისძიებას და ნიშნისმოგებას სუსტნი და უცოდინარნი მიმართავენო. არჩევნებში გამარჯვება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მოვალეობა და ოფლდენაა, თავგანწირვა და ღამისთევაა, ეს ტკივილია, ცრემლი და წუხილია, აზრთა ჭიდილი და გონიერების ბრძოლაა, შრომაა მუხლჩაუხრელი. დაე, მათი არჩევით ქვეყანა გვენახოს წელგამართული, ღიმილიანი, მზიანი, ხვავიანი და იმედიანი. ყველა მათი ნაბიჯი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ გადადგმულიყოს და მერე პრემიებიც აღარავის დაემადლება.
იზა ბუაჩიძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი