ექვსი თვეა, რაც მამა ფილიპე (აბაშიძემ) ხარაგაული დატოვა.  მას თან გაჰყვა მრავალრიცხოვანი ხარაგაულელი მრევლის ცრემლი. ამ ხნის მანძილზე მრევლი ცდილობდა, მონატრებული სულიერი მოძღვარი, შორეულ აჭარაში, ხულოში მოენახულებინა. სულთმოფენობის დღესასწაულზე მამა ფილიპეს მრევლის მცირე ნაწილმა ხულოსაკენ ავიღეთ გეზი. გზა ვრცელი და დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა დაღლილობა სრულიად დაგვავიწყა მოძღვრთან შეხვედრის ბედნიერებამ. „როგორ ვიქნები თქვენი და ხარაგაულს მონატრებული,“ – გვითხრა მამა ფილიპემ და თვალში მწუხარების სხივი გაუკრთა.

სულთმოფენობის საზეიმო წირვა სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე) აღავლინა. წირვას ადგილობრივი მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი ესწრებოდა. აღსანიშნავია მამაკაც მგალობელთა ჯგუფი, რომელიც შესანიშნავად ასრულებდა საეკლესიო საგალობლებს. წირვის შემდეგ მეუფემ ქადაგებაში მადლობა გადაუხადა ხარაგაულელ მრევლს მამაოს დაფასებისთვის. მეუფემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა ქრისტიანმა ლოცვა გავაძლიეროთ, რათა საქართველო დაიფაროს ღვთისმშობელმა, „საფრთხეები სულის წარწყმენდისა სულ უფრო იმატებს ცივილიზებულ სამყაროში“.

ხარაგაულელ მრევლს გვინდოდა, დიდხანს ვყოფილიყავით მამა ფილიპეს გვერდით.

მამაომ მოიკითხა მონატრებული მრევლი და თითოეული დალოცა. დავათვალიერეთ ის ტაძარი, სადაც მამა ფილიპე ყოველ დილას წირვას აღავლენს. წამოსვლის წინ მეუფე სპირიდონმა დაგვლოცა.

-მამა ფილიპე რომ ხარაგაულში მოვიდა, ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დადიოდა, – უთხრა ხარაგაულელმა ელზა მაღლაკელიძემ მეუფე სპირიდონს, – თხუთმეტწლიანი მოღვაწეობით მამა ფილიპემ შეძლო, რომ ხარაგაულის ეკლესიაში დღესასწაულებზე მრევლი ვეღარ ეტევა. მან დიდი სიყვარული დათესა ხარაგაულში.

მეუფე სპირიდონმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი მოძღვარი სჭირდება ახლა სხალთის ეპარქიას, რათა ადამიანები ტაძრისკენ შემობრუნდნენ. მეუფემ წამოსვლისას ხატებით დაგვასაჩუქრა.

წამოსვლისას მამა ფილიპემ აიაზმით დაგვლოცა და ცრემლმორეულებს თავადაც ცრემლით დაგვემშვიდობა.

უკან მომავალი გზა უფრო გრძელი, დამღლელი და სევდიანი გვეჩვენა. მაია დევდარიანმა აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის დაუვიწყარია, რადგან ინახულა უსაყვარლესი მოძღვარი.

მრევლმა პირობა დავდეთ, რომ კიდევ მოვინახულებთ მამა ფილიპეს.

თამთა გოგოლაძე