ორი ათეული წელია, ნადაბურის მოსახლეობა ექთნის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვს.

ნადაბურში ამბულატორიის აღდგენის ან ექთნის დანიშვნის მოთხოვნით, ნადაბურელებმა ბოლოს კოლექტიური წერილით 2018 წლის ნოემბერში მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, იმერეთის გუბერნატორს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, ხარაგაულის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. თუმცა, ნადაბურის მოსახლეობას ამ წერილზე დღემდე პასუხი არ მიუღია.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას კი სამინისტროდან ამ დრომდე გვპასუხობდნენ, რომ საკითხს, გადაწყვეტილების მისაღებად, იკვლევდნენ.

რა გადაწყვიტა სამინისტრომ ნადაბურში ამბულატორიის გახსნის ან ექთნის შტატის დამატებასთან დაკავშირებით, – ამ შეკითხვით ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარ სპეციალისტ ლელა წოწორიას დავუკავშირდით.

ქალბატონმა ლელამ გვიპასუხა, რომ „ვინაიდან „სოფლის ექიმის“ პროგრამა განსახორციელებლად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადაეცა, ამიტომ ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ნადაბურის მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნა ხელახლა უნდა გაუგზავნოს!

ნადაბურს, 10 კილომეტრით დაშორებული ხუნევის საექიმო ამბულატორია საჭირო მომსახურებას ვერ უწევს. ხუნევის ორდონიანი ამბულატორიის მომსახურების არეალში, ნადაბურის გარდა, დიდ ფართობზე განფენილი რთული რელიეფის თერთმეტი სოფელი შედის.

ამავე თემაზე
ნადაბურელები საექიმო ამბულატორიას ითხოვენ
ექთანი სოფელში – ნადაბურელების დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემა 
ნადაბური – სისხლსავსე უექთნო სოფელი ხარაგაულში