ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ნადაბური მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 53 კმ-ით, უახლოესი ქალაქ ხაშურიდან 25 კმ-ით, ხოლო უახლოესი – ხუნევის ამბულატორიიდან 10 კმ-ითაა დაშორებული.
ნადაბურში მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა ამბულატორია სამი შტატით (ახალშობილთა პატრონაჟი, ექთანი, სანიტარი). 90-იან წლებში ამბულატორია გაუქმდა და ამის შემდეგ, სოფელი ფაქტობრივად, პირველადი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა.
წლებია, ნადაბურის მოსახლეობა ამბულატორიის აღდგენას ან ექთნის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვს.
2018 წლის ნოემბერში ნადაბურის მოსახლეობამ ჯანდაცვის მინისტრს, იმერეთის გუბერნატორს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნადაბურში ამბულატორიის აღდგენის ან ექთნის დანიშვნის მოთხოვნით, კოლექტიური წერილით მიმართეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე ამბობს, რომ მოსახლეობას ამ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღია.
ნადაბურის თემში შედის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელი გოლისი, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებისგან, ფაქტობრივად, დაიცალა ცხოვრების ელემენტარული პირობების არარსებობის გამო.
სოფელი ნადაბური ხუნევის ორდონიან საექიმო ამბულატორიას მიეკუთვნება. ეს ამბულატორია, ნადაბურის გარდა, თერთმეტი სოფლის (ხუნევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა, ვერტყვილა, ბჟინევი, ხევი, გრიგალათი, წაქვა, ციცქიური, დიდი გოლისი, პატარა გოლისი) მაცხოვრებლებს უნდა მოემსახუროს.
ეს სოფლები რთული რელიეფისაა, დიდ ფართობზეა განფენილი და მოსახლეობა შორიშორ ცხოვრობს. ამის გამო, ხუნევის ამბულატორიის ექიმი ნადაბურში რეგულარულად მისვლას ვერ ახერხებს.
32 წელია, მარინა კიკაძე ნადაბურში ცხოვრობს და კარგად ახსოვს, მათ სოფელში ამბულატორია რომ ფუნქციონირებდა: „შვილებს სოფლიდან გაუსვლელად, ნადაბურის ამბულატორიაში ვცრიდით. ყველანაირ პირველად სამედიცინო მომსახურებას ადგილზე ვიღებდით. ახლა ამისთვის ხუნევში ან ხაშურში გვიწევს წასვლა“.
ნადაბურში უახლოესი, 20 კმ-ით დაშორებული (სოფ. ბორითი), სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურიდან სამედიცინო ბრიგადის მოსვლას 40-45 წთ. სჭირდება. იქაც ერთი ბრიგადა მორიგეობს, ხშირად სხვა სოფელშია გამოძახებაზე და ნადაბურელ ავადმყოფთან მოსასვლელად რამდენიმე საათი ესაჭიროება.
„ექიმის დანიშნულების შესასრულებლად (ინექციის გასაკეთებლად ან გადასხმებისთვის) სასწრაფოს ხომ ვერ გამოვუძახებთ. წამალი რომ გქონდეს, ექთნის დაუხმარებლად ვერ გაიკეთებ,“ – ამბობს ნადაბურელი ელგუჯა ხარაიშვილი.
ნადაბურელი გელა გელაშვილის მცირეწლოვან შვილებს ექიმის მომსახურება ხშირად სჭირდებათ. ამისთვის კი ხაშურში ან ბორითში წასვლა უწევთ. ეს ოჯახებისთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ნადაბურში მცხოვრები ლინა ჩინჩალაძე და მიმოზა სიჭინავა ამბობენ, რომ სოფელში ზაფხულში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის და ხშირად სჭირდებათ ექთნის მომსახურება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებსაც.
ნადაბურში სკოლა და საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა პატარა ბავშვიანი ოჯახები და ოჯახში მარტოდ დარჩენილი მოხუცებულები არიან. მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას კი, უფულობის გამო, ექიმთან წასვლის საშუალება არ აქვს. საჭიროებისას პირველად სამედიცინო გადაუდებელ დახმარებას ერთმანეთს მეზობლები უწევენ, რაც ზოგჯერ არასწორადაც კი ხდება.
ნადაბურის ყოფილი ამბულატორიის ორი ოთახი მოვლილი და მოწესრიგებულია.
სოფელში ცხოვრობს ექთანი, რომელიც გადამზადებისა და დანიშვნის შემთხვევაში, სოფლის მოსახლეობას სისტემატურად მოემსახურება.
ხუნევის ამბულატორიის ექთანი ლალი ნოზაძე წითელას არაგეგმიური აცრებისთვის ნადაბურში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ორჯერ საკუთარი ხარჯებით ავიდა. „მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს. მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ყველამ იცის ჩემი საკონტაქტო ნომერი და მიკავშირდებიან. ბავშვები კი, ასაცრელად, ნადაბურიდანაც და გოლისიდანაც, ხუნევის ამბულატორიაში ჩამოჰყავთ“, – ამბობს ლალი ნოზაძე.
„ჩვენს ქვეყანაში ამბულატორიების მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება, – ამბობს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, – ხარაგაულში რამდენიმე სოფელი, მათ შორის ნადაბური, საჭიროებს ახალ, კეთილმოწყობილ ამბულატორიას თავისი ექიმითა და ექთნით. ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი, სხვა სოფლებთან შედარებით, ნადაბურში უფრო მალე მოგვარდეს“.
ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ ნადაბურში საექიმო ამბულატორიის ასამოქმედებლად, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, მერიამ რამდენჯერმე მიმართა.
„ნადაბურში ჩვენ ვითხოვთ ექიმსაც და ექთანსაც, მაგრამ ექთნის შტატიც რომ დაუშვან, ამ ეტაპზე მაინც კმაყოფილები ვიქნებით. ნადაბურში ამბულატორიისათვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რომ დაიწყება, მერე ვიზრუნებთ ექთნის შტატის დაშვებაზე, – ამბობს ნანა კიკნაძე.
ხარაგაულის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი კი ამბობს, რომ ნადაბურში ჯერ საექიმო ამბულატორიის გახსნის ან ექთნის შტატის დაშვების საკითხია გადასაწყვეტი და ამის შემდეგ აშენდება ამბულატორია.
„საკრებულომ მოვითხოვეთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიღებული 104 ათასი ლარი ნადაბურის, ფარცხნალის, ვახანისა და წყალაფორეთის ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობას მოხმარებოდა, – აცხადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – მერიამ ამ ჩამონათვალიდან ნადაბური ამოიღო და მის მაგივრად ხიდარი ჩასვა. ნადაბურში ამბულატორიისთვის ორი ოთახია გამოყოფილი და მის რეაბილიტაციას 10-15 ათასი ლარიც ეყოფა. 104 ათასი ლარი ხუთივე ამბულატორიისთვის საკმარისი იქნებოდა. მერიას დამატებით მივმართე წერილით, რომ ჩამონათვალში ნადაბური ისევ ჩაესვათ, მაგრამ მერის პირველმა მოადგილემ არჩილ მაღრაძემ, თანამდებობიდან წასვლამდე ორი დღით ადრე მითხრა, წერილი გუბერნიას გადავეცითო. წერილი გაიგზავნა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. ნადაბურში ექთნის შტატის დამატებაზე რამდენიმე დღის წინ ზესტაფონში შეხვედრაზე მყოფ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ვესაუბრე. მან ეს თემა მოინიშნა და შემპირდა, რომ საკითხის მოგვარებაზე იზრუნებს“.
ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, სოფელ ნადაბურში პირველადი სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად მუშაობა დაწყებულია.
„სამინისტროს შესაბამისი უწყებები იკვლევენ, ხუნევის ამბულატორიაში ნადაბურისთვის ექთნის შტატი დაემატება თუ ნადაბურში ახალი ამბულატორია გაიხსნება, – ამბობს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი სალომე გოგინაშვილი, – თუმცა, ვერ გეტყვით, ეს საკითხი კონკრეტულად რამდენ ხანში მოგვარდება“.
რედაქცია ნადაბურელთა პირველადი სამედიცინო მომსახურების პრობლემას მის სრულ მოგვარებამდე გააშუქებს.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი