ნადაბურის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემის – მოუწესრიგებელი ცენტრალური სასოფლო გზის – მოგვარება უკვე დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო ორგანიზაციამ შპს „საპოვნელა +“ (დირექტორი ამირან სირაძე), მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნადაბურის გზის რეაბილიტაცია 2018 წლის 23 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს. ამ გზის მშენებლობაზე კი 578 498 ლარი გაიხარჯება.
ამავე სამშენებლო ორგანიზაციამ ხარაგაულში 2016 წელს უბისა-ღორეშის დამაკავშირებელი და ბაზალეთი-ღარიხევის გზები აღადგინა, ხოლო 2017 წელს – ღვერკსა და ხემაღალში ბეტონის გზები დააგო, საყდენი კედლები გააკეთა.
ნადაბურის გზის მშენებელმა ორგანიზაციამ წელსვე, – 26 ივლისამდე ბორის სასოფლო გზა, 13 აგვისტომდე – ღარიხევში დეკანოსიძეების უბნისა და ქროლის სასოფლო გზები, 15 სექტემბრამდე ზედა ლაშისა და უჩამეთის, 24 სექტემბრამდე – ხუნევში კალოსუბნისა და გრიგალათში სასოფლო გზები უნდა დააგოს.
სამი ვაჟი ჰყავს ნადაბურის საჯარო სკოლის მასწავლებელ მერი არევაძეს, – ერთი დაქორწინებული, ორი – საქორწინო. შვილების დღემდე დაუოჯახებლობის ერთ-ერთ მიზეზად ქალბატონ მერის ისიც მიაჩნია, რომ დღევანდელ გოგონებს სოფელში ოჯახის შექმნას ქალაქის კომფორტი ურჩევნიათ.
-ნადაბურში რომ ბუნებრივი გაზი და კარგი გზა იყოს, მოქმედი სოფელია. მიგრაცია ეტყობა, თუმცა ძალიან გვიწყობს ხელს ის, რომ სოფელში სკოლა გვაქვს და საბავშვო ბაღიც გაიხსნა. ახალგაზრდები თუ ნადაბურში ცხოვრებას მოინდომებენ, რა ჯობია აქ ყოფნას, – ჰაერი კარგია. თუ შრომა არ დაგეზარება, ყველაფერს მოიპოვებ. ახლა ჩემი შვილი საკუთარი ძალებით ფერმის მოწყობას აპირებს, რომ შემდეგ მეურნეობა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით განავითაროს.
ნადაბურში მეფუტკრეობის, მესიმინდეობის, მეღორეობის, მეცხოველეობის განვითარება შეიძლება.
მით უფრო, რომ სოფლიდან წასული თანასოფლელების ნაკვეთები დაუმუშავებელია და მიტოვებული ყანებით ბევრი საძოვარი გაჩნდა.
ვისაც სოციალური დახმარება აქვს, მიწა რომ დაამუშავა, დახმარებას უხსნიან. გაჭირვებულმა, პატარა შვილებიანმა ოჯახებმა სოციალური დახმარებაც რომ მიიღონ და მიწაც დაამუშაონ, რა დაშავდება.
მთის ჰაერზე გაზრდილი, კულტურული, ზრდილობიანი, ულამაზესი და უნიჭიერესი ბავშვები გვყავს ნადაბურში. მათ ნიჭსა და უნარებს განვითარება სჭირდება წრეებით, – ცეკვის წრე იქნება თუ სპორტის რომელიმე სახეობის.
ჩემს მეორეკლასელ მოსწავლეს ლუკა გელაშვილს სპორტის გაკვეთილებზე შაში შევასწავლე. მანამდე კომპიუტერიდან სწავლობდა სვლებს. ისე კარგად აითვისა, რომ სასკოლო ჩემპიონატში უფროსკლასელებსაც კი მოუგო.
ნადაბურში გზის მშენებლობა იწყება და ეს ჩვენ ძალიან გვიხარია.
-ნადაბურში ახალგაზრდა ოჯახები რომ დამაგრდნენ, სამუშაო უნდა ჰქონდეთ, – ამბობს ელგუჯა ხარაიშვილი, – ჩვენს სოფელში ერთ-ორი სამსახურია და იქაც სხვა სოფლებიდან მოსულები მუშაობენ. ნადაბურელი რომ დასაქმდეს, – სატყეო იქნება, დაცვა თუ დასუფთავება, – ერთ ოჯახს ხომ მაინც გაუჩნდება მუდმივი შემოსავალი. ნადაბურში ბევრი ახალგაზრდა ოჯახია, მაგრამ სეზონურად სამუშაოდ თურქეთში მიდიან.
ელგუჯა ხარაიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს იცნობს, თუმცა ამბობს, რომ ნადაბურელ ახალგაზრდებს ამ პროგრამებში ჩასართავად საჭირო თანადაფინანსების შესაძლებლობა არ აქვთ. კენკროვანი კულტურების (მაყვალი, მალინა) და თხილის გასაშენებლად ფართობის შემოღობვაა საჭირო. შემოსაღობი ხის მასალის მოპოვების ნებართვას არავინ იძლევა, გამზადებული შესაღობი მასალის შესაძენად კი თანხაა საჭირო.
ელგუჯა ხარაიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა სცადა, თუმცა პროგრამით ფართობის შემოღობვა არ ფინანსდება. თანაც ნერგები ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებული უნდა იყოს, რომ შრომამ შედეგი გამოიღოს. „თურქეთიდან შემოტანილი ნერგი ნადაბურში რამდენად გაიხარებს?“ – კითხულობს ელგუჯა ხარაიშვილი.
ოთხი შვილის დედა, ნადაბურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მიმოზა სიჭინავა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც ნადაბურში საბავშვო ბაღი ააშენა და ამისთვის თუნდაც მცირე წვლილი გაიღო. ის გახარებულია, რომ მისი უმცროსი, 4 წლის, შვილი სკოლაში ბაღგავლილი და კარგად მომზადებული შევა. საბავშვო ბაღი სოფელში ახალგაზრდა ოჯახების დამაგრების შესაძლებლობაა.
-წელს პირველ კლასში მივიღეთ მოსწავლე, რომელიც სამი წელი ხაშურის ბაღში დადიოდა. ნადაბურში რომ ყოფილიყო საბავშვო ბაღი, მშობელი იმ ბავშვს ხაშურში ხომ არ წაიყვანდა, მით უფრო, რომ ოჯახს იყო მოწყვეტილი. მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებდა მშობელი ხაშურში ჩასვლას, ბავშვი რომ მოესიყვარულებინა.
ძალიან კარგი თანამშრომლებით დაკომპლექტდა ჩვენი საბავშვო ბაღი. ნამდვილად საუკეთესო გუნდი შეირჩა. ისე არიან მობილიზებულნი, რომ უსიტყვოდ ხვდებიან ერთმანეთის სათქმელსა და თავიანთ გასაკეთებელს. ბავშვები ძალიან უყვართ და მუხლჩაუხრელად შრომობენ. ბაღგამოვლილ ბავშვებს რომ სკოლაში მივიღებთ, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება შედეგი.
წელს პირველ კლასში ალტერნატიულ ჯგუფში ნამეცადინები ბავშვები მივიღეთ. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, თუმცა ოჯახიდან მოსულებს ბევრად ჯობიან. ბაღში ბავშვი რეჟიმს ეჩვევა და სკოლისთვის კარგად ემზადება.
მიმოზა სიჭინავა ამბობს, რომ „ნადაბურელ ახალგაზრდებს სოფელში გართობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. 22 წელია, ნადაბურში ვცხოვრობ. ყოველ წელს სტადიონზეა საუბარი. ამ ბავშვებს ერთი კარგი სტადიონი სჭირდებათ. მხატვრული წრეები უნდა გაიხსნას, კლუბში კინო და კონცერტი უნდა ტარდებოდეს. კულტურულ ღონისძიებებს ახალგაზრდა წყვილები დაესწრებიან.
ირინე ჩხეიძის თოჯინების თეატრი გვესტუმრა და უფასოდ გვიჩვენეს სპექტაკლი. დიდად მადლობელნი ვართ, მაგრამ თანხაზე არაა საუბარი, – დაწესდეს რეალური თანხა და გადავიხდით, იმდენად მონდომებულები ვართ და გვინდა თეატრისა და კულტურული ღონისძიებების მოსმენა. ბავშვები ხაშურში დაგვყავდა თეატრის სანახავად და ტრანსპორტირება ძალიან გვიჭირდა.
ნადაბურში მხატვრული და სპორტული წრეების ფუნქციონირების აუცილებლობაზე საუბრობენ მოსწავლეები მარიამ, მაიკო და თემურ გელაშვილები და ცეკვის, ხატვის, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის, სიმღერის შემსწავლელი წრეების ამოქმედებას ითხოვენ.
-ბავშვებს ნიჭი აქვთ, – ამბობენ ისინი, – მაგრამ ვერ ავლენენ და არც გამოყენების საშუალება აქვთ. წრეები რომ ფუნქციონირებდეს, ნადაბურში ცხოვრება უფრო კარგი და საინტერესო იქნება.
მაიკო გელაშვილი: -სხვაგან რომ მივდივართ სპორტულ შეჯიბრებებზე, ჩვენი ბავშვები მაინც ძლიერები არიან, რადგან სოფელში ვიზრდებით. თუმცა, სპორტული მოედანი რომ გვქონდეს, უმაღლესი შედეგები გვექნება.
მარიამ გელაშვილი: -ჩვენთან მძლეოსნობის ჯგუფია გახსნილი და პირველ ადგილზე კალათბურთს ვაყენებთ, მაგრამ ისეთი მოედანი გვაქვს, რომ ვარჯიში გვიჭირს. მოედანი რომ გვქონდეს, ჩვენთანაც შევძლებდით სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას.
თემურ გელაშვილი: -თავისუფალ დროს ბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ფარები არ გვივარგა. სკოლაში სპორტული დარბაზი და მოედანი გვინდა რომ გვქონდეს.
უფროსკლასელ ეკა გელაშვილს ნადაბურის წმინდა თევდორეს ეკლესიის ამოქმედება სურს, კვირაში თუნდაც ერთხელ რომ ჩატარდეს წირვა-ლოცვა.
ნადაბურელთა უპირველეს პრობლემად უგზოობას მიიჩნევს გიორგი შუბითიძე და მოხარულია, რომ სოფლის ცენტრალური გზის მშენებლობა უკვე იწყება. დასაქმების ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნაა აუცილებელი, – ამბობს ის, – პრობლემაა სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა. კაცი სოფელში ცხოვრობდე და ეზო ვერ შეღობო, ცოტა უხერხულია. ყველას არ აქვს შესაღობი მასალის შეძენის, იატაკზე მეტლახისა და კაფელის დაგების ფინანსური შესაძლებლობა. უკეთესია, ხის მასალის მოპოვების ნებართვას თუ მოგვცემენ საბუთით.
-გზა რომ დაიგება და უბნებთან დამაკავშირებელი ხიდები გაკეთდება, ზაფხულში დამსვენებელიც მეტი ჩამოვა ნადაბურში და ადგილობრივებიც სოფლიდან წასვლას აღარ მოინდომებენ, – ამბობს ლინა ჩინჩალაძე, – უგზოობა ყველაზე დიდი საშინელებაა. ჩემი ძმები ჩემთან ხშირად ვერ მოდიან, რადგან ამ გზაზე ავტომანქანას აფუჭებენ, გზა აუცილებელია ჩვენი სოფლისთვის. მგონი, წელს გააკეთებენ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამის.
ნადაბურის სასოფლო გზისა და ძველი, მოსახლეობისათვის სახიფათო, ხიდების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს გელა გელაშვილიც და ამბობს, რომ სოფელში სამუშაო ადგილების შექმნა აუცილებელია, ახალგაზრდებმა სოფელი რომ არ დატოვონ. დასაქმების გარდა, ახალგაზრდებს გართობის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ.
ნადაბურის საბავშვო ბაღში ამჟამად ოცი აღსაზრდელია. ბაღის გამგე მარიამ ქველაძე ამბობს, რომ სექტემბერში მინიმუმ 25 აღსაზრდელი ეყოლებათ.
კვირაში ერთხელ ნადაბურში „ხარაგაულდასუფთავების“ მანქანა მიდის და სოფელში განთავსებული ურნებიდან ნაგავი გააქვს. თუმცა ნარგვის ურნები არასაკმარისია და მოსახლეობა მის დამატებას ითხოვს.
ნადაბურში, რასაც ყველა ითხოვს და ყველას სჭირდება, ეს სამედიცინო პუნქტია, – ამბობს მარინა კიკაძე, – ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა. ახლა გზაც კეთდება და ალბათ ჩვენს სოფელს დაცლა აღარ ემუქრება. კარგი იქნება, სოფელში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა თუ გაიზრდება.
ჩვენდა საბედნიეროდ, გზის პრობლემა გადაჭრილია, – ამბობს ნადაბურის დეპუტატი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დოდო ხაჩიძე, – უახლოეს დღეებში სამუშაოები ინტენსიურად დაიწყება. იმდენად არარეალურად ეჩვენებოდათ ადამიანებს ამ გზის აღდგენა, რომ დღემდე არ სჯერათ და – მართლა იწყებენ? – მეკითხებიან. მეორე დიდი პრობლემაა მდინარის საყრდენი კედელი სკოლასთან.
მე და სოფლის რწმუნებულმა ზურაბ შუბითიძემ შევიმუშავეთ, მერიასა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძეს მივაწოდეთ პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული პრობლემების ჩამონათვალი.
წელს ორი დიდი საკითხის მოგვარება გვაქვს განსაზღვრული – სასოფლო გზის დაგება და საყრდენი კედელის მოწყობა. ასევე წელსაა დაგეგმილი გასული წლის ოქტომბერში სტიქიით დაზიანებული ხიდების აღდგენა. მცირე გამავლობის ორი სამანქანე ხიდია გასაკეთებელი ძამულისა და ბღვერიების უბნებში. ძამულის უბნიდან მოსწავლეები დადიან. დაზიანებულ ხიდზე, ფაქტობრივად, გავლა იყო შეუძლებელი. სოფლის მოსახლეობის ძალებით შევაკეთეთ, ბავშვებს რომ შეძლებოდათ სიარული. ახლა რომ წყალი მოვარდა, კინაღამ წაიღო ხიდი. ძამულის უბანშია სოფლის ერთადერთი სალოცავი, წმინდა თევდორეს ეკლესია და ასევე ორი უბნის დიდი სასაფლაო.
მეორე დაზიანებული ხიდი ბღვერიების უბანშია – ამაზე ინფორმირებულია მერია. ეს არის საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი უმოკლესი გზა და აუცილებელია მცირე გამავლობის ამ სამანქანე ხიდის აღდგენა.
ძალიან გვინდა, რომ სტიქიით დაზარალებული ობიექტების აღდგენის ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოვაგვაროთ ამ ხიდების პრობლემა. დიდი იმედი გვაქვს მერიის თანადგომის, რომ გაისად ეს ორი პროექტი განხორციელდება.
შემდეგ ეტაპზე უკვე ვფიქრობთ სოფლის ცენტრში განათების მოწყობასა და კლუბის ფუნქციონირების აღდგენაზე.
ამ ზაფხულს სტუდენტი თამარ ტაბატაძე ნადაბურში პროექტის „კინო სოფელში“ განხორციელებას აპირებს და მხარდაჭერას დავპირდი, – ამბობს ნადაბურის დეპუტატი დოდო ხაჩიძე, – მოსახლეობას სურს, რომ კლასიკური ფილმების კინოჩვენებები მოეწყოს. ვფიქრობ, ახალგაზრდებს დააინტერესებს ეს პროექტი. ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებისთვის სასურველი გარემო შევქმნათ.
ნადაბურის საჯარო სკოლის კონტინგენტი 3-4 წელიწადში 92 მოსწავლიდან 65 მოსწავლემდე შემცირდა. ძალიან ვცდილობთ სკოლაში კონტინგენტისა და სოფელში – ახალგაზრდების შენარჩუნებას. ამისთვის გარკვეული პირობების შექმნაა საჭირო. საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა ოჯახი სოფელში დაბრუნდა.
სოფლის რწმუნებულთან ერთად პერიოდულად ვხვდებით მოსახლეობას, რომ ანგარიში ჩავაბაროთ და პრობლემები მოვისმინოთ. ძამულის უბნის მოსახლეობას სასაფლაოს შემოღობვა სურს. დიდ ფართობზეა სასაფლაო და საკუთარი ძალებით ვერ აკეთებენ. დავპირდით დახმარებას, იქნებ როგორღაც ეს პრობლემაც გადავწყვიტოთ.
ძალიან ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, რომ ნადაბური ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი იყოს. მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ნიკო თოფურიძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩემს მოსახლეობას გამოუცხადა, რომ კლდესავით დავუდგები ქალბატონ დოდოს გვერდითო. დიდი იმედი მაქვს, ბატონი ნიკო ამ სიტყვებს გაამართლებს ჩვენი სოფლის გასაძლიერებლად.
ნადაბურელთა ერთ-ერთი დიდი პრობლემა პირველადი სამედიცინო მომსახურების შეზღუდული ხელმისაწვდომობაა. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ნადაბურში სამედიცინო ამბულატორია ფუნქციონირებდა ორი ექთნითა და სანიტრით. ნადაბური 8-10 კილომეტრითაა დაშორებული ცენტრალურ საავტომობილო გზას. უახლოეს ამბულატორიამდე კი გაცილებით შორია.
ნადაბურელები, წლებია, ითხოვენ სოფელში ექთნის შტატის დაშვებას და პერიოდულად – ამბულატორიის ექიმის ნადაბურამდე ტრანსპორტირების დაფინანსებას.
-ჩვენ გვემსახურება ხუნევის ამბულატორიის ექიმი თემურ შუბითიძე, რომელიც არის უაღრესად კეთილი, პატიოსანი კაცი, კარგი ადამიანი და არ ეზარება ჩვენი მომსახურება, – ამბობს ნადაბურის რწმუნებული ზურაბ შუბითიძე, – მაგრამ ამბულატორიამდე შორია და ვერ მიდის მოსახლეობა.
შესაძლებელია, რომ ხუნევის ამბულატორიის ექიმი თემურ შუბითიძე სოფელში კვირაში ერთხელ მოვიყვანოთ, მაგრამ ესეც არაა საკმარისი, თუ სოფელში ექთანი არ იქნა. ხშირად ექიმის დანიშნულების შესასრულებლად, – ნემსის გაკეთება იქნება ეს თუ გადასხმა, ადგილზე გვჭირდება ექთანი. კმაყოფილი ვართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებით, მაგრამ სასწრაფოს ყველა შემთხვევაში ვერ გამოიძახებ. ნადაბურში ექთანი მუდმივად უნდა მუშაობდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ნიკო თოფურიძე ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩართულია. გაგზავნილი გვაქვს წერილი ჯანდაცვის სამინისტროში. ჯერჯერობით, პასუხი არ ჩანს და ველოდებით, როგორ გადაგვიწყვეტენ ამ საკითხს.
ლაურა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.