ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საექიმო ამბულატორია გასული საუკუნის 90-იან წლებამდე სამი საშტატო ერთეულით ფუნქციონირებდა. ამბულატორიის გაუქმების შემდეგ სოფელი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა.
ხუნევის საექიმო ამბულატორია, რომელიც ამ სოფელსაც უნდა მოემსახუროს, ნადაბურიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლის მოსახლეობას ამ მანძილზე გადაადგილება უჭირს.
ნადაბურელები სოფელში სამედიცინო მომსახურების აღდგენას, წლებია, უშედეგოდ ითხოვენ.
ნადაბურის მოსახლეობამ გასული წლის ნოემბერში, ამ სოფელში ამბულატორიის აღდგენის ან ექთნის დანიშვნის მოთხოვნით, წერილობით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, იმერეთის გუბერნატორს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. ნადაბურელებს დღემდე პასუხი არსაიდან მიუღიათ.
„ბორითის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ჩვენს სოფლამდე მოსასვლელად, 45 წუთი სჭირდება, – ამბობს ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე, – ბორითში ერთი ბრიგადა მუშაობს, დიდ ტერიტორიას ემსახურება, ხშირად გამოძახებაზეა და ჩვენამდე მოსასვლელად გაცილებით მეტ დროს ანდომებს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ხშირად სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადისთვის გზაში შეგვიხვედრებია“.
„ნადაბურში გასულ საუკუნეში საექიმო ამბულატორია გვემსახურებოდა, – ამბობს ნადაბურელი მალხაზ გელაშვილი, – ახლაც გვჭირდება პირველადი სამედიცინო მომსახურება, – ნადაბურში ახლახან კრაზანის ნაკბენით 65 წლის თანასოფლელი გარდაიცვალა. დროული კვალიფიციური დახმარებით, შესაძლოა, სიკვდილს გადარჩენილიყო“.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სიტყვიერად მეუბნებიან და მაიმედებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება“, – ამბობს ნადაბურის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ზურაბ შუბითიძე.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე კი ამბობს: „ნადაბურში ამბულატორიის ასაშენებლად ტერიტორიას ვარჩევთ. ამბულატორიის აშენების მოთხოვნით ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე მივმართეთ. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ნადაბურისთვის ექთნის შტატი გამოიყოს“.
„სახელმწიფოსთვის ძალიან აქტუალური თემაა ამბულატორიების მშენებლობა და სამედიცინო მომსახურების გაფართოება, განსაკუთრებით ისეთ სოფლებში, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა. თუმცა, კონკრეტულად, ნადაბურში ექთნის შტატის დანიშვნა სამინისტროში ჯერჯერობით არ განხილულა. იმედი მაქვს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“, – ამბობს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.
ნადაბურში ექთნის შტატის დაშვების ან ამბულატორიის გახსნის საკითხის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით.
ლელა წოწორია, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპერტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
– მიმდინარე წელს სოფლის ამბულატორიებისა და სოფლის ექიმის საქმიანობაში ცვლილებები იგეგმება. სოფლის ამბულატორიების სამოქმედო გეოგრაფიული არეალები შეფასდება და სოფლის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგები გადაიხედება. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს დავამატებთ.
თქვენგან მოწოდებული ინფორმაციით, ნადაბურში ექთნის საჭიროებას დავასაბუთებ და სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვაცნობებ. ეს საკითხი აუცილებლად დადებითად გადაწყდება“, – ამბობს ლელა წოწორია.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: ნადაბურის ადმინისტრაციული შენობა, სადაც, რამდენიმე წლის წინ, ექთნის დანიშვნის მოლოდინში ორი ოთახი უშედეგოდ გარემონტდა.
სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი