ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება 2011 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილია. რა ბედი ელის ამ ბიბლიოთეკების წიგნად ფონდს და საერთოდ რატომ გაუქმდა სოფლის ბიბლიოთეკები, დღემდე გაურკვეველია და ბუნდოვანი.ეს საკითხი ჯერ კიდევ 7 მარტს დასვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ. „გავეცანი რა გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ სასოფლო ბიბლიოთეკების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბიბლიოთეკებს ერთი ხელის მოსმით აუქმებთ. არ გაქვთ გადაწყვეტილი, სად, ვის დაქვემდებარებასა და პასუხისმგებლობაში გადადის წიგნადი ფონდი, ან რა კრიტერიუმებით შეირჩა ის სამი სასოფლო ბიბლიოთეკა (ვერტყვიჭალის, მოლითის, ლაშის), რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ,“ – მიმართა კოლეგებს რუსუდან გურგენიძემ.
ბიბლიოთეკების გაუქმებიდან ექვსი თვე გავიდა და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერაც არაა მიღებული.
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი სასოფლო ბიბლიოთეკების გაუქმების მიზეზად იმას ასახელებს, რომ თურმე არ მუშაობდნენ სასოფლო ბიბლიოთეკები.
„ჩავატარეთ მონიტორინგი. არც ერთი ბიბლიოთეკა არ მუშაობდა. არ შედის მკითხველი,“ – გვითხრა აკაკი მაჭავარიანმა.
როცა ამ მონიტორინგის შედეგების გაცნობა მოვთხოვეთ, აღმოჩნდა, რომ მონიტორინგის შედეგები დოკუმენტალურად დაფიქსირებული არ არის.
„ჩვენ რომ დაგვედო შემოწმების ოქმები, ასეთი მონიტორინგი არ გვქონია,“ -ამბობს აკაკი მაჭავარიანი.
საკრებულოს თავმჯდომარემ ვერც სასოფლო ბიბლიოთეკების მონიტორინგის კომისიის წევრთა სია მოგვაწოდა.
„კომისიაში შედიოდნენ როგორც საკრებულოს წევრები, ასევე გამგეობის წევრები, – ამბობს აკაკი მაჭავარიანი, – დავალებებს ღებულობდნენ პირდაპირ. ან ბრძანება დაგვეწერა ამაზე, ან განკარგულება, ასეთი რამ არ ყოფილა. მონიტორინგის დაწერილი ვარიანტი არ არის.
იქ, სადაც სასოფლო ბიბლიოთეკა ახლოსაა სკოლასთან, უნდა შევურწყათ სკოლის ბიბლიოთეკას, ჯერჯერობით. წიგნები იქნება დაცული. ვფიქრობთ, რომ ხელშეკრულება დავუდოთ ისევ იმ ბიბლიოთეკარებს, რომ მოუარონ ამ წიგნებს.
ახლაც დაძახებული გვყავს რესურსცენტრის უფროსი გია არევაძე იმის დასადგენად, რომელი სკოლები და ბიბლიოთეკები უახლოვდება ერთიმეორეს. ვფიქრობთ, ორ კვირაში, გადავწყვეტთ ამ საკითხს.“
თუ წიგნადი ფონდი სკოლებს უნდა გადაეცეს, გაუგებარია, როგორ დაეკისრებათ ზედამხედველობა „ისევ იმ ბიბლიოთეკარებს.“
სასოფლო ბიბლოთეკების წიგნადი ფონდი არის მუნიციპალური საკუთრება. წიგნადი ფონდის განათლების სამინისტროს ბალანსზე გადაცემის მიზანშეწონილობაზე ეჭვი ჯერ კიდევ 7 მარტის სხდომაზე გამოთქვეს დეპუტატმა რომან შერგელაშვილმაგამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა გულნარა ტოროშელიძემდა საკრებულოს აპარატის უფროსმა ლენა კალანდაძემ.
-ბიბლიოთეკის დანიშნულებაა, რომ იქ მივიდეს ადამიანი წიგნის ასარჩევად. სკოლაში რამდენად ივლის ყველა მკითხველი. თუ სკოლას შესანახად უნდა გადასცეთ წიგნები, შენახვა შეიძლება არქივშიც, – ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ.
სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი რომ სკოლებს არ გადაეცემათ, ამას საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ჭიპაშვილი გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ 20 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს.
ვერც ერთი სკოლის დირექტორი რომ ახალ ქონებას საკუთარი ინიციატივით ვერ მიიღებს და ამაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობაა აუცილებელი, – ამის თაობაზე რესურსცენტრის უფროსმა გია არევაძემ ჯერ კიდევ 7 მარტს ჩააყენა საკრებულოს თავმჯდომარე საქმის კურსში.
მას შემდეგ ოთხი თვე გავიდა. საკრებულოს განათლების სამინისტროსთვის არ მიუმართავს.
სოფლის ბიბლიოთეკების მონიტორინგის შესახებ ა(ა)იპ-ი ხარაგაულის ცენტრალური საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორს ნანა ლურსმანაშვილს საერთოდ არაფერი სმენია და ამბობს, რომ ბიბლიოთეკების გაუქმება და შტატების შემცირება ფინანსებთანაა დაკავშირებული.
„არ იყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობა. ბიუჯეტი შეგვიმცირდა. წელიწადში 26 ათასი ლარი იყო საჭირო სასოფლო ბიბლიოთეკების ფუნქციონირებისათვის.
მე ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ვერაფერს გადავწყვეტ. სოფლებში ბიბლიოთეკები რომ საჭიროა, ეს ვინ არ იცის. ეს ადგილობრივ ხელისუფლებაშიც კარგად იციან.
გამგეობიდან ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილია წერილი. ველოდებით კონკრეტულ მითითებას – დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ვიმოძრავებთ. ზემოდან თუ არ გვექნა დოკუმენტი და მითითებები, როგორ მოვიქცეთ, ლიკვიდაციის პროცესი ვერ მიდის.“
მას შემდეგ, რაც ნანა ლურსმანაშვილს ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი დოკუმენტის ასლი მოვთხოვეთ, მან დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებიდან სამინისტროში ასეთი დოკუმენტი არ გაგზავნილა.
ა(ა)იპ-ი ხარაგაულის ცენტრალური საბიბლიოთეკო სისტემა საკრებულოსგან დაფუძნებულია, მაგრამ რადგან ნანა ლურსმანაშვილი ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის გამგებელ თორნიკე ავალიშვილს ახსენებდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მასაც დავუკავშირდით.

თორნიკე ავალიშვილი: -ისეთი ფორმა უნდა გამოვნახოთ, რომ ამ წიგნებზე იყოს ზედამხედველობა. სოფლის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი არ უნდა დაიკარგოს.
როგორ წარმოგიდგენიათზედამხედველი ვინ უნდა იყოს?
-ამაზე ჯერ პასუხს ვერ გაგცემ. შევჯერდები და შემიძლია შემდეგ გაგცეთ პასუხი.
საერთოდრატომ გაუქმდა სოფლის ბიბლიოთეკები?
-ბიბლიოთეკის დირექტორის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა.
რატომ დაწერა ბიბლიოთეკის დირექტორმა სოფლების ბიბლიოთეკების გაქმების ბრძანებები?
-ამაზე თვითონ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიპასუხებთ.
ბიბლიოთეკის დირექტორი ამბობსრომ ფინანსების უკმარისობის გამო გაუქმდა.
-ასე გითხრათ, რომ ფინანსების უკმარისობის გამო გაუქმდაო?

ალბათ… არ ვიცი, ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით…

ლაურა გოგოლაძე