ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტის 2020 წლის პროექტის შესახებ გამოთქმულ შენიშვნებზე კანონით დადგენილ ვადაში უპასუხა.
საკრებულოს ამ შენიშვნებზე მერიის პოზიციასა და პასუხებს უცვლელად და კომენტარების გარეშე გთავაზობთ.
- ვიზიარებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების შენიშვნებს. მათ შორის პირველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი არ არის სრულად პროგრამული.
იმის გამო, რომ ეს არის პირველი წელი, როდესაც მუნიციპალიტეტები მასიურად გადადიან პროგრამული დაფინანსების წესზე და ეს არის გარდამავალი ეტაპი, რომელიც ვერ დასრულდება ერთ-ორ წელიწადში, რადგან არ არსებობს სათანადო გამოცდილება. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე არ მტკიცდება პროგრამული ბიუჯეტის დანართი და არ მიეცემა კანონის იურიდიული ძალა. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის გარემოება, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საწყის ეტაპზე საკმაოდ რთული იქნება მოსალოდნელი შედეგების და შეფასების ინდიკატორების სწორად განსაზღვრა. დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს ზოგიერთი პროგრამის, ან ქვეპროგრამის განმახორციელებელის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტად არ განიხილება. საწყის ეტაპზე პასუხისმგებლობის დაკისრება ხელს შეუშლის პროგრამული ბიუჯეტის სისტემის შემდგომ განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების საკანონმდებლო დონეზე აყვანა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, მაშინ როდესაც პროგრამების და ქვეპროგრამების განმახორციელებლებს ექნებათ სათანადო გამოცდილება და პროგრამის მართვის პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში, მ. შ. ჩვენი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ჯერჯერობით, სწორედ სრულად არაპროგრამულობისა პროგრამული ბიუჯეტის დანართი არ დამტკიცდება და არ ექნება კანონის ძალა, მას მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ძირითადი აქცენტი სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე იქნება გადატანილი.
- რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოთქმულ შენიშვნებს, 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯებში სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების გაზრდის თაობაზე, გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხარაგაულისათვის გამოყოფილი 2020 წლის დღგ-ს გეგმა გაიზარდა 82,5 ათასი ლარით. ასევე იმის გამო, რომ არ არსებობს მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის სხვა რესურსი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მიეცა შესაძლებლობა, გამოიყენოს 2020 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან წინასწარ 141,5 ათასი ლარი. ამ ჩამოთვლილი რესურსების გამო, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი იზრდება 224,0 ათასი ლარით.
- სალოტბარო სკოლის დაფინანსების გაზრდაზე გაცნობებთ, რომ გასულ წელს სალოტბარო სკოლა სამი შტატით გადაეცა საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს. სახელფასო ფონდი სრულად არის დაგეგმილი 2020 წლის ბიუჯეტში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მიმდინარე წელს უკვე მოწესრიგდა და შეიცვალა ელექტროგაყვანილობა. მომავალ წელს მოწესრიგდება სველი წერტილები და იატაკი. სკოლა უკვე მომარაგებულია საშეშე მერქანით – გასათბობად.
- რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2020 წელს იგეგმება ატრაქციონების მოწყობა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასა და ცენტრალურ პარკში.
- ბორის სკოლა-პანსიონის დაფინანსება 2020 წლის ბიუჯეტში გაიზარდა 13,0 ათასი ლარით და განისაზღვრა 80,0 ათასი ლარით.
- ასევე ვიზიარებთ ინფრასტრუქტურის ხარჯების დაფინანსების სიმცირეს. 2020 წლის შემოსავლების სიმცირის გამო ვერ მოხერხდა სრულად ინფრასტრუქტურის ხარჯების გათვალისწინება. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება აუცილებლად გაიზრდება 2020 წლის პირველი იანვრისათვის არსებული სახსრების ნაშთიდან, მოთხოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით. თუმცა ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდა ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდა 120,0 ათასი ლარით, მათ შორის გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები 100,0 ათასი ლარით, წყლის სისტემის განვითარების ხარჯები 20,0 ათ. ლარით;
- გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა-გაფართოებაზე სახსრების გამოყოფა 2020 წლის ბიუჯეტში ნაკლებად შესაძლებელი იქნება. თუმცა ახალი ქსელების მოწყობა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მომდევნო წელსაც გაგრძელდება. რაც შეეხება გარე განათების ქსელის ექსპლუატაციას, გარდა მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდისა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არსებული ქსელის რეაბილიტაცია.
- სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და რეაბილიტაციის ხარჯები, როგორც ზევით აღინიშნა, ამ ეტაპზე 20,0 ათასი ლარით გაიზარდა. საქართველოს წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სავარაუდოდ, გამოეყოფა სულ მცირე 250,0 ათასი ლარი, რაც ასევე ხელს შეუწყობს წყლის სისტემის განვითარებას და მოსახლეობისხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
- 2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოეყოფა თანხა სტიქიის ლიკვიდაციის ღონისძიებებიდან დაზიანებული ხიდებისა და ხიდბოგირების სრული რეაბილიტაციისათვის.
- მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის პირობებში გაიზრდება მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯები.
- 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ხარჯები და მოსალოდნელი სტიქიის სავარაუდო თანხა.
- რიგი გარემოებების გამო, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სათნოების სახლისა და ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვის გზით დაფინანსებაზე.
- რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას, შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აქვს მთელი რიგი პროგრამები (დანერგე მომავალი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი; შეღავათიანი აგროკრედიტი და სხვ.), რომლებითაც ნაწილობრივ სარგებლობს კიდევაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, დაინტერესებულ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამებში.
- სოციალური პროგრამები 2020 წელს დაიგეგმა ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ქვეპროგრამების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, ისე როგორც მიმდინარე წელს გაიზარდა, ასევე მომავალ წელსაც გაიზრდება აღნიშნული ქვეპროგრამების თანხები.
- 2020 წლის ბიუჯეტში მერიის ხარჯები მინიმალურადაა განსაზღვრული და მისი შემცირება ხელს შეუშლის მერიის ნორმალურ ფუნქციონირებას.