ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენად, მერიისაგან წარდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა მოიწონა. დოკუმენტის მიხედვით 2020 წელს დაბა ხარაგაულის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე თვლის, რომ თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამატებით თანხებს გამოყობს, მაშინ გაჩნდება შესაძლებლობა ეს პროექტი რეალურად შესრულდეს.

„ჯერ ის თანხები უნდა ავითვისოთ, რაც უკვე გამოყოფილია და შემდეგ მოვითხოვთ დამატებით თანხებს.  თუ რეგიონული ან მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ამ პროექტისთვის თანხის გამოყოფის შესაძლებლობა იქნება, თავს არ დავზოგავ და ყველანაირად ვეცდები ეს გზა 2020 წელს გაკეთდეს,“ – ამბობს პაატა გოგოლაძე.

„ბაზალეთის სკოლაში ვასწავლი, სოფელი მაქვს სარგვეშში და ყოველდღიურად მიწევს ამ გზაზე გადაადგილება. როცა კარგი გზაა სოფელში წასვლაც გიხარია, ვიღა არის სოფელში დარჩენილი, თუ გზა არ იქნა იქ აღარავინ გაჩერდება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ გზაზე გადაადგილებისას მანქანა ზიანდება და საწვავის ხარჯიც ორმაგია. გზა ყველა სოფელში უნდა იყოს და დაბის ტერიტორიაზე ხომ მითუმეტეს აუცილებელია,“ – ამბობს ხარაგაულელი რევაზ შერგელაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბის ტერიტორიულ ერთეულში ბაქარ ბარბაქაძე თვლის, ეს გზა პატარაა და მის რეაბილიტაციას დიდი თანხები არ დასჭირდება. მისი აზრით, ამ გზის გაკეთება აუცილებელია, იმის გაათვალისწინებით, რომ დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ძირულა-ჩუმათელეთის გზის გავლის შემდეგ დაბის ცენტრალური გზა ძალიან გადაიტვირთება.