ხარაგაულის საკრებულოს წევრები „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძეს შეხვდნენ.

წყალმომარაგების კომპანია დაბა ხარაგაულის მოსახლეობისთვის წყლის 24-საათიან რეჟიმში მისაწოდებლად პატარა ხარაგაულში არსებული წყალსადენის ტერიტორიაზე სამი ახალი ჭაბურღილისა და სადგურის მოსაწყობად 5 ათ კვმ მიწის ფართობის გადაცემას ითხოვს.

ზაზა სიხარულიძის განმარტებით, წყალმომარაგების ალტერნატიული სისტემის მოწყობა აუცილებელია, რადგან ლეღვნის კარსტული წყალი საიმედო ვერ იქნება.

„ლეღვნის წყალი, საიდანაც წლების განმავლობაში დაბა ხარაგაულის მოსახლეობა მარაგდებოდა, ერთ დღეს შეიძლება შემცირდეს, დაიკარგოს ან სასმელად უვარგისი გახდეს. ამიტომ ძვირადღირებული ფილტრების დაყენება არ გვიღირს. პროექტში ალტერნატიული წყლის სისტემის მოწყობა გავითვალისწინეთ იმ პერიოდისთვის, როცა ლეღვნიდან ხარისხიანი წყლის მოწოდება შეფერხდება.

თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი პატარა ხარაგაულში ტერიტორიას არ გადმოგვცემს, პროექტს დავაკორექტირებთ. ეს ჩვენს დანახარჯებს შეამცირებს და მხოლოდ ლეღვნის წყალსადენის სისტემას აღვადგენთ. კომპანიას ამ ეტაპზე სხვა რესურსი არ გააჩნია. მუნიციპალიტეტისგან რაც მალე მივიღებთ პასუხს, მით მალე გამოვაცხადებთ ტენდერს ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის“.

ხარაგაულელი ბესო დავაძე, რომელიც ხარაგაულის საკრებულოში გამართულ ამ შეხვედრას ესწრებოდა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გადაცემას გაუმართლებლად მიიჩნევს: „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რომ გაიყიდის, ტერიტორიაც და ჭაბურღილებიც ავტომატურად მყიდველს დარჩება. კომპანია ამ ტერიტორიის უვადოდ გადაცემას ასე დაჟინებით რატომ ითხოვს? ხომ არ იკვეთება კომპანიის კომერციული ინტერესები, მაგალითად, სუფთა წყლის ჩამოსხმა და გაყიდვა.

საკვირველია, რომ ახალ პროექტში ლეღვნის სათავე ნაგებობიდან გამოსული წყლის ფილტრაცია გათვალისწინებული არ არის. ფილტრების მონტაჟი და ექსპლუატაცია რომ ძვირია, ეს ჩემთვის არგუმენტს არ წარმოადგენს. წყალს გაფილტვრა მხოლოდ ძლიერი წვიმიანობისას სჭირდება – წელიწადში 50-70 დღე. რატომ მოხდა ასე – ჯერ პროექტი შეადგინეს და ახლა ითხოვენ ტერიტორიის გადაცემას. მიმაჩნია, რომ წყალსადენის ტერიტორია არც უვადოდ და არც 49 წლით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას არ უნდა გადაეცეს. კომპანიამ პროექტში ცვლილება უნდა შეიტანოს ლეღვნის წყალსადენზე წყლის გამწმენდი ფილტრების დასამონტაჟებლად, რათა ხარაგაულის მოსახლეობას მუდმივი წყალმომარაგება დროულად აღუდგეს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ზაზა სიხარულიძის წინაშე დასვეს საკითხი, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყლის გრაფიკით მიწოდების პერიოდში, ტარიფზე დროებითი შეღავათი დააწესოს.

როდის მოგვეწოდება დაბა ხარაგაულში ხარისხიანი წყალი მუდმივად, – დეპუტატების ამ შეკითხვაზე ზაზა სიხარულიძემ უპასუხა: -თუ პატარა ხარაგაულში არსებულ წყალსადენს გადმოგვცემთ, მაშინ დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების 24-საათიან რეჟიმში აღდგენა, სავარაუდოდ, 6-7 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მოხმარებული წყლის ტარიფში, ჯერჯერობით, ცვლილება არ იგეგმება. მშენებლობა-რეაბილიტაციის პერიოდში ყველა აბონენტი გამრიცხველიანდება“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მალხაზ ფხალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციებს საკრებულოს წევრებს უახლოეს სხდომაზე მიაწვდის.

ნინო კაპანაძე