მიმართავენ თუ არა ადამიანები და რამდენად მისაღებია თვითმკურნალობა, – ამ შეკითხვით რამდენიმე მოქალაქეს მივმართეთ. 

დარეჯან გელაშვილი: -მოსახლეობის ნახევარი თვითმკურნალობას მიმართავს. ხელისუფლებამ ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები დაიწყო, მაგრამ წამლები ძალიან ძვირია. თვითმკურნალობის მეორე მიზეზი სამედიცინო სფეროს მიმართ უნდობლობაა. ოჯახის ექიმები და ექთნები გვყავს, მაგრამ იქამდე მისვლა ჭირს, კილომეტრები უნდა გაიარო. ამიტომ მოქალაქეები რჩევისა და კონსულტაციისთვის, უმეტესად, აფთიაქში ფარმაცევტებს მიმართავენ.

მაკა ბუაჩიძე: -მოსახლეობა თვითმკურნალობას ხშირად მიმართავს, რადგან ექიმთან მისვლის საშუალება არ აქვს. თავადაც ხშირად ვფიქრობ, რომ უექიმოდაც შემიძლია განვიკურნო და ფინანსები დავზოგო. ეს კარგი არ არის. ექიმთან მისვლის სურვილი ბევრს აქვს, საშუალება – ცოტას; ან ამბობენ, ისეთ წამალს გამომიწერს, ვერ ვიყიდიო. ბევრი ხალხურ მედიცინას მიმართავს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ ამართლებს და ექიმთან მისვლა მაინც საჭიროა.

მზია კვინიკაძე: -საქართველოში სამედიცინო განათლების დონე ძალიან დაბალია. ეს ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობითაა განპირობებული. ექიმთან ვიზიტი 20-დან 50 ლარამდე ჯდება. თუმცა დიდი რიგები უფასო სამედიცინო გამოკვლევებზეც არაა, რადგან წამლები ძვირია.

თითქმის ყველა ოჯახში წნევის მარეგულირებელ წამალს სვამენ. ერთი იტყვის, რომელი წამალი „მოუხდა“, მეორე დაუჯერებს. წნევა რამ გამოიწვია, აღარ დაეძებს. თვითმკურნალობა ადამიანის ორგანიზმისთვის დამანგრეველია. საყოველთაო დაზღვევამ მდგომარეობა გააუმჯობესა – ოპერაციები ფინანსდება. თუმცა, სანამ ჯანმრთელობა არ დაგვიმძიმდება, ექიმთან არ მივდივართ.

დავით ჩადუნელი: -სამწუხაროდ, თვითმკურნალობა საკმაოდ გავრცელებულია. ეს ინფორმაციისა და ფინანსების ნაკლებობითაა გამოწვეული. ნებისმიერი ავადმყოფობის შემთხვევაში, უმჯობესია, ექიმს მივმართოთ. რჩევა და რეცეპტი პროფესიონალისგან უნდა მივიღოთ. მოსახლეობა მეტად ინფორმირებული უნდა იყოს, ცხოვრების დონე და ფინანსური პირობები კი გაუმჯობესდეს.

ავთანდილ ფურცელაძე: -ექიმის დანიშნულების გარეშე არც ერთ წამალს არ ვღებულობ. სტენტირება გავიკეთე და კონსულტაციისთვის ექიმს ხშირად მივმართავ. თვითმკურნალობის არ მჯერა. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება მცენარეულ წამლებს ვენდო. ექიმის დანიშნულების გარეშე  წამლების მიღება ჩემთვის გაუმართლებელია.

მერაბ თხელიძე: -თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამედიცინო საქმე იცის მხოლოდ ექიმმა და მედიცინის დარგის სპეციალისტმა. პირადად მე სამედიცინო სფეროში აბსოლუტურად ვერ ვერკვევი და საკუთარ თავს როგორ უნდა ვუმკურნალო?! ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია.