ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III (ციცქიშვილის) სასკოლო მუზეუმი ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა ნაზი სარჯველაძემ მოინახულა. სტუმარს მუზეუმის გახსნის ისტორია სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ გააცნო. ნაზი სარჯველაძემ სასკოლო მუზეუმს საჩუქრად წიგნები გადასცა.

„ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) ვერტყვიჭალაში დაიბადა და გაიზარდა. სამი წლის წინ ჩვენმა მოსწავლეებმა პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თემა დაამუშავეს და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარადგინეს. ამის შემდეგ სკოლაში მისი სახელობის მუზეუმის შექმნის იდეა გაჩნდა,“ – გვიამბობს ლენა აბაშიძე.

ვერტყვიჭალის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მარიამ ახალკაცმა და გოჩა ლომიძემ სტუმრებს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბეს და მუზეუმში დაცული ექსპონატებიც გაგვაცნეს.

სასკოლო მუზეუმთან ისტორიის კლუბი „ფესვები“ ჩამოყალიბდა, – ამბობს კლუბის ხელმძღვანელი თამაზ გოგოლაძე, – მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ისტორიულ თემებზე.  გაგვიჩნდა იდეა, რომ მუზეუმის სახელობის ფონდი ჩამოვაყალიბოთ, ანგარიშის ნომერს საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვამცნობთ. გვსურს, კეთილი ადამიანების დახმარებით, კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეებს საქართველოს ისტორიული ადგილების მონახულების საშუალება მიეცეთ. მათი ოცნება ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების მონახულებაა“.

ღონისძიებაზე მუზეუმის ჩამოყალიბებასა და მის მნიშვნელობაზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, საკრებულოს წევრებმა დავით კიკნაძემ, შალვა ლურსმანაშვილმა, ეკატერინე შველიძემ და რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ ისაუბრეს.

„ვერტყვიჭალის სკოლაში 130 მოსწავლე სწავლობს. ამ მუზეუმის წყალობით თითოეული მათგანი იცნობს ქრისტეფორე III (ციცქიშვილის) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მაშინდელი საქართველოსა და ქართული ეკლესიის ისტორიას. ეს უდიდესი საქმეა. მოსწავლეები განათლებულები და ამასთანავე მორწმუნენი ხდებიან. ამაზე დიდი მადლი ხომ არაფერია. დიდი მადლობა თქვენ ამ საშვილიშვილო საქმისთვის“, – აღნიშნა ღონისძიებაზე ნაზი სარჯველაძემ.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ ნაზი სარჯველაძეს, დავით კიკნაძესა და ეკატერინე შველიძეს სასკოლო მუზეუმის საპატიო წევრის სიგელები გადასცა.

ღონისძიებაზე ვერტყვიჭალის სკოლის მომღერალთა გუნდმა რამდენიმე პატრიოტული სიმღერა, ხოლო ნაზი სარჯველაძემ ქართული რომანსები შეასრულეს.

თამთა გოგოლაძე