სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურებისას სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე წიფის ამბულატორიის ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი გვესაუბრება.

ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ნინო ბუხნიკაშვილმა 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. იმავე წლიდან დღემდე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის ექიმად მუშაობს. 2006 წლიდან წიფის ამბულტორიის ექიმია. ჰყავს მეუღლე დავით ჩადუნელი, პროფესიით ისტორიკოსი და ოთხი შვილი.

ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებიდან ნინო ექიმი ყველაზე ეფექტურად ე. წ. უფასო წამლების პროგრამას მიიჩნევს. პროგრამის მიხედვით, ქრონიკულ ავადმყოფებს ერთ ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა შეუძლიათ. ნინო ექიმის შეფასებით, მოსახლეობისთვის ეს დიდი შეღავათია.

ნინო ბუხნიკაშვილი წიფის ამბულატორიაში კვირაში ერთ დღეს – ოთხშაბათობით მიდის.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთის“ პროექტის ფარგლებში – „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“ – განხორციელებული კვლევისას ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ის, რომ სოფლის ამბულატორიის ექიმი სოფელში მუდმივად არ ცხოვრობს. ნინო ბუხნიკაშვილთან საუბარი ამ პრობლემაზე საუბრით დავიწყეთ.

„წიფაში ამჟამად პროფესიით ექიმი არავინ ცხოვრობს, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი, – ამიტომ მე რომ არ ვმუშაობდე, წიფაში მაინც სხვაგან მცხოვრები ექიმი დასაქმდება. ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივთაგან სამედიცინო განათლებასაც არავინ იღებს, რომ სამომავლოდ სოფელში დაბრუნდეს. იმ დღეებში, როცა წიფაში არ ვარ, საჭიროების შემთხვევაში ან ტელეფონით მიკავშირდებიან, ან ხარაგაულსა და სახლშიც კი მაკითხავენ. ასე რომ, ვერც ერთი მაცხოვრებელი ვერ იტყვის, რომ ჩემთან კომუნიკაცია ვერ მოახდინა, სჭირდებოდა, შემეხმიანა და მე ვერ მოვემსახურე.

წიფის ამბულატორიის ექთანი ადგილობრივია. სამუშაო დღეებში ამბულატორია ღიაა. ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ორჯერ გავდივარ წიფის ტერიტორიას და რაიმე პრობლემის შემთხვევაში შემიძლია დავრჩე წიფაში და მოსახლეობას მოვემსახურო.

ოჯახის ექიმების უპირველესი პრობლემა ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობაა. ახლახან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წითელა-წითურა-ყბაყურას მასობრივი ვაქცინაციის კამპანია განახორციელა. ვაქცინაციიდან 72 საათის განმავლობაში ინფორმაცია იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში უნდა ატვირთულიყო. ჩემ მეგობარ სოფლის ექიმებს ინტერნეტი არ აქვთ. მათი მონაცემების დიდი ნაწილიც ბაზაში მე ავსახე, რომ ჩემი კოლეგა ოჯახის ექიმები არ დაჯარიმებულიყვნენ.

ყველა სკოლას აქვს ინტერნეტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ყველა სოფლის ამბულატორია უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტითა და კომპიუტერით. როგორ უნდა ვიმუშაოთ ამის გარეშე, არ ვიცი. ინტერნეტი და კომპიუტერი დღეს, როგორც პასტა და ფურცელი, ისეა.

თვეში ორჯერ ქუთაისში რეგიონალურ სამსახურში ჩასვლა გვიხდება, – ერთხელ ანგარიშებს ვაბარებთ, მეორედ ჩასვლისას – დოკუმენტებზე ხელს ვაწერთ. ელექტრონული ხელმოწერები გავაკეთეთ, მაგრამ ვერ ვიყენებთ. ეს, ალბათ, ისევ ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობის გამოა. ხარჯი, რომელიც ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად გვეძლევა, ძალიან მცირეა. ანაზღაურების შესახებ რომ მეკითხებიან, ვპასუხობ, – წლის პერიოდსა და დაავადებების სიხშირეს გააჩნია; მაგალითად, ზამთარში შეშა უნდა შევიძინო. ასევე თავად ვიძენთ პირველადი დახმარების მედიკამენტებს, საკანცელარიო ნივთებს. ხშირად ხელფასი, ფაქტობრივად, აღარ მრჩება. სეზონურად სხვადასხვა მედიკამენტები მჭირდება. ხუთ კილომეტრს რომ გაივლის ფეხით ადამიანი და ამბულატორიაში შენგან დახმარების იმედით მოვა, როგორ ვუთხრა, შენთვის საჭირო მედიკამენტი პირველადი დახმარების ჩანთაში არ მაქვს-თქო.

უტრანსპორტობა ძალიან მაწუხებს. ერთ-ერთ კონფერენციაზე აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს შევხვდი. აჭარაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა სოფლის ამბულატორიას ავტომანქანა და საწვავი გამოუყო. აჭარაში სოფლის ექიმებს დაქირავებული მძღოლები ემსახურებიან. ეს ექიმის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. ყოფილა შემთხვევა, რომ ფეხით მომივლია წიფა, მივსულვარ ამბულატორიაში და მერე გოლათუბანში ისევ ფეხით წავსულვარ. ეს მაღალმთიან სოფელში, განსაკუთრებით ზამთარში, რთულია.

სოფელში, ძირითადად, ხანდაზმულები ცხოვრობენ. ამიტომ თუ ბინაზე არ მივაკითხე, თავად ამბულატორიაში ვერ მოვლენ. უტრანსპორტობა ძალიან დიდი პრობლემაა.

ოჯახის ექიმებსა და ექთნებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პრობლემა გვაქვს. თუ საზღვრის გადაკვეთას დავაპირებთ, ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ სამსახურს უნდა ვაცნობოთ და ხელშეკრულება უნდა გავწყვიტოთ იმ პერიოდში, სანამ ადგილზე არ ვიქნებით. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არყოფნისას ხელფასი გვექვითება. საქართველოში დაბრუნებისას ხელშეკრულება ხელახლა უნდა გავაფორმოთ.

ოჯახის ექიმებს არასდროს გვქონია შვებულება. ვერ ვისარგებლებთ ბიულეტინით. არ გვაქვს სამედიცინო დაზღვევა. ჩემი აზრით, ექიმს სამედიცინო მომსახურება სახელმწიფომ 100%-ით უნდა დაუფინანსოს. ჩვენ რატომ უნდა შეგვშურდეს სხვა პროფესიის ადამიანების, რომელთაც ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი აქვთ.

ამბულატორიაში წნევისა და სისხლში შაქრის საზომი აპარატები მაქვს. ელექტროკარდიოგრაფი არ მუშაობს. სოფლის ექიმები მოკლებული ვართ ტრენინგებისა და გადამზადების შესაძლებლობას. დარგის სიახლეებს, ძირითადად, ერთმანეთთან კომუნიკაციით ვგებულობთ.

სამი სახელმწიფო სერთიფიკატი მაქვს. ოჯახის ექიმის გადამზადების კურსი რომ გავიარე, ტესტირებისას მაქსიმალური ქულა ავიღე. 1000 ლარზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს ოჯახის ექიმის ანაზღაურება, რომ ის სხვა სამსახურში აღარ მუშაობდეს.

ერთადერთი, რაც ამ ბოლოს ჩვენს საქმიანობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე შევიტყვე, ისაა, რომ წელიწადში ორჯერ ორ-ორ კვირიანი შვებულება გვექნება, მხოლოდ ჩვენს ადგილზე სხვა ექიმი უნდა მივიყვანოთ, რომ მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების გარეშე არ დაგვრჩეს.

ამ პრობლემების მიუხედავად, არჩევანის წინაშე რომ დავდგე, ოჯახის ექიმობას ავირჩევ. ექიმის განვითარებისთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობაა. ძალიან მიყვარს წიფის თემის სოფლების მოსახლეობა. თითქოს შესისხლხორცებული ვარ იმ ადამიანებთან. სოფელში სუფთა ურთიერთობებია. დღეს ექიმების დეფიციტიც არის. ადრე ექიმობა პრესტიჟული იყო. მიყვარს და ვაფასებ ჩემ პროფესიას, მაგრამ არ ვისურვებდი, რომ ჩემი შვილი ექიმი გახდეს. დიდი გონებრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა და მცირე ანაზღაურება გვაქვს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ნინო ბუხნიკაშვილი (მარცხნიდან პირველი) კოლეგებთან – ნათია ლომიძე, მამია ტაბატაძე, ნანი არევაძე, ია პაქსაშვილი – ერთად.

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.