საზოგადოებრივი ორგანიზაციების „ჩემი იმერეთი“ და „ნაბიჯი ხარაგაული“ ერთობლივი პროექტი „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“ გრძელდება.

ამ პროექტის ფარგლებში სოფლის საექიმო ამბულატორიების, მოსახლეობისა და სოფლის ექიმების საჭიროებების საკვლევად ჭიათურასა და ხარაგაულში სოციოლოგიური კვლევა ჩავატარეთ. კვლევაში ჩავრთეთ ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლის ექიმები და ექთნები, ექსპერტები, ჭიათურისა და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ვიდრე პროექტის „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“ ფარგლებში კვლევა საბოლოო სახეს მიიღებს, ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ, ამჯერად, საგაზეთო ინტერვიუსთვის, დავუკავშირდით.

მიმდინარე წელს სოფლის ექიმისა და საექიმო ამბულატორიების საქმიანობაში ცვლილებები იგეგმება.

ლელა წოწორია, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

– სოფლის ექიმის პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ახორციელებს. სამინისტროდან ცოტა ძნელია მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებების დანახვა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის პირველი ნოემბრიდან სოფლის ექიმის პროგრამას სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ განახორციელებს. ეს სსიპ, ამავდროულად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებას კურირებს და ყველა მუნიციპალიტეტში აქვს ფილიალი.

პროგრამის მიხედვით, სოფლის ექიმი ვალდებულია მედიკამენტები და პირველადი სამედიცინო მომსახურების ნივთები საკუთარი ხარჯებით შეიძინოს. 2019 წლის დასაწყისში ჩვენ განვახორციელეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებს ექვს თვეში ერთხელ ამბულატორიებს ვაწვდიდით. მაგრამ თუ ამ დროის განმავლობაში ექიმს რაიმე მედიკამენტი გამოელეოდა, თავისი ხარჯებით უნდა შეევსო.

პირველი ნოემბრიდან მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების შეძენას საგანგებო დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. ამისათვის პროგრამაში თანხა უკვე გათვალისწინებულია.

რამდენადაც ჩვენ ინფორმაციას ვფლობთ, სოფლის ექიმებისთვის პრობლემაა სამედიცინო ნარჩენების გატანა. პირველი ნოემბრიდან ნარჩენების მართვის მომსახურებას მთლიანად ჩვენს შევისყიდით. სოფლის ექიმებს ნარჩენებისათვის სამი ტიპის კონტეინერები დაურიგდებათ. ერთი ჩვეულებრივი ნარჩენებისათვის, მეორე – ინფექციური ნარჩენებისათვის, ხოლო მესამე – ბასრი ნარჩენებისათვის. კონტეინერებით მომარაგებასაც და ნარჩენების გატანასაც გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს.

რეცეპტებისათვის ბლანკების დაბეჭდვა ამ დრომდე სოფლის ექიმებს საკუთარი ხარჯებით უხდებოდათ, თანაც იმ პირობებში, რომ მათ არ აქვთ პრინტერი, კარტრიჯი, ქაღალდი. პირველი ნოემბრიდან ექიმებს ეს ხარჯიც მოეხსნებათ. ექიმებს რეცეპტის ბლანკებს, იმის მიხედვით თუ რამდენ მოსახლეს ემსახურება და რა ინტენსივობით სჭირდებათ რეცეპტის გამოწერა, გადაუდებელი დახმარების ცენტრი მიაწვდის.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოფლის ექიმებს არ ჰქონდათ უფლება, გამხდარიყვნენ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები. 2019 წლის 6 ივლისს მთავრობის ამ დადგენილებაში ცვლილება შევიდა. სოფლის ექიმებს უფლება აქვს დარეგისტრირდნენ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად და ისინი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ეს არის ცვლილებები, რომლებიც პირველ ეტაპზე განხორციელდება. უკვე დაწყებულია მუშაობა მეორე ეტაპის ცვილებებზე, რომელიც სოფლის ამბულატორიების მომსახურების გეოგრაფიული არეალების გადახედვას, სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შესწავლასა და ამბულატორიებში, საჭიროებების მიხედვით სამედიცინო პერსონალის დამატებას ეხება. ამ საკითხებს სამინისტრო გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად დაწვრილებით გაივლის და საჭირო ცვლილებებს განახორციელებს.

თამთა გოგოლაძე

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.