ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე საამაყოა არა მარტო ამ სკოლისა და მთელი მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოსათვის.

მან 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტული და საპატიო ჯილდო დაიმსახურა. ჩვენ, მისი პედაგოგები, წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ საბას თავდაუზოგავ, დაუღალავ შრომას, სწრაფვას ცოდნის მწვერვალებისკენ.

საბა სამაგალითოა არა მარტო როგორც მოსწავლე, არამედ როგორც პიროვნება. სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის არის სრულყოფილი პიროვნება, სულიერი თვალსაზრისითაც. რთულია ამ ასაკში მიაღწიო ასეთ სრულყოფილებას. არის მშვიდი და გაწონასწორებული. ამიტომაც შეუძლია მართოს საკუთარი თავი, რაც არის გარანტია მისი წარმატებისა ახლაც და მომავალშიც. საბა გულთბილი და მეგობრულია, უყვარს თანაკლასელები, უხარია მათი წარმატება და მთელი გულით ეხმარება. აქვს უნარი, დადებითი გავლენა იქონიოს სხვებზე, მისცეს სტიმული, რათა ისინიც საუკეთესონი იყვნენ. საბას ახასიათებს საოცარი თავმდაბლობა. არასოდეს საუბრობს საკუთარ წარმატებებზე და სურს სადღაც დაიმალოს, როცა აქებენ. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და მხოლოდ გულთბილი ღიმილით გამოხატავს თავის ემოციას.

საბა იზრდება ირაკლი ებანოიძისა და მაია ბერაძის მრავალშვილიან ოჯახში. მისი მშობლები ხარაგაულის ერთ-ერთი კეთილშობილი და საუკეთესო ადამიანები არიან. ირაკლი ებანოიძე და მაია ბერაძე შვილებს ზრდიან შრომის სიყვარულით, რაც მარტო სასკოლო საგნების შესწავლაში როდი გამოიხატება. საბა თავისი ხელით უვლის ფუტკარს, მოჰყავს თაფლი, კარგად ერკვევა კულინარიაში, აკეთებს ყველა საქმეს, რაც აუცილებელია ასეთი მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის.

საბას გამარჯვებამ დიდი სიხარული მიანიჭა წმ. სვიმონ კანანელის სასწავლო ცენტრის (ხელმძღვანელი უბისისა და მარგვეთის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე) თანამშრომლებს, რომელთა შორისაა ხარაგაულის სასულიერი გიმნაზია (აღმასრულებელი დირექტორი მამა პავლე ცერცვაძე).

უფალმა დალოცოს საბა ებანოიძე. მრავალი ასეთი ახალგაზრდა გაზრდილოყოს საქართველოში ღვთივკურთხეული ერის ასაღორძინებლად და გასაძლიერებლად.

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი