26 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სოხუმი დაეცა. მოწინააღმდეგე მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. გააფრთებული ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა. მასიურ შეტევას, სუსტი შეიარაღების გამო, ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და სოხუმი დავკარგეთ.
აფხაზეთის ქარცეცხლიანი ამბების გახსენება ომის მონაწილეებს იური ლურსმანაშვილსა და იუზა ვეფხვაძეს ვთხოვეთ.
20 აგვისტოს რამდენიმე ხარაგაულელთან ერთად ოჩამჩირეში ჩავედით, – გვიამბობს იური ლურსმანაშვილი, – მახსოვს, აფხაზებმა მეორე ღამესვე ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ვაგონი დააგორეს, თუმცა ჩვენამდე ვერ მოაღწია და გზაში აფეთქდა.
მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ტყვარჩელთან ქართველები ალყაში მოექცნენ. ორი მებრძოლი მოგვიკლეს, ორიც დაჭრეს. ეს რომ გავიგეთ, მათ დასახმარებლად წავედით. გზაში წინააღმდეგობა თითქმის არ შეგვხვედრია. მეთაური რომ გვყოლოდა, ტყვარჩელს დავიბრუნებდით.
ბრძოლები არაორგანიზებულად მიმდინარეობდა, ხან ერთს გვეუბნებოდნენ, ხან მეორეს. ომის დასასრულს თითქოს სიტუაცია დალაგდა, მაგრამ მაშინ უკვე მებრძოლები და ტყვიაწამალი არასაკმარისი იყო. ქვეყნის დასაცავად თავიდან ბევრი მოხალისე მოდიოდა. ბოლო ხანებში კი ცოტა დავრჩით.
ოჩამჩირის ფრონტზე ძალიან გაგვიჭირდა. იქ, სადაც სამოცი მებრძოლი უნდა ვყოფილიყავით (ასე ითვალისწინებდა საბრძოლო სტატეგია), მხოლოდ ცხრა კაცი ვიბრძოდით. საქმეს ერთი მეთაური უნდა გაძღოლოდა და ის ომი მალევე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა. ერთიანობა რომ გვქონოდა, აფხაზეთს არ დავკარგავდით.
ტამიშზე რომ ხიდი დაინგრა, მის აღდგენამდე, მუშების დასაცავად, ხარაგაულელების რაზმი გაგვგზავნეს. ოჩამჩირის გასასვლელთან საჩხერის ნაწილი იდგა, ქუთათელაძის მეთაურობით. ჩვენი უსაფრთხოება ხარაგაულელმა ტანკისტმა პაატა თაბაგარმა ითავა. ამ დავალების დროს ჩვენს რაზმს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. რომ არა პაატა თაბაგარი, ალბათ მსხვერპლი იქნებოდა. პაატა დიდებული მებრძოლი იყო. გმირულად დაიღუპა ოჩამჩირეში.
სოხუმში მიმავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალს ქუთაისის ახალწვეულთა ბრიგადა იცავდა. მათმა მეთაურმა დახმარება გვთხოვა. 26 სექტემბერს ჩემი თვალით ვნახე, როგორ ტოვებდა სოხუმს ხალხითა და იარაღით დატვირთული მანქანების კოლონა.
საათნახევრის განმავლობაში მანქანები უწყვეტად მოდიოდნენ გალისკენ. 27 სექტემბრის ღამეს, სოხუმის მხრიდან ცა სროლით გაწითლდა. ვიგრძენით, რომ სოხუმში საშინელება მოხდა. ერთ საათში სოხუმის დაცემის ამბავი გავიგეთ. რვა თვე ვიბრძოლე. ერთხელ მოვიწამლე, ერთხელაც დამჭრეს, თუმცა ომში კვლავ ვბრუნდებოდი.
ჩემთვის 27 სექტემბერი ალბათ უფრო სირცხვილია. დამარცხებულები დავბრუნდით ომიდან, რომელიც უნდა მოგვეგო. მრცხვენია იმ ადამიანების, რომლებმაც ოჯახებთან ერთად თავიანთი სახლ-კარი დატოვეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ.
აფხაზეთის ომი ჩვენთვის მწარე გაკვეთილი იყო. მაშინდელი მოვლენები კარგად უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ და მომავალი წარმატებისთვის გამოვიყენოთ. ახალი თაობა ისე უნდა აღვზარდოთ, რომ პატრიოტული სულისკვეთება მხოლოდ სიტყვები არ იყოს.
იმ დროს განვითარებულ მოვლენებს მომზადებულები ვერ შევხვდით. მტერმა ჩვენს გრძნობებზე ითამაშა. მტერთან საუბარი უნდა ვისწავლოთ. სადაც საჭიროა, მტკიცეთ დავხვდეთ და პასუხი გავცეთ. სადაც საჭიროა – შედეგს საუბრით მივაღწიოთ. თავს მუდამ მოტყუებულად არ უნდა ვგრძნობდეთ. პირველი მოლაპარაკება გაგრის დაცემით დამთავრდა, მეორე მოლაპარაკება – სოხუმის.
ქართველები გონს უნდა მოვეგოთ, ნაკლები უნდა ვიყვიროთ, მეტი უნდა ვისწავლოთ და ვიშრომოთ. ისეთი არმია უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ მტერს საკადრისი პასუხი მივუზღოთ.
აფხაზეთის დასაბრუნებლად კომბინირებული ქმედებებია საჭირო. მტკიცედ მჯერა, აფხაზეთს მალე დავიბრუნებთ“.
ხარაგაულელი იუზა ვეფხვაძე 1993 წელს კომისარიატის გაწვევით ქუთაისის 21-ე ბრიგადაში ჩაირიცხა.
„ქვედა მერკულაში, ფრონტის წინა ხაზზე, თითქმის უიარაღოდ აღმოვჩნდით. აფხაზები ზედა მერკულაში იყვნენ გამაგრებულები. რამდენიმე საგუშაგოზე ღამის განმავლობაში 4-4 საათით ვმორიგეობდით. ხანდახან სროლებიც იყო, თუმცა შეტაკება არ გვქონია. „მშვიდი“ პერიოდი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა.
25 თებერვლის დილის 4 საათზე შეტევაზე გადავედით, მათი პოზიციები დავიკავეთ. ბრძოლები სოფელ ზედა მერკულას ცენტრში მიმდინარეობდა. ჩვენი ბრიგადა სოფლის ბიბლიოთეკის, სკოლისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრის შენობებში გამაგრდა. სამი ხარაგაულელი – მე, იური ლურსმანაშვილი და ნოდარ თავზარაშვილი საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობაში ვიყავით. ერთმანეთს ვიცავდით და ვამაგრებდით.
მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და რამდენიმე კილომეტრში შემაღლებულ გორაკზე დაბანაკდა. პოზიციური უპირატესობა მათ მხარეს იყო. 27 თებერვალს ჩვენი ბრიგადის მეთაურები წინა ხაზზე გავიდნენ, მოწინააღმდეგე მხარემ ამით ისარგებლა და ერთი ნაღმტყორცნით ჩვენი დანაყოფის სამი მეთაური მოგვიკლეს. ორი ტანკი გვყავდა, ისინიც სადღაც გააგზავნეს. მხოლოდ ავტომატებით დავრჩით.
28 თებერვალს მოწინააღმდეგე შეტევაზე გადმოვიდა. პირველად ტანკები გამოუშვეს. მე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გამოსატანად ახლო მდებარე შენობაში გამგზავნეს. იქ რომ მივედი, ისეთი ბრძოლები გაჩაღდა, უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდა.
საყოფაცხოვრებო შენობას ჭურვი ესროლეს. შენობა ჩამოინგრა და ცეცხლში გაეხვა. ნოდარ თავზარაშვილი ამ შეტაკების დროს დაიღუპა. ჩვენთან ერთად იბრძოდა ერთი სვანი ბიჭი, რომელმაც თავი აიფეთქა და რამდენიმე აფხაზიც მასთან ერთად აფეთქდა… სამშვიდობოს პატარა მდინარის გავლით გამოვაღწიე.
ამ შეტაკების დროს ბევრი თანამებრძოლი დავკარგეთ, მეთაურებიც აღარ გვყავდა, ჩვენი ბრიგადა დაიშალა და სხვა ბრიგადით ჩაგვანაცვლეს. ხარაგაულში შურისძიების გრძნობით დავბრუნდი, კვლავ აფხაზეთში წასვლა მსურდა, მაგრამ ვერ შევძელი, ძალიან ცუდად ვიყავი.
ჩვენს მებრძოლებს ხარაგაულიდან ვეხმარებოდით. ოჯახებში პროდუქტებს ვაგროვებდით და ჩვენი ბიჭებისთვის მიგვქონდა. 27 სექტემბერს ხარაგაულიდან ავტობუსით პროდუქტები წავიღეთ. ქუთაისს რომ გავცდით, დასავლეთიდან მომავალი ავტომობილების კოლონა არ წყდებოდა. სოხუმის დაცემის ამბავი სამტრედიაში გავიგეთ.
ხარაგაულში დავბრუნდით და მეორე დილით დათო დევდარიანის „სამხიდიანი მანქანით“ ლენტეხში ავედით. იქ შევიტყვეთ, რომ ხარაგაულელი მეომრები ჭუბერის უღელტეხილის გამოვლით მოდიოდნენ. დაველოდეთ. ხარაგაულში მათთან ერთად გვიან ღამით დავბრუნდით.
აფხაზეთი საქართველოს ერთიანი სხეულის ნაწილია, რომელიც საქართველოს მოკვეთეს. 27 სექტემბერი ჩემთვის უმძიმესი დღეა, – დამარცხებული ომის ჯარისკაცი ვარ. თუმცა, ამ ომში აფხაზებიც დამარცხდნენ, რადგან პატარა ერია და გენოფონდის დიდი ნაწილი დაკარგეს.
ამდენი წლის შემდეგ იქ აფხაზები ალბათ თითზე ჩამოსათვლელები თუ დარჩნენ. ნათქვამია, ომით დაკარგულს ომითვე დაიბრუნებო, მაგრამ აფხაზეთის დაბრუნება ომით შეუძლებლია. ეს მოლაპარაკებებით უნდა შევძლოთ, – მიაჩნია იუზა ვეფხვაძეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში იბრძოდნენ და გმირულად დაიღუპნენ: ალექსანდრე ბერაძე, არსენ ბერაძე, თემურ ბაბლიძე, კობა გელაშვილი, მერაბ გელაშვილი, ზურაბ გელაშვილი, სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე, ხვიჩა ჭყოიძე, გოჩა ჩადუნელი, პაატა თაბაგარი, მამუკა თაბუკაშვილი, ნოდარ თავზარაშვილი, გელა კაპანაძე, გიორგი ლურსმანაშვილი, თამაზ ლომიძე, ალეკო მდინარაძე, ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე, როინ პავლაძე, იოსებ პაქსაშვილი.
მათ გმირობასა და ხსოვნას დავიწყება არ უწერია!
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი