

ხსოვნის ეს წერილი მინდა რამდენიმე დღის წინანდელი ფაქტით დავიწყო. ჩვენი თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტში მართავდა წარმოდგენას. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი… ადგილობრივებს და კულტურის დარგის მუშაკებს გავესაუბრე, მათ შორის ჭარმაგ მამაკაცს, მარტვილის ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრს. სულიკო ციმაკურიძეს თუ იცნობდით-მეთქი? – ვკითხე.
-სულიკო ციმაკურიძეს ვინ არ იცნობდა საქართველოშიო, – მითხრა და თვალზე ცრემლი მოადგა, – აი, ფოლკლორი იმას ერქვა და რასაც ის აკეთებდა, დღეს სწორედ ის აკლიაო საქართველოს. დიდებული კაცი გყავდათ ხარაგაულელებს, დიდებული, ასაკსაც კი არ იტყობდა, არ იღლებოდა, სულ გვაოცებდა თავისი ახალგაზრდული ენერგიითო…
ისეთი სასიამოვნო იყო ამ სიტყვების მოსმენა, რომ გული საგულედან ამომივარდა ლამის, მერე კი სიამაყით „წავიტრაბახე“, ჩემი უფროსი მეგობარი იყო-თქო და ვიამაყე ჩემი ხარაგაულელობით… მე მის თვალებზე მომდგარ ალალ ცრემლში სევდაც დავინახე და აღტაცებაც, სწორედ ისეთი, რომელიც არაერთი დიდებული ქართველის და ხარაგაულელის თვალზე ვნახე სულიკო ციმაკურიძის გარდაცვალების შემდეგ.
ჩვენი სულიკო… მუდამ საქმიანი, ჩქარი ნაბიჯით მიმავალი, თითქოს მიწას არც კი აკარებდა ფეხს, ჭაღარით მოსილი, მუდამ ღიმილიანი, ახალი იდეებით, ახალი მიზნებით. შეგხვდებოდა და სიცოცხლეს გაგიხალისებდა. ერთი საათის სათქმელს წუთებში გეტყოდა. სულ მუდამ „თავის ოდილას ბიჭებზე“ დარდობდა, როგორ შეეწყო მათთვის ხელი, როგორ შეემსუბუქებინა მათთვის ცხოვრების სიმძიმე, როგორ დახმარებოდა სულიერად, ფინანსურად…

არადა, ეს „ოდილას ბიჭები“ ჭაღარით მოსილნი იყვნენ უკვე, მაგრამ სულიკოსთვის – მაინც „ბიჭები“, რომლებზე ზრუნვაც თითქოს მამაშვილურ მოვალეობად მიაჩნდა. არ დაიზარებდა, რაც უნდა გეთხოვა, თუ ეს ხარაგაულს სჭირდებო და ფეხით გადმოვიდოდა კიცხიდან ხარაგაულში „თავის ბიჭებთან“ ერთად და თან კიცხურ პურ-ღვინოს მოაყოლებდა, თავად მასპინძლობდნენ ყველას, თუნდაც სტუმრად მყოფნი იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, ქართლში, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში.
ჭირსა და ლხინში მეიმედებოდა ჩემი უფროსი მეგობარი – ჩემი სულიკო. მერე როგორი მეგობრობა იცოდა, როგორი ერთგულება, როგორი გადამდები იყო მისი საქმისადმი დამოკიდებულება, სიყვარული. აგანთებდა, აგაფორიაქებდა, კეთილი საქმეების საკეთებლად განგაწყობდა. ისეთ ენერგიას ატარებდა, – გაგაოცებდა.
ამ სიყვარულით, ფოლკლორის, წინაპრების ფესვებისა და ხარაგაულის ერთგულებით რამდენი ბედნიერი წუთი განაცდევინა ქართველ და არა მარტო ქართველ მაყურებელს, რამდენჯერ გვაამაყა ხარაგაულელები, რამდენი ჯილდო, გამარჯვება, ოვაცია, სითბო და სიამაყე გვარგუნა თავისი ცხოვრებით, თავისი ამოუწურავი ენერგიითა და სიყვარულით.
მას მთელ საქართველოში იცნობდნენ, თანამედროვეობის ჭეშმარიტი კორიფე გახლდათ თავისი დარგისა. განუზომელ პატივს სცემდნენ, უსმენდნენ, სამაგალითოდ მიაჩნდათ… უკვე აღარ შეეძლო, ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც ვერ შეელია კიცხს, „ოდილას“ და თავის „ბიჭებს.“
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მღეროდა, ახალ მიზნებს ისახავდა, სამაგალითო გახლდათ თავისი ცხოვრების წესით, მოკრძალებული ღიმილით, თავმდაბლობით, შრომისმოყვარეობით… და ჩააწნ-ჩააქსოვა თავისი ცხოვრება „მრავალჟამიერს“, „ურმულს“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“… და დაიხარჯა, დაიწვა ფოლკლორის, საქართველოს, წინაპრების, ხარაგაულის, კიცხის, ადამიანების სიყვარულში… სანთელივით ანთებული წავიდა იმქვეყნად და დატოვა განათებული კვალი, რომელიც ხნულად გაავლო ხარაგაულის მიწას.
სულ მენატრება… რაც წლები გადის, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება, თუ როგორ დააკლდა ხარაგაულს სულიკო ციმაკურიძე. რაოდენ სამწუხაროა, რომ სულ ახლახან კიდევ ერთმა „ოდილას ბიჭმა“ – იური ჩხიკვაძემ დაატოვა ნაადრევად ეს საწუთრო.
საბედნიეროდ, „ოდილა“ აგრძელებს მოღვაწეობას, კვლავაც ისმის ქართული მარგალიტები და იმედია, დიდხანს შეაძლებინებთ უფალი მათ ქვეყნის, ხარაგაულის სამსახურს, რაც სულიკოს მარადიული ხსოვნაც იქნება…. და კიდევ ერთი… სულიკო და მე ხშირად ვსაუბრობდით, როგორ შეგვექმნა ახალგაზრდებისგან კიცხში „ოდილას“ ახალგაზრდა თაობის ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“, რომელიც ამ ანსამბლის მარადიული სიცოცხლე იქნებოდა.
სამწუხაროდ, მაშინ ეს შეუძლებელი გახდა სხვადასხვა მიზეზთა გამო. შემდეგ კი სულიკო ნაადრევად წავიდა იმქვეყნად… დღეს კიცხს ახალგაზრდა თავკაცი ჰყავს, სწორედ „ოდილას“ ერთ-ერთი ღირსეული წევრის, აწ განსვენებული იური ჩხიკვაძის შვილი. იმედია, ის ხარაგაულის ჭეშმარიტი მოამაგის – სულიკო ციმაკურიძისა და მამის ხსოვნის პატივსაცემად, კიცხის დიდებულ ადამიანებთან ერთად, სულიკოს ამ სურვილს და მიზანს რეალობად აქცევს…
მარადიული ნათელი სულიკო ციმაკურიძის სულს იმქვეყნად, მარადიულ საუფლოში.
იზა ვეფხვაძე
გთავაზობთ რამდენიმე სიმღებას ანსამბლ „ოდილას“ (ხელმძღვანელი სულიკო ციმაკურიძე) შესრულებით:
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,