კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის პროექტის – „WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ – ფარგლებში ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას იმერეთის რეგიონში CENN-ის კოორდინატორი შოთა გაფრინდაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეები პროექტის ფარგლებში ჩატარებული 300-მდე ობიექტის (სკოლები, საბავშვო ბაღები, ამბულატორიები) წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის მდგომარეობას გაეცვნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან წყალმომარაგების კუთხით კიცხის, ლეღვანისა და უბისის სკოლები შეისწავლეს. კვლევის შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები შოთა გაფრინდაშვილმა სკოლების წარმომადგენლებს გადასცა.

კიცხის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშვილის ინფორმაციით, კიცხის სკოლას წყალი აგვისტოდან დეკემბრამდე არ მიეწოდება. ამის მიზეზი წყლის მცირე დებეტია. სკოლის გარდა, ამ წყლით სოფელში 40-მდე ოჯახი მარაგდება.

კიცხში ახალი სკოლა შენდება, თუმცა, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება ამ პროექტში არ შედის. თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ უნდა მოეწყოს ჭაბურღილი ან ცალკე ჭა სკოლისთვის.

ლეღვნის სკოლაში წყალმომარაგების პრობლემა სექტემბერ-ნოემბერშია. ამ სკოლის დირექტორის, მანანა კიკვაძის ინფორმაციით, მოძიებულია წყლის სათავე ნაგებობა, შეძენილია მილები. სჭირდებათ ორ ტონამდე ტევადობის რეზერვუარი.

რაც შეეხება უბისის სკოლას, ამ სკოლის დირექტორი, მარინე სახვაძე ამბობს, რომ სკოლას წყალი მუდმივად მიეწოდება. იმისთვის, რომ სკოლას სუფთა წყალი ჰქონდეს, საჭიროა ფილტრების შეძენა.

CENN-ის კოორდინატორმა შოთა გაფრინდაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ სამ სკოლაში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად მათი ორგანიზაცია თანადაფინანსებას გაიღებს.

ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ მაღრაძე მიიჩნევს, რომ ბუნებრივი რესურსის სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია. მისთვის მიუღებელია, რომ თითქმის ყველა სოფელში ზოგიერთი წყაროს სათავედან წყალი იქცევა, იქვე მახლობლად მცხოვრებ მეზობლებს კი წყალი არ აქვს. ამის მიზეზი, დეპუტატის განმარტებით ისაა, რომ წყაროს, მასზე დაპატრონებული ოჯახები „წინაპრების დანატოვრად“ მიიჩნევენ და საკუთრება ჰგონიათ. ამ დროს წყალი, როგორც ბუნებრივი რესურსი, სახელმწიფოსია.

პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ხარაგაულში შეკრებილთ ჭიათურის ახალგაზრული საკრებულოს თავმჯდომარე თიკო ბედინაშვილი ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებიდან შეიქმნა WASH-ის ათკაციანი საბჭო, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემებს ადვოკატირებას გაუწევს და ამ კუთხით მოქალაქეთა ინტერესებს დაიცავს.

CENN-ის პროექტის ფარგლებში იმერეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წყალმომარაგების პრობლემაზე შემაჯამებელი შეხვედრა 16 ივლისს ჭიათურაში გაიმართება.

პროექტს – „WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ – CENN ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს წყლის მიწოდების, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობების გაუმჯობესებას რეგიონების სკოლებსა და სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ოჯახებში. 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია New World Program.