საზოგადოებრივი ორგანიზაციების „ჩემი იმერეთი“ და „ნაბიჯი ხარაგაული“ პროექტის – „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“ – პრეზენტაციის მონაწილეები ამ პროექტის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებს აფასებენ.

ქვაციხეს საექიმო ამბულატორიის ექიმი კახა ბრეგვაძე, 21 წელია, სოფლის ექიმად მუშაობს. ის ფიქრობს, რომ ოჯახის ექიმების საჭიროებების ძირფესვიანი კვლევა, როგორიც ეს ა/ო „ჩემი იმერეთის“ პროექტითაა გათვალისწინებული, ამ დრომდე არასდროს ჩატარებულა.

კახა ბრეგვაძე იმედოვნებს, რომ პრობლემები კომპეტენტურად გაანალიზდება, შემდეგ კი, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, ეტაპობრივად  დაიძლევა.

თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი: -ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცის პრობლემებს რაიონულ დონეზე შევისწავლით. მონაცემების ანალიზისა და გამოკითხვის საფუძველზე დაისახება შემდგომი მიზნები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმა. შემუშავებული რეკომენდაციები კი შესაბამის ორგანოებამდე მივა. შეხვედრაზე მყოფი ადამიანების განწყობა მაძლევს საფუძველს, რომ პროექტი შედეგიანი იქნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტიდან იწყება.

„ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადგილობრივი დონის კვლევები, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ამიტომ ხშირად რეფორმების პროცესში უცხო ქვეყნების გამოცდილებას ვიყენებთ და სწრაფ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მძიმე სიტუაციიდან გააზრებული ქმედებებით უნდა გამოვიდეთ და არა ქაოტური გადაწყვეტილებებით. ინტერსექტორალური განხილვები უნდა გაგრძელდეს.

ა/ო „ჩემი იმერეთის“ პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად ჩაერთვება. ამ პროექტის მონაწილეებს მხარს დაგიჭერთ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში პროექტის შედეგების წარდგენისას.“

ჭიათურის მედმუშაკთა პროფკავშირის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე, ა/ო „ჭიათურის თემის ჯანმრთელობის მოყვარულ ოჯახთა კავშირის“ ხელმძღვანელი ნათელა მოდებაძე ამბობს, რომ სოფლის ექიმების საქმიანობაში დაგროვებული პრობლემები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად აკნინებს.

ა/ო „ჩემი იმერეთის“ პროექტი სწორედ ამ პრობლემების დაძლევის საუკეთესო შესაძლებლობაა. ნათელა მოდებაძის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, ოჯახის ექიმების აუცილებელ საჭიროებებსა და მოთხოვნებს ექსპერტთა ჯგუფი სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე შეისწავლის.

გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან რეალურად დასმული საკითხები კი სოფლის ამბულატორიებისა და ექიმების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე ამბობს, რომ სოფლებში მომუშავე ოჯახის ექიმებისა და საექიმო ამბულატორიების პრობლემები მათი ორგანიზაციისთვის მეტნაკლებად ცნობილია.

ა/ო „ჩემი იმერეთის“ მიერ ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტს ზაალ გორგიძე მნიშვნელოვანად მიიჩნევს და ამბობს, რომ ოჯახის ექიმების საქმიანობისთვის ხელშეწყობა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას ნიშნავს.

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.