ორგანიზაციამ „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე), პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის მიზნით, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის -„პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“ – პრეზენტაციაზე ექიმები და ექთნები ყოველდღიურ საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

ოჯახის ექიმები და ექთნები, წლებია, ითხოვენ:

  • საექიმო ამბულატორიების შენობების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას;
  • ამბულატორიის შენობების საკუთრების საკითხის გარკვევას;
  • საექიმო ამბულატორიებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას;
  • ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას;
  • ოჯახის ექიმისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურას;
  • პაციენტსა და ოჯახის ექიმს შორის კომუნიკაციის უწყვეტობის ხელშეწყობას;
  • ანაზღაურების ზრდას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სასაუბრო ბარათებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი თერთმეტი საექიმო ამბულატორიიდან ცხრა ამბულატორიას დავალიანება გასულ წლებში მოგებისა და საშემოსავლო გადასახდის გადაუხდელობის გამო დაუგროვდა, რასაც ყოველდღიურად ჯარიმა-საურავები ერიცხება.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ წერილობით მიმართა სხვადასხვა უწყებებს საექიმო ამბულატორიებისთვის დავალიანებების ჩამოსაწერად. თუმცა, ეს პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა.

„21-ე საუკუნეში ოჯახის ექიმი ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია, – ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვაციხეს ამბულატორიის ექიმი კახაბერ ბრეგვაძე, – გვითხრეს, რომ სექტემბრიდან დოკუმენტაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს, აფთიაქებს და ყველა შესაბამის უწყებას ელექტრონულად უნდა გადავცეთ. თუ კომპიუტერი და ინტერნეტი არ მექნება, ამას როგორ შევძლებთ.“

„ოჯახის ექიმებს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე ფორმა #100-ის გაცემას გვთხოვენ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საექიმო ამბულატორიის ექიმი გია ბარბაქაძე, – ეს პაციენტებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში ჩართვისთვის სჭირდებათ. დაავადების დაზუსტებული დიაგნოსტირება ოჯახის ექიმის საქმე არ არის. ეს ვიწრო სპეციალისტმა უნდა გააკეთოს.

ამბულატორიიდან ათეული კილომეტრებით დაშორებულ სოფლებში რომ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები მყავს, დილის საათეებში ყველასთან როგორ ვიქნები, წამალი რომ დავალევინო. თავს ნუ მოვიტყუებთ. ასე ჩვენ პაციენტებს ვერ მივხედავთ. ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამებსაც უნდა გადახედოს.“

ხუნევის ორდონიანი ამბულატორიის ექიმები თემურ შუბითიძე და თამარ გველესიანი თერთმეტი სოფლის 4 ათასამდე მაცხოვრებელს უნდა მოემსახურონ. თემური ექიმი ამბობს, რომ 2006 წელს მსოფლიო ბანკის მიერ აშენებული ამბულატორიის შენობის საკუთრების საკითხი ამ დრომდე ვერ მოგვარდა. რადგან ქონება მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, შენობის მოწესრიგებაზე თანხას ვერ ხარჯავს. ამიტომ თემური ექიმმა მოსახლეობის დახმარებით შემოღობა ამბულატორია, ხელფასიდან დააფინანსა შენობის ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.

„გული დამწყდა და ცოტა მოტივაციაც დამეკარგა, რომ არავის უკითხავს, არც ადგილობრივს და არც სამინისტროს, ეს ყველაფერი როგორ შევძელი, – ამბობს თემური შუბითიძე, – ხუნევის საექიმო ამბულატორიის ფართი 200 კვმ-ია. დამლაგებელს ხელფასს ექიმები და ექთანი ჩვენი ჯიბიდან ვუხდით“.

„წლების წინ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბებული ამბულატორიები ამ დრომდე გაუქმებული არ არის. მე ასეთი საბუთი ვერ მოვიპოვე, – ამბობს წყალაფორეთის ამბულატორიის ექიმი ამირან ხალილულაევი, – აქედან გამომდინარე, სოფლის ექიმები ფიზიკურ პირებადაც ვართ დარეგისტრირებული და შპს ამბულატორიის დირექტორებადაც ვითვლებით. 16 წელია, წყალაფორეთში ოჯახის ექიმად ვმუშაობ. 2008 წელს სტიქიის შედეგად ამბულატორიის შენობა დაზიანდა. მას შემდეგ შენობაში არც წყალი გვაქვს და არც ელექტროენერგია. ფაქტობრივად, არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს არც ჯანდაცვის სამინისტროსთან, არც ადგილზე ჯანდაცვის სამსახურებთან. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სიახლეებს ვერ ვეცნობით.

პრობლემაა ის, რომ პაციენტებს ეკონომიურად ძალიან უჭირთ. სოფელში, ძირითადად, მოხუცებულები ცხოვრობენ და ექიმის ბინაზე ვიზიტებს საჭიროებენ. წნევის აპარატითა და ფონენდოსკოპით ზუსტ დიაგნოზს ვერ დასვამ.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება ოჯახის ექიმსა და პაციენტს შორის უწყვეტ კომუნიკაციას გულისხმობს. წყალაფორეთიდან პაციენტებს ზესტაფონის საავადმყოფოში ჩასვლა უფრო უადვილდებათ, რადგან ამ სოფლიდან ხარაგაულისკენ პირდაპირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. მუნიციპალიტეტიდან გასული პაციენტების შესახებ კლინიკები ინფორმაციას აღარ გვაწვდიან.

საჭიროა, რომ ოჯახის ექიმის წესდებას კომპეტენტურმა პირებმა გადახედონ და ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის რაც გვჭირდება, იმით მოგვამარაგონ.

სამწუხაროა, რომ სოფლად მომუშავე ოჯახის ექიმების პრობლემებით სერიოზულად არავინ დაინტერესებულა.“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე თვლის, რომ ოჯახის ექიმის პროგრამაში სუბორდინაციის, ცალსახად არასწორი და მწირი დაფინანსების პრობლემებია.

„ამის ფონზე ექიმებს ძალიან ბევრი ვალდებულება აკისრიათ, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – მადლობა მათ, რომ ურთულეს პირობებში შრომობენ. პრობლემების დასაძლევად სისტემურად და თანმიმდევრულად უნდა ვიმოქმედოთ. სუბორდინაცია დარღვეულია იმიტომ, რომ ოჯახის ექიმებმა ვერ გაიგეს, ვისთან რა კომუნიკაცია და რა კუთვნილება აქვთ. წლების წინ პირველადი ჯანდაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ექვემდებარებოდა. ინდივიდუალურ საუბრებში მესმის, რომ ეს უფრო ხელსაყრელი და შედეგიანი იყო.

ახლა ოჯახის ექიმები სოციალური მომსახურების სააგენტოს დაქვემდებარებაში არიან და ანგარიშებს იქ აბარებენ. ახლახან შევიტყვეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ახალ შტატს ამატებს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

იმერეთის რეგიონს ერთი კოორდინატორი ეყოლება. დავინტერესდით ამ ახალი შტატის უფლება-მოვალეობებით. ჯერჯერობით, ამ შტატის მხოლოდ მხოლოდ ანაზღაურებაა განსაზღვრული. სახელმწიფო ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ცდისა და შეცდომის მეთოდით პოლიტიკას არ უნდა ვნერგავდეთ.

შესაძლოა, უკეთესი იყოს, რომ ის თანხა, რომელსაც დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსებისთვის ვაძლებთ, დელეგირებული ტრანსფერის სახით ადგილობრივ თვითმმართველობებს გადავცეთ.

სოფლად მომუშავე ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება დაბალია. თუ მათ ნორმალური ხელფასი არ ექნებათ, ვერ შეძლებენ და ვერც მოვთხოვთ, რომ მუდმივად იყონ ადგილებზე, ოთხჯერადი ვიზიტები განახორციელონ ქრონიკულად მოავადე პაციენტებთან.

ა/ო „ჩემი იმერეთის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები უნდა იყოს ძალიან მყარად არგუმენტირებული. როცა ჩვენ მივალთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, კანონმდებლებს უნდა დავანახოთ ამ წინადადებების მნიშვნელობა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.

როგორც დღეს ვართ ხელიხელჩაკიდებულები, ასე უნდა შევხვდეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. არ უნდა გავჩუმდეთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პირველადი ჯანდაცვის სფეროში რეფორმები აუცილებელია.“

ნინო კაპანაძე

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.