5 ივნისს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით, სპექტაკლის „ხორუმი ქართული ცეკვაა“ პრემიერა წარმოადგინა, გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. პრემიერას თავად მწერალი დაესწრო.

„ძალიან გახარებული ვარ, ჩემი პიესა რომ სცენაზე ასე შესანიშნავად გააცოცხლეთ, – მიმართა რეჟისორსა და დასს გურამ დოჩანაშვილმა, – საოცარი თანადგომა და დაფასება დავინახე. მივხვდი, რომ ტყუილად არ მიშრომია“.

„თეატრი ერის სარკეა და დღეს ჩვენ ხარაგაულის სცენაზე ამ სპექტაკლის სახით ვნახეთ, – ასე შეაფასა სპექტაკლი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა, – ძალიან ძნელია მწერლობის სცენაზე გადატანა. ამისთვის დრამატურგია არსებობს. გურამ დოჩანაშვილის პიესასთან შეჭიდება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ეს ოსტატურად შეძლო. გილოცავთ წარმატებულ პრემიერას“!

ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით „ხორუმი ქართული ცეკვაა“ 8 ივნისს ქუთაისში, საერთაშორისო ფესტივალზე – „თეატრალური იმერეთი 2019“ წარდგა.

10-17 ივლისს ლატვიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე საქართველოს ხარაგაულის თეატრი სპექტაკლს „ორნი“ წარადგენს.

ზაფხულში ხარაგაულის სოფლებში თოჯინების თეატრის სპექტაკლებს გამართავენ. სავარაუდოდ, შემოდგომაზე ხარაგაულის თოჯინების თეატრში გივი ჭიჭინაძის „იისფერას“ პრემიერა შედგება.

სპექტაკლის გეგმებზე, ისტორიასა და საკუთარ პიროვნებაზე სასაუბროდ ირინე ჩხეიძეს სპექტაკლის „ხორუმი ქართული ცეკვაა“ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები შეხვდნენ.

…ირინე ჩხეიძეს, თეატრის გარდა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ხატვა უყვარს. ოცნებობს, რომ საკუთარი თავი მთლიანად თეატრს მიუძღვნას. საყვარელი საქმის კეთებაში ძალიან უწყობს ხელს მეუღლე ნიკუშა მაღრაძე…

ელენე ჭყოიძე: -ქალბატონო ირინე, როგორ გადაწყვიტეთ რეჟისორობა?

-ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი. ვიყავი წარმატებული დეკლამატორი – ლაურეატისა და ოქროს მედლის მფლობელი მხატვრულ კითხვაში. 1990 წელს ხარაგაულის თეატრში დადგმულ „დარისპანის გასაჭირში“ კაროჟნას როლი შევასრულე. შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე.

2003 წელს ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად დავინიშნე. დღესაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ. 2004 წელს ხარაგაულელი ახალგაზრდების მონაწილეობით, ხალხური ფოლკლორის ნიმუშებზე შევქმენი სპექტაკლი „ლექსო, არ დაიკარგები“, – ქორეოგრაფიულ-ლიტერატურული კომპოზიცია, სადაც სიმღერა ცვლიდა ლექსს. ამ სპექტაკლში 17 ახალგაზრდის დებიუტი შედგა.

15 წელია, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ვარ. ჩემი საქმე მიყვარს; მიყვარს კი არა, ამის გარეშე სიცოცხლეც არ შემიძლია.

არმაზ შავიძე: -როგორ მიიღეთ თბილისიდან ხარაგაულში სამუშაოდ დაბრუნების გადაწყვეტილება?

-მიმაჩნია, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან მიყვარს ხარაგაული. აქ დავიბადე, სკოლაში აქ ვსწავლობდი. დედა, მამა და ძმა თბილისში ცხოვრობდნენ. მე ბებიასთან და მამიდასთან ვიზრდებოდი. იმდენად მიყვარდა ხარაგაული, რომ როგორც კი მომეცა დაბრუნების შესაძლებლობა, ძალიან მცირე ხელფასზე კულტურის განყოფილების უფროსად დავიწყე მუშაობა.

ალბათ, ბედისწერაც იყო…. ჩემს მეგობრებთან ერთად ხარაგაულში უდიდესი კულტურული კერა – თეატრი გავაცოცხლეთ, ახალი სიცოცხლე შთავბერეთ. ხარაგაულში რომ დავბრუნდი, წლების განმავლობაში ჩვენი სახალხო თეატრის რეჟისორი თამაზ კიკნაძე უკვე გარდაცვლილი იყო. კარგი იქნება, რომ სანამ შემიძლია, ხარაგაულში ახალგაზრდა რეჟისორი მოვიდეს და ჩემს გვერდით დადგეს.

ელენე ტალახაძე: -რა პრობლემები აქვთ რეგიონულ თეატრებს საქართველოში?

-ძალიან ბევრი პრობლემაა. რეგიონულ თეატრებში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ხარაგაულში აღარ ბრუნდებიან. თეატრს არ აქვს ცალკე შენობა, რაც აუცილებელია. ხარაგაულში ერთადერთი 300-ადგილიანი დარბაზია და ყველა ღონისძიება აქ ტარდება. კონცერტების რეპეტიციების პერიოდში რამდენჯერმე გვიწევს დეკორაციის შეცვლა. ეს კი მუშაობაში ხელის შემშლელია.

ადრე უფრო მეტად გვქონდა ფინანსების პრობლემა. ახლა თეატრი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შემადგენლობაშია და დირექტორი ნიკო მაჭავარიანი მაქსიმალურად ხელს გვიწყობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ივლისში ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში ჩვენი გამგზავრება.

ნანუკა ლურსმანაშვილი: -გვიამბეთ ხარაგაულის თეატრის წარმატებებზე. რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?

-„დარისპანის გასაჭირი,“ რომელიც ხარაგაულში 1990 წელს დაიდგა – საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე გრანპრი დავიმსახურეთ. თამაზ კიკნაძე, რომელიც დარისპანს თამაშობდა, ამ სპექტაკლის გვირგვინი იყო. ის შეუდარებელი მსახიობი იყო შესანიშნავი ხმის ტემბრით, გარეგნობით, სამსახიობო მონაცემებით…

ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი სპექტაკლი „თანამდევი სული“ იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელია. „თანამდევი სული“, ხარაგაულსა და ქუთაისს გარდა, ვითამაშეთ ბათუმში, თბილისში, ჭუბერში, მერეთში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში და ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში. ამ სპექტაკლმა ასევე გრანპრი დაიმსახურა თურქეთის ქალაქ ქემერში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე.

გორში, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე, სპექტაკლისთვის „დარისპანის გასაჭირი“ საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მივიღე. სპექტაკლში „ორნი“ ქალის როლის საუკეთესოდ შემსრულებლის ნომინაციაში გავიმარჯვე. წარმატებულია საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“, რომელსაც თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა „ყველაზე გულწრფელი სპექტაკლი“ უწოდა. ჩემს მიერ დადგმული ყველა სპექტაკლი ძალიან მიყვარს.

მეშინოდა, როგორ ვითამაშებდით სპექტაკლს „ორნი“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის 800-კაციან დარბაზში. ახლაც კი მახსოვს ის შეგრძნება, სცენამ რომ ბრუნვა დაიწყო და მაყურებლის პირისპირ მარტო აღმოვჩნდი… თითქოს ყველაფერი დამავიწყდა და წამიერად, საკუთარი სხეულიდან გავედი… ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია.

საბა ებანოიძე: -უცხოეთში ფესტივალებში მონაწილეობა რას აძლევს ხარაგაულის თეატრს?

-საერთაშორისო ფესტივალებზე ვეცნობით უცხოური თეატრების გამოცდილებას. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება დეკორაციის მოწყობის, სამსახიობო ოსტატობის, ალტერნატიულ სივრცეში თამაშის მიმართულებით. მსურს, რომ ხარაგაულში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩავატარო.

კესო ჩხიკვაძე: -რამ გადაგაწყვეტინათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებში სპექტაკლების გამართვა?

-საოკუპაციო ზოლთან, სოფელ მერეთში „თანამდევი სული“ რომ ვითამაშეთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიციის ეკიპაჟი მიგვაცილებდა და კილომეტრნახევარში მავთულხლართებს ვხედავდით. დღემდე ვმეგობრობთ მერეთის სკოლასთან. პერევში თოჯინების თეატრის სპექტაკლის გამართვას ვაპირებთ. ამას, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს და თანაც, ამ სოფლების მოსახლეობა მოკლებულია თეატრალურ წარმოდგენებს.

სვანეთის მაღალმთიან სოფელ ჭუბერში ხარაგაულელმა მასწავლებელმა თეა ტალახაძემ მიგვიწვია. იმ წელს თეა ჭუბერის სკოლაში ასწავლიდა. სკოლის მოსწავლეებს სპექტაკლი საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი. სპექტაკლებისთვის ჭუბერში მესტიიდანაც კი მოვიდნენ.

ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რომ „დარისპანის გასაჭირი“ ვითამაშეთ, ჩვენი თეატრის ცნობადობა და პოპულარობა გაიზარდა. მას შემდეგ სხვა თეატრებმაც მოინდომეს იქ სპექტაკლის ჩატარება, მაგრამ უარი მიიღეს. ხარაგაულის სახალხო თეატრს, როგორც მაღალი დონის დასს იცნობენ.

ქრისტინე მაღრაძე: -რა გეგმები გაქვთ ხარაგაულში საბავშვო თეატრთან დაკავშირებით?

– ხარაგაულში საბავშვო თეატრის ჩამოყალიბების დიდი პოტენციალია და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას ვგეგმავ. ჩემი შვილი ვატოც არ მაძლევს მოსვენებას. თეატრი სინთეზური ხელოვნებაა, სადაც ადამიანი მხატვრობას, ქორეოგრაფიას, სიმღერას, ლიტერატურას სწავლობს. საბავშვო თეატრში ბავშვები თეატრალურ ხელოვნებას ეზიარებიან, მეტყველების კულტურას სწავლობენ.

პროექტის „თეატრი სკოლებისთვის“ ფარგლებში მოსწავლეებს ხარაგაულის საუკუნოვანი თეატრის ისტორიაზე ვესაუბრებით, უმცროსკლასელებს თოჯინების თეატრის სპექტაკლებს წარვუდგენთ. ხარაგაულის საჯარო სკოლებს ჩვენი სპექტაკლების – „დარისპანის გასაჭირი“ და „თანამდევი სული“ – ვიდეოჩანაწერები მოვუმზადეთ და გადავეცით. ახლახან ხარაგაულის სკოლების უცხო ენების მასწავლებლებს შევთავაზეთ, რომ ჩვენი თეატრის თოჯინების გამოყენებით პატარა სპექტაკლები დადგან.

ელენე ტალახაძე: -რას გვისურვებთ „იმედი ხვალის“ ჟურნალისტებს?

– შვიდი წლის წინ, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ რომ ჩამოყალიბდა, პირველი რესპოდენტი ვიყავი. მას შემდეგ რამდენი ახალგაზრდა დააფრთიანა ამ პროექტმა. ბევრმა ჟურნალისტობა პროფესიადაც გაიხადა. „იმედი ხვალის“ მნიშვნელოვანი პროექტია. ხარაგაულში შეგიძლიათ, რომ გამოცდილ ჟურნალისტებთან ისწავლოთ. მეამაყება, რომ გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ რეგიონულ მედიაში გამორჩეულია. დარწმუნებული ვარ, წარმატებულები იქნებით. მართლაც თქვენ ხართ იმედი ხვალის, ჩვენი უკეთესი მომავლის იმედი.

ფოტოზე: ირინე ჩხეიძე „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებთან და „იმედი ხვალის“ სტუდენტებთან