13-14 ივნისს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 65 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად გადაეცემა 450 ლარიანი ვაუჩერი, რომელთა განაღდებასაც ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 20-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან მოახერხებენ.

პროექტს, რომელიც ამასთანავე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ქოლგის ქვეშ ხორციელდება, ოფიციალურად 13 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად გახსნის.

პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ.

პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ გამომცემლობებმა სპეციალურად ბიბლიოთეკებისთვის ფასდაკლების კატალოგი შექმნეს. ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ შეარჩია 66 წიგნი, რომელთაც 450 ლარიანი ვაუჩერით შეიძენენ. წიგნების ადგილზე ტრანსპორტირებას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უზრუნველყოფს.

ნანა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ძირითადად იმ ლიტერატურას შეიძენენ, რომლებსაც მკითხველები ითხოვენ. რადგან წელს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის პრიორიტეტი სასოფლო ბიბლიოთეკების გაძლიერებაა, ახალ წიგნებს მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სასოფლო ბიბლიოთეკა და ასევე საბავშვო ბიბლიოთეკა მიიღებს.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით წელს მეხუთედ ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.