საქართველოს საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები 2019 წლის 17 ივნისს ჩატარდება.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი მოსწავლე.

სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს 3 წლის ვადით ირჩევენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ.

სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა.

ფოტოზე: სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარაგაულის #2 სკოლაში, 2016 წ.