დღეს ორშაბათია, მაგრამ რეპეტიცია არ იქნება. ამ წელიწადში პირველი ორშაბათი, როცა შეგვიძლია თავისუფლად ამოვისუნთქოთ.

ზოგიერთმა დღეს შეიძლება საათსაც დახედოთ და იფიქროთ, რეპეტიციაზე მაგვიანდება, გადაირევა ირინაო, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – აღარ გადავირევი.

ვზივარ დაღლილი და ემოციისაგან დაცლილი. უკვე მეასედ ვათვალიერებ სპექტაკლის სურათებს და ვფიქრობ, – რა ძალაა ეს, ასეთ თავდაუზოგავ შრომას რომ გაიძულებს? იქნებ იმ რაღაცის სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება?

ისე, სწორედ მაგ სიყვარულით ექვს თვეში ორი პრემიერა ვითამაშეთ. ბევრი ვინერვიულეთ და ვანერვიულეთ ერთმანეთი, მაგრამ შედეგიც ვნახეთ. მაყურებელთა მხურვალე ოვაცია და დიდი მწერლის სიხარული. ამაზე დიდი ჯილდო არაფერია.

აბა ნახვამდის, ფესტივალის დახურვამდე!

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2019“ ფარგლებში ხარაგაულის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ხორუმი ქართული ცეკვაა“ წარდგა. მანამდე კი სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში შედგა და მას ამ პიესის ავტორი, გურამ დოჩანაშვილი დაესწრო.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქუთაისში 20 ივნისს დაიხურება. ფესტივალში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრებთან ერთად ბაქოს, რუმინეთის, სომხეთისა და პოლონეთის თეატრები მონაწილეობენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ხორუმი ქართული ცეკვაა“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე