სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

ახალი მიდგომით, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული.

ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი, შესაძლოა, იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი.

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად  უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.  აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება. ბავშვების კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე. აღნიშნული წესის დარღვევისას გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჯერ კიდევ 2016 წელს შეიმუშავა ექსკურსიების ორგანიზებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რაც სავალდებულო იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, თუმცა არ ვრცელდებოდა მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე.

ვრცლად ამის შესახებ გაეცანით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე.

„ახლა, როცა მთელი საქართველო სასკოლო ექსკურსიების რეგულაციებზე საუბრობს; როდესაც სკეპტიკურად განწყობილი ერთი მხარე საერთოდ გაუქმებას ითხოვს, მეორე კი ახლოს ფეხით გასეირნებას მიესალმება და სხვასაც განწყობას უფუჭებს ექსკურსიის წინ, მინდა აზრი გამოვთქვა ექსკურსიის დანიშნულებაზე, – წერს სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე ხარაგაულელი პედაგოგი თეა ტალახაძე:

„რა არის ექსკურსია? როგორც ბატონი ჯეჯელავა ამბობდა, ბარკლის ჯიჯგვნა, თუ ახლის შესწავლა?

სკოლა ისე დავამთავრე, მხოლოდ ერთხელ ვიყავი ექსკურსიაზე, თბილისში წამომიყვანეს, ემილ კიოს წარმოდგენას დავესწარი ცირკში.

მესამე კლასში ვიყავი და თითოეული დეტალი მახსოვს. მერე დრო აირია და არავის არსად წავუყვანივარ. მასწავლებელი რომ გავხდი, ექსკურსიებზე და ბავშვების არაფორმალურ გარემოში გაყვანაზე ზრუნვა დავიწყე. ჩემი სადამრიგებლო მეხუთე კლასიდან, მეცხრეს ჩათვლით რომ ვხელმძღვანელობდი, 13-ჯერ მყავდა ექსკურსიით სხვადასხვა კუთხეში წაყვანილი. ვიღაცას ეს რიცხვი სასაცილოდ არ ეყოფა, მაგრამ ჩემი მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის ეს ბევრია. 

ექსკურსია მარტო „დაგეგმილი მაქვს და უნდა შევასრულო“, ან„ სადმე წავიყვან ბავშვებს“ არაა. წინასწარ ბევრი ფიქრი, მომზადება და ზრუნვა სჭირდება. 

ექსკურსიის დროს მასწავლებელი ნაღმზე ზიხარ, ასი თვალი და ასი ყური გაქვს გამობმული, ვიღაცას ტრანსპორტი წყენს, ვიღაცას სიმაღლის ეშინია, სხვას წინ სიარული და სისწრაფე უყვარს. ყველა დადგენილ წესსა და ნორმას უნდა დაამორჩილო. შეიძლება გაგებუტონ, გაბრაზდნენ, თუმცა არ უნდა დანებდე, არ დაუთმო. 

ვარძიაში ექსკურსიით წასვლა არ მიყვარს. მკითხავთ, რატომ? სულ მეშინია, სელფებს გადაკონწიალებული ბავშვები არსად გადაცვივდნენ, არც ვაძლევ სელფის გადაღების უფლებას. მე გადავუღებ ყველას ფოტოს, ოღონდ სიფრთხილე გამოიჩინონ. გვირაბში წინ მივდივარ, რომ ერთმანეთის გადასწრების ჟინში არ დაიმტვრნენ და არაფერი მოიტეხონ. განა ადვილია, ბავშვს გადავასწრო მაშინ, როცა სწრაფად ვერ დავდივარ, მაგრამ წინასწარ ვართმევ პირობას, რომ მოძრაობისას ჩემ წინ არ წავა, ან არ წამოვა საერთოდ. 

რას ემსახურება აკრძალვა?
ის, რომ მანქანა და მძღოლი სანდო უნდა იყოს, აკრძალვის გარეშე არ ვიცოდით? ან ბავშვს ჯანმრთელობის ცნობა და დედის თანხმობა რომ სჭირდება, მინისტრმა უნდა შეგვახსენოს?
მე არ ვფიქრობ, რომ ექსკურსია უნდა აიკრძალოს, პირიქით, კარგი იქნება, თუ სამინისტრო სკოლებს გარკვეულ თანხას გამოუყოფს წლის მანძილზე განსახორციელებელი ექსკურსიებისთვის.

რატომაა ეს თანხა საჭირო?
იმიტომ, რომ ბავშვმა არაფორმალურ გარემოში, ჩარჩოში მოქცეული 45 წუთიანი გაკვეთილის იქეთ გაიგოს, რა არის ნამდვილი ურთიერთობა.
იმიტომ, რომ ერთი დღით მაინც მოშორდეს ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს და ჩაისუნთქოს ნამდვილი ჰაერი, შეისწავლოს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ეზიაროს წინაპართა ამბებს და თავისუფლად გაატაროს ერთი დღე. 

სწორედ ექსკურსიაზე იძენს მოსწავლე ისეთ უნარებს, რაც ცხოვრებაში გამოდგება.
ვიდრე მუხლში ძალა გვაქვს, ვიდრე ექსკურსია გვიხარია, ვიაროთ და გავახაროთ სხვაც“, – წერს თეა ტალახაძე.