„2018 წელს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 273 684 ლარი გამოეყო.
ამ თანხას თანადაფინანსება 53 227 ლარიც დაემატა. სულ 31 პროექტი მომზადდა. სამუშაოების მიმდინარეობისას, საპროექტო დოკუმენტაციებში აუცილებელი ცვლილებებისა და ცუდი კლიმატური პირობების გამო, 24 პროექტის შესრულება 2019 წლისთვის გადავადდა. მათგან 2019 წელს მხოლოდ სამი პროექტი დასრულდა. სამშენებლო ორგანიზაციები დაჯარიმებულია“, – ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიშში.
რა გახდა პროექტების შეუსრულებლობის მიზეზი და რატომ არ შეუწყვიტა მერიამ არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ხელშეკრულებები, – ამით ხარაგაულის საკრებულოს წევრები ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის (თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე) სხდომაზე დაინტერესდნენ.
მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ 2018 წელს შეუსრულებელ პროექტებზე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მეწარმეებთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მშენებელი ორგანიზაციები პროექტებს ივნისის ბოლოსთვის ჩააბარებენ.
თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ კომპანიებმა ბევრი ვალდებულება აიღეს და საქმეს ვეღარ გაუმკლავდნენ. მისი ინფორმაციით, მაგალითად, სამშენებლო ორგანიზაცია „საპოვნელა+“, რომელსაც ბეტონის ქარხანაც აქვს და ტექნიკაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ 2019 წლის დასაწყისში კომპანიებთან, რომლებიც ტენდერებში მონაწილეობენ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ხარაგაულში გზების მშენებლობაზე მშენებელი კომპანიების უმრავლესობა თავს იკავებს; განსაკუთრებით ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მუშაობისგან, რადგან ბეტონის მიტანა ძვირი უჯდებათ.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე დაინტერესდა, ხომ არავინ დააშინა კომპანიები ან ვინმე ზედმეტი სამუშაოს შესრულებას ხომ არ ავალებს. მისი შეფასებით, მშენებელი ორგანიზაციები ივნისის ბოლომდე პროექტების დასრულებას ვერ შეძლებენ.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერია პრიორიტეტების შერჩევისას საკრებულოსთან და მოსახლეობასთან არ თანამშრომლობს. საკრებულოში მოსაწონებლად მერიას უკვე თავისი შეხედულებით შერჩეული პროექტები მიაქვს და რადგან პრობლემა ყველგანაა, საკრებულო ვერცერთი პრობლემის მოგვარებაზე უარს ვერ ამბობს.
ვარლამ ჭიპაშვილი მერიას აუდიტის იმ რეკომენდაციას ახსენებს, რომლის თანახმადაც ნალექი პროექტის შესრულების გადავადების საფუძველი არ არის. ხარაგაულში კი პროექტების უმრავლესობა სწორედ ამ „მიზეზით“ გადავადდა.
„ბუნდოვანია კონკრეტულ მეწარმეებთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – 3 დეკემბერს რომ უნდა დაესრულებინა ობიექტი, იმ კომპანიას ხელშეკრულება მერიამ 27 თებერვალს შეუწყვიტა და ვფიქრობ, – სამართლიანად. მაგრამ კომპანია „ნიუ გრუპს“ პირველ აგვისტოს რომ უნდა დაესრულებია გზის დაგება, დღემდე არ უწყვეტთ ხელშეკრულებას და წლის განმავლობაში 21-ჯერ აძლევთ ავანსს. ეს, ჩემი აზრით, პერსონალური მიდგომაა. მეტიც, იმავე კომპანიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ ტენდერებში 2019 წელსაც გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემების მოგვარება თქვენც გინდათ, მაგრამ ეს ადექვატურობას, სამართლიანობასა და კანონიერებას მოითხოვს.“
მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემური თაბუკაშვილი ამბობს, რომ მეწარმეებთან ხელშეკრულების შეწყვეტა რთულია. ამის შემდეგ კომპანიას ერთთვიანი ვადა აქვს გასასაჩივრებლად. ხელახალი ტენდერი ამ ვადის გასვლის შემდეგ უნდა გამოცხადდეს.
„სექტემბერ-ოქტომბერში რომ შეგვეწყვიტა კომპანიებისთვის ხელშეკრულება, მომავალი წლის გაზაფხულამდე სამუშაოები მაინც ვერ დაიწყებოდა, – ამბობს თემურ თაბუკაშვილი, – ივნისის ბოლოს რომელი კომპანიაც სამუშაოებს ვერ დაასრულებს, მასთან ხელშეკრულება შეწყდება.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 3 ივნისის სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მუშაობის ანგარიშს განიხილავს და შეაფასებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი