
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დღეს, 28 მაისს, ხარაგაულელი თვითნასწავლი შემოქმედის გია მეიფარიანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
მუზეუმის მცირე დარბაზში მის მიერ შექმნილი 19 ბარელიეფია გამოფენილი. ბარელიეფებში სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედია გამოსახული.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე ამბობს, რომ ბარელიეფების გამოფენით მუზეუმმა დამთვალიერებლისათვის სიახლის შეთავაზება გადაწყვიტა.
გია მეიფარიანი 1966 წელს ხარაგაულში დაიბადა და რკინიგზის #10 (ახლანდელი ხარაგაულის #3 საჯარო) სკოლა დაამთავრა. ბავშვობაში ხატვის შესწავლა იოსებ ბექტურაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო.
„ხატვით რომ დავინტერესდი, ბატონი იოსების დამსახურებაა, – იხსენებს გია მეიფარიანი, – თავიდან, ძირითადად, პორტრეტებს ვხატავდი. რუსეთში სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე. მუშაობის პროცესში შემომთავაზეს, ხომ არ შემეძლო ბარელიეფებით კედლების მოხატვა. დაახლოებით 5 წელია, რაც ბარელიეფზე ვმუშაობ. ჯერ ესკიზს ვხატავ, შემდეგ თაბაშირმუყაოზე ვადებ ფითხლს და საჭრისით გამომყავს გამოსახულება, რომელსაც ვღებავ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები რუსეთში სხვადასხვა შენობის გარე და შიგა ფასადებზე მაქვს შექმნილი, აქ მათი შემცირებული ვარიანტებია წარმოდგენილი“.
„გიას ბავშვობიდან ვიცნობ და ყოველთვის ძალიან კარგად ხატავდა, – აღნიშნა გამოფენაზე მამუკა ჭიპაშვილმა, – შემდეგ ხატწერით დაინტერესდა, თუმცა სხვა პროფესია აირჩია. ორი წელია, რაც ხარაგაულში დაბრუნდა. კარგი იქნება, თუ საკუთარ ნიჭს ხარაგაულს მოახმარს“.
„სასურველია, თუ ხარაგაულში სახლების გვერდითა კედლებს ბარელიეფებით გავაფორმებთ და მის გაკეთებას ბატონ გიას ვთხოვთ. ამისათვის, მომავალ წელს ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხას გავითვალისწინებთ,“ – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.
გია მეიფარიანს ეკუთვნის პირველი ფერადი ბარელიეფი ხარაგაულში, რომელიც ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დაკვეთით შეიქმნა.
მუზეუმში გამოფენის დათვალიერება 15 ივნისამდეა შესაძლებელი.
თამთა გოგოლაძე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის