22 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და `მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები; ხარაგაულში პროფესიული სახელობო სასწავლებლის შექმნის პროექტი.
კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ანგარიშის გაცნობამდე აღნიშნა, რომ რადგან ის ამ თანამდებობაზე ახლახან დანიშნულია, საკრებულოს კომისიისთვის მისგან წარმოდგენილ ანგარიშს ვერ ექნება სრულყოფილი სახე: „ორიოდე სიტყვით გეტყვით იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ჩატარდა საანგარიშო პერიოდში,“ – აღნიშნა მან და ისაუბრა იმ კულტურულ ღონისძიებებზე, რომლებიც 2011 წლის 1 იანვრიდან ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კულტურის სამსახურის ორგანიზებითა თუ ჩართულობით.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „გაიმართება მუსიკალური პროექტი „დო, რე, მი,“ სამოდელო სააგენტო კატრინი გეგმავს სილამაზის კონკურსს და მომღერალ ნინი შერმადინის კონცერტს. 27 ივნისს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „საუნჯე“ მონაწილეობას მიიღებს თბილისში გამართულ ფესტივალში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სამუსიკო სტუდია „ჰარმონია“ გამართავს კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2 ივლისს ზესტაფონში გამართულ ფესტივალში „სულიკო,“ მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ოდილა.“ ივლისში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მოეწყობა ექსკურსია სათაფლიაში. ასევე ივლისში იგეგმება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ტერიტორიულ ერთეულებს შორის. 24 ივლისს ჩატარდება სახალხო ფესტივალი `არტგენი,“ სადაც მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ოდილა.“ ივლისში ტარდება მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში უბნებსა და ორგანიზაციებს შორის.
თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერის დასრულებისთანავე, მოეწყობა სკვერის პრეზენტაცია ღამით, ღია ცის ქვეშ. თოჯინების თეატრი დადგამს ახალ სპექტაკლს. 8 აგვისტოს შევხვდებით აგვისტოს ომის ხარაგაულელ მონაწილეებს. კარგი იქნება, თუ მოგვეცემა ფილმის „აგვისტოს ხუთი დღე“ ერთობლივად ნახვის შესაძლებლობა. ვგეგმავთ თავგადასავალთა მაძიებელთა ბანაკს (პროექტის ავტორი მამუკა ჭიპაშვილი) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
გვინდა აღვნიშნოთ ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის 100 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით გამოვცეთ ბუკლეტი, კულტურის ცენტრის კედელზე გაკეთდეს ბანერი „ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი 100 წლისაა“ იმ ადამიანების სახეებით, ვინც წლების განმავლობაში იღვწოდნენ ამ თეატრში.
აუცილებლად გავაკეთებ ახალ სპექტაკლს. თქვენ იცით, როგორ წამოუდგა ფეხზე და ოვაცია გაუმართა ბათუმის ძალიან დახვეწილმა მაყურებელმა ხარაგაულის სპექტაკლს. არა მგონია, 2007 წლიდან დღემდე, ჩვენს გარდა, რომელიმე რაიონში, შვიდი სპექტაკლი იყოს დადგმული.
ენთუზიაზმით ვმუშაობთ სიცივეში. „პროჟექტორი“ ხელით გვიჭირავს. ძალიან რომ გაცხელდება, ხელი გვეწვება და ნაჭერი უნდა შემოახვიო.
აუცილებელია ჩვენი თეატრის ძალიან მოძველებული ჩაცმულობის შეცვლა, კინო-თეატრში განათების მოწესრიგება, თანხის გამოყოფა ფარდების შესაცვლელად; ინსტრუმენტის შესაძენად კინოთეატრისა და მუზეუმისთვის. კულტურის სამსახურს სჭირდება პროექტორი ეკრანით.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის შენობა, განსაკუთრებით პირველი სართული, გასარემონტებელია. პირველ სართულზე ნესტის გამო ლპება ხალიჩები და წყალი დგას. მუზეუმის ერთ-ერთ ოთახს თუ შესაბამისად დავიცავთ რკინის კარით, გამოიფინება ძვირფასი ექსპონატები, – ბანკში როდემდე უნდა იყოს გამოკეტილი.
მუზეუმს სჭირდება თანხა ექსპოზიციების განახლებისათვის. გაურკვეველია ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის საკითხი. სასურველია, გამოიყოს თანხა ახალი ლიტერატურის, მაგალითად, „ნობელის პრემიის ლაურეატების“ შესაძენად. სამომავლოდ, „მხიარული სტარტებისა და თამაშების“ ჩასატარებლად საჭიროა ინვენტარს შეძენა
ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალი წლის ბიუჯეტში თოჯინების თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა ცალკე იქნება გათვალისწინებული.“
ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ სამომავლოდ დაგეგმილი თითოეული ღონისძიებისთვის წინასწარ შედგება შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიში ციფრებით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი: „ყველა სამსახურმა, აგვისტოს შუა რიცხვებამდე, უნდა დაგვისაბუთოს, თუ რა თანხა სჭირდებათ მათ მომავალ წელს გამართულად ფუნქციონირებისთვის. ვერ ვიტყვით, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტა აისახება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, მაგრამ სად რა თანხის გათვალისწინებაა საჭირო, ეს თვენახევარში აუცილებლად უნდა გახდეს ჩვენთვის ცნობილი.“
„ახალი საბიუჯეტო პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, – აღნიშნა დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა, – ყველა სამსახურმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, თავიანთი გაანგარიშებები. პროექტს, რომელზეც ბიუჯეტის შედგენისას არ გვექნება საუბარი, შემდგომ ვეღარ დავაფინანსებთ. ახლავე მაქსიმალურად უნდა ვიცოდეთ ყველაფერი.“
მამუკა ჭიპაშვილმა და რომან შერგელაშვილმა აღნიშნეს, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.
დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ კოლეგებს კინოთეატრის შენობის საკითხი შეახსენა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ვერ აისახება იმ შენობის რემონტი, რომელიც მუნიციპალიტეტის ქონება არ არის. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კინოთეატრის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა მოსაგვარებელი საკითხია.
რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ გამგეობის კულტურის სამსახურის მოვალეობაა მუნიციპალური პროგრამების დადება და მუშაობა ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს.
დეპუტატმა ვალოდა კელენჯერიძემ კულტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს სადისერტაციო თემა უწოდა: „ეს ანგარიში კი არა, სადისერტაციო თემაა. ყველაფერი ღრმად შინაარსიანად და საინტერესოდ წარმოადგინა. პრობლემები გადასაწყვეტია, მაგრამ ყველა ერთად ვერ მოგვარდება. მივესალმები, რომ ამ სამსახურს დაუბრუნდა ირინე ჩხეიძე, რომელიც სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ხარაგაულთან და ამ სფეროს განსაკუთრებულად კარგად იცნობს. ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდით მას ისე, როგორც საჭიროა.“
„ვწუხვარ, რომ ვერ ვახერხებ კომისიის სხდომაზე დასწრებას, – ვკითხულობთ სოციალურ საკითხთა კომისიისათვის დეპუტატ ნოდარ ებანოიძის მიერ გამოგზავნილ წერილში, – მინდა მადლიერება გამოვხატო კომისიის ხელმძღვანელისადმი, რომელიც ყველანაირად მიწყობს ხელს, რათა შევძლო კომისიის სხდომებზე დასწრება., თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხდომის გადადებამ მომისპო შესაძლებლობა სხდომაზე დასწრებისა. უღრმეს ბოდიშს ვიხდი და ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მომიწია ჩემი მოსაზრების წარმოდგენა. წუხილს ისიც მიძლიერებს, რომ მიწევს ჩემი არცთუ დადებითი პოზიციების გამოხატვა განსახილველ პროექტებთან მიმართებით.
უკლებლივ ყველა პროექტის მიმართ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, მათი ფორმისა და შინაარსიდან გამომდინარე, ღირსებას არ მატებენ არც მათ შემადგენლებს და არც კომისიიის იმიჯს. დოკუმენტები, რომლებიც ასეთი მაღალი სტატუსის მქონე ორგანოში იხილებიან, საჭიროებენ ისე მომზადებას, რომ ჩანდეს მათი შექმნის მიზანი და დანიშნულებაც. უნდა იგრძნობოდეს, რომ მათ შედგენაზე გაისარჯნენ.
კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის ანგარიში წარმოადგენს მხოლოდ სტატისტიკას, თანაც უცნაურად შედგენილს. მაგ. ვკითხულობთ: „გადახდილი იქნა გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი“ (ვფიქრობ, კრიტიკას ვერ უძლებს), ანდა „ზესტაფონში ტარდება ფესტივალი „სულიკო,“ სადაც წარდგენილი იქნება შემსრულებლები ხარაგაულიდან.“
კიდევ უფრო უცნაურია მოთხოვნა კინოთეატრის ფოიესა და მაყურებლის დარბაზის შეკეთებასთან დაკავშირებით. საერთოდ, კინოთეატრის საკითხი, ალბათ, ცალკე მსჯელობის საგანია. მე სრულიად არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ამ საკითხის ერთადერთი გადაწყვეტილება მისი შესყიდვა უნდა იყოს, თუმცა არც ის არ შეიძლება, რომ არ გქონდეს, რაიმე სახის უფლება ღონისძიებების ჩატარებისთვის ერთადერთი მეტნაკლებად ვარგისი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.
გამგეობის სტრუქტურას (ამ შემთხვევაში კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს) ევალება დარგის ფუნქციონალური ხელმძღვანელობა და მისი მოვალეობაა არა სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტის პროფილის დაწესებულებების „უფროსობა“. იგი უნდა ქმნიდეს ინტელექტუალურ პროდუქტს, რაც გამოიხატება საკრებულოს წინაშე სხვადასხვა საინტერესო პროგრამების წარდგენაში და შემდგომ ასეთი პროგრამების შესრულების მონიტორინგში. ვფიქრობ, რომ სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიმიჯნოს ყველა დაწესებულების ფუნქციები (კანონით იგი გამიჯნულია), რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მუშაობის „აღმასკომური“ სტილი (რომელსაც მეც `წარმატებით“ ვიყენებდი ორი ათეული წლის წინ).
ანგარიშში მინიშნებული არ არის, ამუშავებენ თუ არა რაიმე პროგრამებს, თანაც იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით უახლეს საბიუჯეტო წლებში გათვალისწინებულია პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა.
ანგარიშში დიდი ადგილი უჭირავს (და ეს სწორია) პრობლემების ჩამონათვალს, თუმცა არ იკითხება, რა ოფიციალური მოთხოვნა იყო წარდგენილი ბიუჯეტის შედგენის დროს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „ეხმარება“ და „იჭრება“ პოლიციის, განათლების სამინისტროს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ფუნქციებში და სრულიად უკანონოდ ხარჯავს ათეულობით ათას ლარს და ამ დროს დიდი მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებს ფუნქციონირების ელემენტარული პირობები არ აქვთ.
ნმოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გაწეულ მუშაობასა და პრობლემებზე, ასევე ხარაგაულში პროფესიული სახელობო სასწავლებლის შექმნასთან დაკავშირებით გაზეთის შემდეგ ნომერში გესაუბრებით.
ლაურა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი