„არ ვაპირებთ ვინმეს ხელები ვუტრიალოთ; არ აქვს მნიშვნელობა, კანონს ვინ დაარღვევს, – ოპონენტი თუ უმრავლესობაში მყოფი ხელისუფალი,“ – აღნიშნა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ 15 აპრილს დეპუტატის ბიუროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ხარაგაულში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს ეხებოდა. ნოდარ ებანოიძემ შეხვედრის დასაწყისში გაიხსენა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები და მაშინდელი წინასაარჩევნო გარემო შეაფასა, როგორც კოშმარი. შეხვედრაზე დეპუტატმა ისაუბრა უწყებათაშორის კომისიაზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეასრულონ უწყებათაშორისი კომისიის მოთხოვნები.

პარლამენტარის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვება. „მე გარდა იმისა, რომ ვარ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ასევე ვარ ხარაგაულის წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული ხარაგაულელის წინაშე. არ მინდა ისეთი საკრებულო, სადაც ერთ აზრზე იქნება ყველა. მე ეს გამოვცადე ერთხელ და ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის,“ – აღნიშნა ნოდარ ენაბოიძემ.

შეხვედრაზე როინ ხიჯაკაძემ განაცხადა, რომ ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატობას აპირებს ხალხის პარტიიდან. მან მოიწონა ასეთი შეხვედრები და ისაუბრა უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოცემულ საარჩევნო რეკომენდაციებზე. როინ ხიჯაკაძემ აღნიშნა, რომ ის ესწრებოდა უწყებათაშორისი კომისიის იმ სხდომას,რომელიც შეეხებოდა იმერეთის გუბერნატორის მიერ ხარაგაულში გამართულ დახურულ შეხვედრას და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხარაგაულის წარმომადგენლის აქტივობას ამ შეხვედრის ორგანიზებაში. „ვაპირებ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას. დიდი სურვილი ღირსეულმა სამართლიანად გაიმარჯვოს. წინასაარჩევნო პერიოდში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლისა და გუბერნატორის უკანონოდ ჩართვა იქნება ხელების გადაგრეხვა. ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებენ, მაგრამ არც იმას დაუშვებენ, რომ ქუჩებსა და სოფლებში ადამიანებზე ზეწოლა განახორციელონ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა, თუნდაც კანდიდატებმა. ნოდარ ებანოიძემ დააზუსტა, რომ ამას კანონი არ დაუშვებს.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა ზეწოლებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნადაბურში ნაციონალური მოძრაობა გეგმავდა მაჟორიტარობის კანდიდატად დაესახელებინა ნუგზარ შუბითიძე, რომელიც დიდი ხანია უმუშევარია. 14 აპრილს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ის რწმუნებულის თანამშემწედ დანიშნა.

გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანს შეკითხვით მიმართა – ე.ი. სამსახურით დაკმაყოფილება ზეწოლაა და გათავისუფლება არა?

გამგებელმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იყო, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანს ეხელმძღვანელა ორგანიზაციისთვის, რომლის ბიუჯეტიც ნახევარი მილიონი ლარია, – ისევე, როგორც ეს ახლა ხდება ქალბატონი ქეთევან ზუმბაძის შემთხვევაში.

ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ნახევარი მილიონი ლარით ქეთევან ზუმბაძე კი არა, მუნიციპალიტეტში სკოლამდელების აღზრდა და მოვლა ფინანსდება.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, ვერავინ იტყვის, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ვინმე შეავიწროვეს ან სამსახურის დატოვება მოთხოვეს. „ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი ადამიანები უფრო მეტი იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ.“

შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ გაიხსენა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ზეწოლა, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა. მან აღნიშნა, რომ დღესაც არის შემთხვევები, როცა რწმუნებული და მისი თანაშემწე ეუბნება გლეხს – არაფერსაც არ გაგიკეთებ იმიტომ, რომ თქვენ თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას მიეცით ხმაო.

რუსუდან გურგენიძის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ თუ ასეთი ფაქტები ხდება და არ დასახელდებიან ადამიანები, ვინც ამას აკეთებს, ვერ მოხდება რეაგირება.

ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტების შემთხვევაში უნდა არსებობდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია; ფაქტების დადასტურების შემთხვევაში კი – ადექვატური რეაქცია.

შეხვედრის ბოლოს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ თავისუფალი გარემო არჩევნებზე.

თამთა გოგოლაძე