ეს ინფორმაცია მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძესგან მოვიპოვეთ.

ეს მიწის ის ფართობია, რომელიც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის განკარგულებით, ავტობანის მშენებლობის არეალში იყო მოქცეული და რომელზედაც 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა. შერჩეული ფართობის დარეგისტრირებაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან თანხმობის უქონლობის გამო, გასულ წელს ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი ვერ აშენდა.

როგორც ჯაბა ბერაძე ამბობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავტობანის მშენებლობის პროექტი დააკორექტირა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 570 კვმ მიწის ფართობის დარეგისტრირების ნებართვა დართო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მიწის ამ ფართობს 5 სამუშაო დღის ვადაში დაირეგისტრირებს.

გარდა ამისა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ასევე ელოდება ვერტყვიჭალის სკოლის კუთვნილი 830 კვმ მიწის ფართობის დარეგისტრირებაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან თანხმობას.

„ამ მომენტისთვის, თეორიულად, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის ასაშენებლად 1400 კვმ მიწის ფართობი გვაქვს,“ – ამბობს ჯაბა ბერაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდში ინიცირებულია. ფონდი ბაღის ასაშენებლად ტერიტორიის გამოყოფას ელოდება.

ვერტყვიჭალის ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი, წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ფართის სიმცირის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს, თხუთმეტამდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღში ვერ მიიღეს.