„ერთი წელი ვფიქრობდი ამერიკაში წასვლაზე. ნელნელა მომწიფდა ეს აზრი ჩემში.როგორც კი შანსი გამოჩნდა, წავედი. ოჯახთან და მეგობრებთან განშორება ძალიან მიჭირდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, იქუკეთესიცხოვრება მელოდა,“ – გვიამბობს ხარაგაულელი გიორგი ლომსაძე, რომელიც 15 წლის წინ წავიდა ამერიკაში.

ოთხი თვეა, რაც გიორგი საქართველოში შვილთან, თამაზ ლომსაძესთან ერთადაა. მას ამერიკაში გატარებული წლების გახსენება ვთხოვე.

1997 წელს გიორგიმ უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერსად იშოვა. მალე მამა – თამაზ ლომსაძე გარდაეცვალა. გიორგი დედასთან – დარეჯან სანადირაძესთან ერთად მარტო აღმოჩნდა მძიმე ცხოვრების წინაშე. „ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავდი. ვცდილობდი, სამსახურის შოვნას და არაფერი გამომდიოდა. ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო, – იხსენებს გიორგი, – გაზი, წყალი და დენი კვირაში ერთი საათით მოდიოდა.“

თავიდან ვიზის აღებაც გაუჭირდა. პირველი მცდელობა კონსულთან უარით დასრულდა. შემდეგ რამდენიმე ქართველსტუდენტთან ერთად„ჯეივანის ვიზა“ მიიღო, რითაც ამერიკაში სამთვიანი მოგზაურობისა და მუშაობის უფლება მიიღო. გიორგიმ მუშაობა ვისკონსილის შტატის ქალაქ ვისკონსილდელში აუზში მაშველად დაიწყო.

„განსაკუთრებით ძნელი იყო პირველი დღეები. ინგლისური არ ვიცოდი. სკოლასა და უნივერსიტეტში ფრანგულს ვსწავლობდი. ამერიკაში წასვლა რომ გადავწყვიტე, შევიძინე სახელმძღვანელოები, სპეციალური პროგრამა და დღეში რვა-ათი საათი ვმეცადინეობდი. გაქცეულ ამერიკელს მოვაბრუნებდი,“ – იხსენებს გიორგი.

სამი თვის შემდეგ გიორგი მეგობრებთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. აიღეს ამერიკის რუკა და მოძებნეს, რომელი ქალაქი იყო ყველაზე ახლოს და ჩიკაგოში წავიდნენ. თავიდან მშენებლობაზე მუშაობდა, შემდეგ შეიძინა მანქანა და ტაქსისტობა დაიწყო. „ჯეივანის ვიზის წყალობით ამერიკაში ჩასვლისთანავე მომანიჭეს პირადი ნომერი, რითაც შევძელი მართვის მოწმობის აღება. ლიმუზინზეც ვიმუშავე. ჩიკაგოს დონის, ძალიან სერიოზული დურგალი ვარ. ამჟამად გადამზიდავ კომპანიაში ვმუშაობ ტრაილერზე. ადრე შორ რეისებში დავდიოდი – ჩიკაგო-ლოსანჯელესი, ბოსტონი, ნიუ-იორკი. ახლა ლოკალურად მხოლოდ ჩიკაგოში დავდივარ. “

გიორგი ლომსაძემ ოჯახი ამერიკაში შექმნა და ვაჟიშვილი – თაზოც შეეძინათ. თაზოს დედა სამსახურის მეშვეობით გაიცნო. მის მაღაზიაში ყიდულობდა ხის მასალას. დაქორწინების შემდეგ გიორგიმ მწვანე ბარათი მიიღო. ახლა მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ თაზოსთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. 2012 წელს გიორგი და თაზო სამი თვით ჩამოვიდნენ საქართველოში, ახლა – ოთხი თვით. პირველი ვიზიტისას, დედის თანხმობით, თაზო საქართველოში მართლმადიდებლურად მონათლეს.

ცხრაწლიანი განშორების შემდეგ, პირველად 2009 წლის 9 დეკემბერს, დაბრუნდა გიორგი საქართველოში. „გავიგე, რომ მოდიოდა, მაგრამ კარგა ხანს ვერავისთან ვამბობდი, მეშინოდა, – გვიამბობს გიორგის დედა დარეჯან სანადირაძე, – აეროპორტში წავედი ნათესავებთან ერთად. გავიგონე, რომ თქვეს, მშვიდობით დაფრინდა თვითმფრინავიო. ჩამოვიდნენ მგზავრები და არ ჩანს გიორგი. ჩემი ძმა ჩემზე ამბობს, ახლა ამას აქედან ცოცხალს ვეღარ წავიყვანთო… და უცბად, ჩემები იძახიან – გიორგი, გიორგი… მერე აღარაფერი მახსოვს. მითხრეს, მთელი აეროპორტი ტიროდა თქვენს შეხვედრაზეო.

ძალიან მძიმეა დედისთვის ერთადერთი შვილისგან ასე შორს ყოფნა. „მაგთი“ რომ არ იჭერდა ბაზალეთში, დილაუთენია ავდგებოდი და მივრბოდი სერზე, რომ გიორგისთვის დამერეკა და მისი ხმა გამეგონა. ახლა კომპიუტერით რა დროსაც მინდა, ველაპარაკები. ამ 15 წლის მანძილზე, ყოველდღე მირეკავდა, ყველანაირად გვერდში მედგა, მაგრამ სულ მეშინოდა, ვაითუ ცუდ რამეს აკეთებს-მეთქი. 22 წლის წავიდა ამერიკაში. ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები იქ გატარა და, ბუნებრივია, იქაურობაც უყვარს.

…რამდენი ღამე თეთრად გამითენებია ფიქრში. ვნახავდი რამე ცუდ სიზმარს, დავურეკავდი სასწრაფოდ. ის მამხნევებდა, დედაჩემო, რამდენი ადამიანი ოცნებობს ამერიკაში მოხვედრაზე, შენ უნდა გიხაროდეს, რომ შენი შვილი აქ ცხოვრობსო.

…ახლა არ ვიცი, როგორ გადავიტან შვილთან და შვილიშვილთან განშორებას. ვგრძნობ, რომ გიორგისაც უჭირს წასვლა. სამუდამოდ ამერიკაში არ დარჩება, მაგრამ დრო დასჭირდება საქართველოში დასამკვიდრებლად.“

ექვსი წლის თაზო ლომსაძე თბილისში ბაღში მიიყვანეს. როგორც „დაჯი ბებო“ ამბობს, ადვილად შეისწავლა ქართული ენა, იცის რამდენიმე ქართული ლექსი და სიმღერა: „ძალიან მოეწონა სოფელი ბაზალეთი. აქ სამუდამოდ დავრჩებოდიო, თქვა. დადიოდა მეზობლებთან, სეირნობდა ბუნებაში.“

აღდგომას გიორგი და თამაზ ლომსაძები ჩიკაგოში შეხვდებიან, „დაჯი ბებო“ – ბაზალეთში.

„რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში მარტო ხარ, – ამბობს გიორგი ლომსაძე, – თავიდან ემოციებში ხარ და ფიქრის დრო ნაკლებად გაქვს. მოგწონს ყველაფერი, რადგან ირგვლივ დიდი მაღაზიები, ფართო ქუჩები, სინათლე და სილამაზეა. რომ დაწყნარდები და სტაბილურ სამსახურს იშოვი, მერე უფრო გენატრება სამშობლო, შენი ქვეყანა და ხალხი, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა, რომ მართლა სამუდამოდ ჩამოვიდე საქართველოში.“

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: გიორგი, თაზო ლომსაძეები და დარეჯან სანადირაძე