ხარაგაულში, ხალხური შემოქმედების სახლის ბაზაზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლის გახსნას გეგმავს.

ამ საკითხზე დღეს, 22 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომაზე იმსჯელეს. ამ სხდომას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე, სალოტბარო სკოლების კურატორი გიორგი გაბუნია ესწრებოდა.

ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლი 2018 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანდა. დოკუმენტაცია იურიდიულად რომ გაიმართოს, ხალხური შემოქმედების სახლი კულტურისა და ხელოვნების ცენტრს უნდა გამოეყოს და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს დაექვემდებაროს.

„დაგვისაბუთეთ სალოტბარო სკოლის ამოქმედების აუცილებლობა, – მიმართა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენელს, – კონკრეტულად რა სახის თანადაფინანსებას გაწევთ; ისევ ის ადამიანები დასაქმდებიან თუ არა, ვინც დღეს ხალხური შემოქმედების სახლში მუშაობენ. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანებულ სხვა ააიპ-ებს არ უნდა დარჩეთ იმის განცდა, რომ გადაწყვეტილება შერჩევითი მიდგომით მივიღეთ.“

ვარლამ ჭიპაშვილის მოსაზრებით, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის მემორანდუმი 2021 წლამდე უნდა გაფორმდეს. მემორანდუმში ფინანსების გადაცემის საკითხი დასახვეწია“. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ვერ ხედავს მენეჯერის შტატის აუცილებლობას.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სალოტბარო სკოლის ოთხი თანამშრომლის (მენეჯერი, ლოტბარი, ქორეოგრაფი, დამლაგებელი) სახელფასო ფონდს – 18 ათას ლარს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გრანტის სახით გადასცემენ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები ცენტრისგან შემუშავებული სპეციალური პროგრამით ისწავლიან. 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის სტუდია იფუნქციონირებს, ხოლო 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის – ორწლიანი სალოტბარო სკოლა. ამ პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებულებს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარებისას, უპირატესობა მიენიჭებათ. გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ამ უნივერსიტეტის 70 კურსდამთავრებული უკვე დასაქმდა.

სალოტბარო სკოლაში მოსწავლეებს გალობის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. რეგენტის ანაზღაურებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დააფინანსებს. ფოლკლორის ცენტრი სალოტბარო სკოლის თანამშრომლებს გადაამზადებს და ცენტრისგან ორგანიზებულ ღონისძიებებში მოსწავლეთა მონაწილეობას დააფინანსებს.

ამჟამად ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლი სასამართლოს ყოფილ შენობაშია განთავსებული და იქ სწავლებისთვის არასათანადო პირობებია. შენობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გარემონტდება თუ სხვა ფონდებიდან მოძიებული თანხებით, – ამ საკითხით დაინტერესდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე.

გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ცხრა მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლებისთვის შენობებს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი აღადგენს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ყველაფერს ეცდებიან ხარაგაულში სალოტბარო სკოლის შენობის მოსაწესრიგებლად საჭირო თანხების მგფ-დან მოსასაძიებლად.

საკრებულოს კომისიების გადაწყვეტილებით, ხარაგაულში სალოტბარო სკოლის ამოქმედების საკითხი 6 მაისის სხდომაზე უნდა განიხილონ. მერიამ მემორანდუმში ფინანსური და იურიდიული საკითხები უნდა დახვეწოს. ამის შემდეგ ხალხური შემოქმედების სახლი კულტურისა და ხელოვნების ცენტრს უნდა გამოეყოს და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს დაექვემდებაროს. ხარაგაულში სალოტბარო სკოლის შექმნის საკითხი მაისის პირველ რიცხვებში უნდა დასრულდეს და მოსწავლეთა მიღება გამოცხადდეს.

ხარაგაულის სალოტბარო სკოლა, საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში, სრული დატვირთვით, სავარაუდოდ, 2019 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.