საღანძილეში მცხოვრები მალხაზ ყრუაშვილი ამბობს, რომ შრომისმოყვარეობით და განვითარებაზე მუდმივად ზრუნვით მიზანს აუცილებლად მიაღწევ. მესამე თვეა, რაც მან ავეჯის დამამზადებელი საამქრო გააფართოვა. დეკემბრამდე ხუთი პირი ჰყავდა დასაქმებული, ახლა – თოთხმეტი.

„შევიძინე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ავაშენე საამქროს შენობა, მოვიტანე ახალი დაზგა-დანადგარები, მოვიძიე მაღალკვალიფიციური დურგლები. ზოგი ჩემი თანასოფლელია, ზოგიც დიდვაკიდან და ხარაგაულიდან დადის. ამ ერთ საამქროზე ვერ გავჩერდები – ამ საქმიანობის განვითარება მოთხოვნილებად მექცა,“ – ამბობს ბატონი მალხაზი.

მალხაზ ყრუაშვილი 1993 წელს, ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სოფელში დაბრუნდა. „მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, – იხსენებს ბატონი მალხაზი, – ბაბუაჩემს, მამაჩემის მამას, ლეღვანში ჰქონდა პატარა სადურგლო. უმუშევარი ხომ არ გავჩერდებოდი და შევისწავლე დურგლობა. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ და საკუთარი ხელით ავაწყვე დაზგა. პირველ ეტაპზე მხოლოდ სკამებს ვამზადებდი.

…დღეს მეღიმება ჩემგან დამზადებულ დაზგას რომ ვუყურებ, მაგრამ ვერ ველევი, – ახალ საამქროშიც გადმოვიტანე. ვინახავ ჩემ მიერ დამზადებულ პირველ სკამს, რომელიც ჩემმა შვილებმა ცოტა დააზიანეს. მახსოვს, 120 ათას მანეთად გავყიდე სკამის პირველი კომპლექტი.“

ბოლო რამდენიმე წელია, მცირე მეწარმეებს სამასალე ხე-ტყის მოპოვება აეკრძალათ. მალხაზ ყრუაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და მან ეს საკითხი არაერთხელ დასვა საკრებულოს წინაშე. „ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვთანამშრომლობ მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ებანოიძესთან, – გვიამბობს მალხაზ ყრუაშვილი, – საღანძილის ტერიტორიული ორგანოს სოფლებიდან შარშან ათი ოჯახი წავიდა თბილისში საცხოვრებლად იმის გამო, რომ საარსებო წყარო გაუქრათ. ჩხერიმელას ხეობის სოფლებში ოჯახების ძირითადი შემოსავალი მეავეჯეობაა.“

მალხაზ ყრუაშვილის ინფორმაციით, ადრე ე. წ. სოციალურიჭრების უფლება მაინც ჰქონდათ გუბერნატორის ნებართვით. ამ პროგრამის გაუქმების შემდეგ მოსახლეობა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა.

„პარლამენტარ ნოდარ ებანოიძისგან შევიტყვე, რომ სატყეო რეფორმის ამოქმედებამდე ინდმეწარმეებს 20 მ3 სამასალე ხე-ტყის მოპოვების უფლება მიეცემა. ეს დიდი ხელშეწყობაა. ბაზარზე ძირითადად იყიდება წიფელას ფიცარი, რომელიც ძვირი ღირს. მე ვახერხებ მის შეძენას, მაგრამ წვრილ მეწარმეებს ეს არ შეუძლიათ. დიდი მხარდაჭერა იქნება ხელისუფლებისგან, როცა ინდმეწარმე თავად მოიპოვებს სამასალე მერქანს.“

ბატონი მალხაზი თვლის, რომ თუ მცირე მეწარმეები ამუშავდებიან, კონკურენცია გაიზრდება და ყველა შეეცდება მაღალხარისხიანი ავეჯი დაამზადოს.

ავეჯის საამქროს გარდა მალხაზ ყრუაშვილს შეშის დამამზადებელი ხუთკაციანი ბრიგადა ჰყავს. ის შეშით ამარაგებს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს და კერძო დამკვეთებს.

ამჟამად მალხაზ ყრუაშვილის საამქროში 300 სკამს ამზადებენ ახალციხეში ერთ-ერთი რესტორნისთვის. „ვამზადებთ სხვადასხვა სახის ავეჯს. შეკვეთები გვაქვს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან. ოცი წელია, ავეჯს ვამზადებ და კარგად ვიცნობ ამ საქმეში ჩართულ პირებს,“ – ამბობს მალხაზ ყრუაშვილი.

საამქროში დასაქმებულები გოგი კიკნაძე, დავით თიკანაშვილი, მარეხი ტაბატაძე და შორენა ლომსაძე კმაყოფილები არიან საქმიანობით. ავეჯის საამქროში დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

„ჯერჯერობით საქმიანობას, როგორც ინდმეწარმე, ისე ვაგრძელებ. იმედი მაქვს, მალე მსხვილი მეწარმე გავხდები. კმაყოფილი ვარ ჩემი მიღწევებით. ერთი კომპლექტი სკამის მასალა 40 კილოგრამს იწონიდა და ლეღვნიდან ფეხით ჩამომქონდა საღანძილეში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულებები შეიცვალა და სოციალური დახმარების გამო შრომას თავს არიდებენ. ასე თუ ვიფიქრეთ, არაფერი გამოვა. როცა სწავლაა საჭირო, უნდა ისწავლო, როცა შრომა – უნდა იშრომო. ცხოვრებაში მიზანი უნდა გქონდეს,“ – ამბობს მალხაზ ყრუაშვილი.

ნინო კაპანაძე