1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირის, ელისო ჭიპაშვილის ხსოვნას პატივი ხარაგაულში მიაგეს.

ელისო ჭიპაშვილი წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთიდანაა.

30 წლის წინანდელი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღე გაიხსნეს ბაზალეთის საჯარო სკოლაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 ადამიანი შეეწირა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მეცხრეკლასელმა კესო ჩხიკვაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ელისო ჭიპაშვილის  შესახებ უამბო.

ხუთი თვის ფეხმძიმე 25 წლის ახალგაზრდა ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა. 9 აპრილის ღამეს ელისო სამსახურში იყო და მისი ბრიგადა მოშიმშილეების დასახმარებლად იმყოფებოდა… ის მხუთავი გაზით გაიგუდა. ძმას, ვახტანგ ჭიპაშვილს, დიდი ძალისხმევა დასჭირდა ელისოს გვამის სახლში მისასვენებლად. შვილის დაღუპვას ვერ გაუძლო ელისოს დედამ და მისი დაკრძალვის წინა დღეს გარდაიცვალა.

ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – მარიამ თაბაგარმა, ილია კაპანაძემ, გიორგი მაქაძემ, ფატი შველიძემ, მარიამ ტაბატაძემ, ანა დეკანოსიძემ ღონისძიებაზე პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.

9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს აპრილის აქციების მონაწილეებმა – გოჩა კოპაძემ და პაატა გოგოლაძემ. შეკრებილთ სიტყვით მიმართეს ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა და ბაზალეთის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა.

ღონისძიების შემდეგ ელისო ჭიპაშვილის მშობლიურ სოფელში მისი სახელობის ხეივანი გაშენდა.