ეს ინფორმაცია ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორისგან, ირინე ჩხეიძესგან მოვიპოვეთ.

ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში თეატრალური ფესტივალი – „თამაშები სიამოვნებისთვის – 2019“ მეთხუთმეტედ იმართება.

ხარაგაულისა და ლიმბაჟის თეატრების მეგობრობა 28 წელს ითვლის. 1991 წელს სწორედ ამ ფესტივალის დაფუძნებისას მიიწვიეს ხარაგაულის სახალხო თეატრი ლიმბაჟში.

თეატრებს შორის ურთიერთობა 2015 წელს განახლდა. ხარაგაულელები ლატვიელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სპექტაკლით „თანამდევი სული,“ ხოლო 2017 წელს სპექტაკლით – „დარისპანის გასაჭირი.“

2018 წლის ზაფხულში ლატვიელები ხარაგაულში გვესტუმრენ.

„ჩვენი თეატრების ურთიერთობა კულტურის ჩარჩოებს გასცდა, – ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – ეს არის უკვე ორ ქალაქსა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ხარაგაულის თეატრი წარმოადგენს.

წელსაც მიგვიწვიეს ლატვიელმა მეგობრებმა. ვფიქრობთ, რომ ფესტივალზე ვითამაშოთ სპექტაკლი „ორნი,“ რომელიც ხარაგაულში სტუმრობისას ლატვიელ მეგობრებს ძალიან მოეწონათ.“

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, მსახიობებს მხოლოდ მგზავრობის თანხა ესაჭიროებათ. ლიმბაჟში ცხოვრებისა და ფესტივალში მონაწილეობის ხარჯებს ფესტივალის ორგანიზატორები აფინანსებენ.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ხარაგაულის თეატრის ოთხი მსახიობისა და ერთი ოპერატორის ლატვიაში გასამგზავრებელი ფინანსების მოსაძიებლად.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ხარაგაულის სახალხო თეატრის ლატვიაში გამგზავრება დააფინანსა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ, რომელიც ხარაგაულში ახალ სარკინიგზო მაგისტრალს აშენებს, ხოლო 2017 წელს – სს „საქართველოს რკინიგზამ“.

ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში საერთაშორისო ფესტივალი „თამაშები სიამოვნებისთვის-2019“ 12-14 ივლისს გაიმართება.

ფოტოებზე: სცენები სპექტაკლიდან „ორნი“