ხარაგაულის სახალხო თეატრი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის საერთაშორისო ფესტივალიდან დაბრუნდა. ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგა.
„თამაშები სიამოვნებისთვის“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს მასში ლატვიის 13 ქალაქისა და ხუთი ქვეყნის (ლიტვა, ლატვია, დანია, უკრაინა, საქართველო) თეატრები მონაწილეობდნენ. მაყურებელმა 20 თეატრის 36 სპექტაკლი იხილა.
„თამაშები სიამოვნებისთვის“ 1991 წლიდან ტარდება. წელს ფესტივალი ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლით დაიხურა.
„თეატრი ეს ცხოვრებაა, სიხარულია, ბედნიერებაა, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი და ლიმბაჟის თეატრის რეჟისორი ინტა კალნინა, – ყველაზე მთავარი კი ჩვენთან დამეგობრებულ თეატრებთან ურთიერთობებია. ფესტივალის დასრულების შემდეგ ვამბობთ, რომ აღარასოდეს ჩავატარებთ და ეს იქნება ბოლო, მაგრამ ჩამოდიხართ თქვენ, ქართველები, მოდიან სხვა ქვეყნების თეატრები, ისეთ სიხარულსა და ბედნიერებას ვხედავ თქვენს სახეებზე, რომ სხვა უფლება არ გვაქვს, ფესტივალმა უნდა იცოცხლოს.“
„არც ერთ სპექტაკლზე არ ყოფილა ამდენი მაყურებელი, – სრული ანშლაგია, – გვითხრა ლიმბაჟის თეატრის მსახიობმა უნა მედნემ, – ჩემი შვილი რიგიდან ჩამოვიდა. ჩემი და ლიმბაჟიდან 140 კილომეტრში ცხოვრობს და რომ ვუთხარი, ხარაგაულის თეატრს უნდა ეთამაშა, მოვიდა. ჩვენ გვახსოვს, 2015 წელს თქვენს მიერ ილია ჭავჭავაძის შესახებ წარმოდგენილი სპექტაკლი. მე ვტიროდი…“
„დიდი მოლოდინი მქონდა თქვენი სპექტაკლიდან. მთელი სხეულით, ტემპერამენტით, გამომსახველობით თამაშობთ, – აღნიშნა სპექატკლის შემდეგ მაყურებელმა ლინდა ტაურინიამ, – ვგრძნობთ თქვენს ემოციას, ისტორიას, ბევრი რამ შეიძლება წაიკითხო თქვენს სახეზე და ეს საინტერესოა. ძალიან ახლობელია ჩემთვის თქვენი თეატრი. თქვენი სპექტაკლით ჩვენს სულში ცეცხლი დაანთეთ. გვიხარია, რომ ამხელა გზაზე ჩამოხვედით და აქ ითამაშეთ. კვლავ გელოდებით ორი წლის შემდეგ.“
„დარისპანის გასაჭირი“ ორჯერ ვითამაშეთ. სოფელ პალესა და ქალაქ ლიმბაჟში. საუცხოო მასპინძლობა გაგვიწიეს ლატვიელებმა სმედესში.
რეჟისორი ირინე ჩხეიძე მოხარულია, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრი ლიმბაჟის თეატრალურ ფესტივალში მესამედ მონაწილეობს.
„თამაშები სიამოვნებისთვის“ სახელს ამართლებს, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ვნახეთ ძალიან საინტერესო სპექტაკლები და ეს გამოცდილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფესტივალის დახურვის პატივი ჩვენ გვერგო. შემდეგ, ტრადიციულად, ლატვიურ და ქართულ ენებზე ვიმღერეთ. 26 წლის წინ ლიმბაჟში „მომღერალი თეატრი“ შეგვარქვეს და ამ სახელს დღესაც ვამართლებთ.“
ლიმბაჟში, სმედესსა და პალეში გატარებული ბედნიერი დღეები დასის წევრებს, – ირინე ჩხეიძეს, ვასილ კიკნაძეს, ლუიზა კიკნაძეს, ნიკო დეკანოსიძეს, დავით ჭყოიძეს, ლია ჭიპაშვილსა და ნინო კაპანაძეს არასოდეს დაგვავიწყდება.
ჟურნალისტი და მოყვარული მსახიობი
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.