„სრულიად შესაძლებელია, რომ ხარაგაულის ნებისმიერ სოფელში ადამიანმა, ვისაც შრომა და გარჯა არ ეზარება, არჩინოს ოჯახი,“ – ამბობს სოფელ ფარცხნალში მცხოვრები თამაზ სახვაძე. მესამე წელია, რაც მან საკუთარ მეურნეობაში სათბური გააკეთა და პომიდვრის მოყვანა დაიწყო. გასულ წელს სათბურში ქინძი, ოხრახუში და ცერეცო გააშენა.

„შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სათბურით მებოსტნეობის განვითარება ჩვენთან არ არის ტრადიციული, მაგრამ, ჩემი აზრით, პერსპექტიულია. თუ სასათბურე მეურნეობას ბევრი განავითარებს, მუნიციპალიტეტში დამამზადებელი საწარმოს შექმნაც შეიძლება, – ამბობს ბატონი თამაზი. მისი თქმით, სათბურის გაკეთება, გარკვეულ ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ საკმაოდ მომგებიანია. „შარშან ტონა ნახევარი მწვანილი მოვიყვანე. კილოგრამი ლარნახევარი ღირდა. წელს კილოგრამი ათი ლარი ღირს. წაგებაში არ ვარ არანაირად. გასულ წელს ორი ტონა პომიდორი მივიღე. არც ერთი ცალი არ დამრჩენია გაუყიდავი. ხარაგაულში იციან უკვე, რომ ეკოლოგიურად სუფთა პომიდორი მომყავს, არანაირ წამალს არ ვუკეთებ და დიდი მოთხოვნაა. ზაფხულზე სოფელში ჩამოსული დამსვენებლებიც ჩემგან იძენენ პომიდორს.

ბატონი თამაზი პომიდვრის ჩითილებსა და მწვანილის თესლს ქუთაისში იძენს. სათბურში მიწას ნაკელით ანოყიერებს და ამბობს, რომ ამაზე კარგი სასუქი არ არსებობს.

სათბურში საქმიანობისას მას მეუღლე და მშობლები ეხმარებან.

„ჯერჯერობით დამხმარე მუშახელი არ მჭირდება, მაგრამ სათბურის გაფართოება მინდა. სამწუხაროდ, ხალხი ცოტა გაზარმაცდა. ჩამოვაგდე ხოლმე ლაპარაკი, დაგასაქმებთ სათბურში-მეთქი. ირგვლივ ყველა უმუშევარია, მაგრამ არ უნდათ. სოციალურმა დახმარებამ სულ გააზარმაცა ადამიანები. კაცები რომ ოჯახში იქნებიან, იმათ რად უნდათ სოცდახმარება? სახელმწიფო ისეთ ოჯახებს უნდა დაეხმაროს, სადაც მოხუცები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან,“ – ამბობს ბატონი თამაზი და მიიჩნევს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ინიციატივიან და ნოვატორ მეურნეებს უნდა შეუწყონ ხელი. მისი აზრით, მებოსტნეობის განვითარებისთვის აუცილებელია გლეხებს მინიტრაქტორების შეძენაში დაეხმარონ.

„ვგეგმავ მეურნეობის გაფართოებას. საჯარო სამსახური დროებითია და საკუთარი თავის იმედად ყოფნა ყველაფერს ჯობია, – ამბობს თამაზ სახვაძე, – მაქვს ნაკვეთები და მინდა ჟოლოს, თხილის გაშენება, ფუტკარის მოშენება. ახლა დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ ვაპირებ დაფნა გავაშენო. კილოგრამი დაფნის ფოთოლი ორლარნახევარი ლარი ღირს. ირგვლივ თავისუფალი მიწებია. დაფნა ადვილად იხარებს. დავრგავ და მერე ზამთარში გავკრეფ ფოთლებს, – ფული და შემოსავალია ოჯახში. თუ შრომა არ გეზარება, როგორ უნდა თქვა, რომ გშია ან გწყურია?! მილიონებს ვერ იშოვი, მაგრამ საკუთარი მეურნეობით თავს ირჩენ.“

ნინო კაპანაძე