

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს 8 აპრილს იანვარ-მარტში სამინისტროს საქმიანობის ანაგარიში და სამომავლო გეგმები გაგვაცნო.
მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტები „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების,“ „ნარჩენების მართვისა“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ.“ მან ყურადღება გაამახვილა დაცული ტერიტორიების განვითარებაზე. ამ მიზნით გერმანიის მთავრობის რეკონსტრუქციის ბანკთან გაფორმდა ხელშეკრულება. ოთხი დაცული ტერიტორიის განვითარებასა და ერთის შექმნაზე 8,2 მილიონი ევრო დაიხარჯება.
მინისტრმა ისაუბრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესახებ. იანვარ-მარტში დაფიქსირდა 1641 ფაქტი. აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – 1609, სისხლის სამართლის ნიშნის მქონე – 31. ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობამ 427 286 ლარი შეადგინა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა – 2 714 893 ლარი. აქედან სისხლის სამართლის ფაქტზე ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 2 591 499 ლარია, ხოლო ადმინისტრაციულ ფაქტებზე სახდელის რაოდენობა – 124 ათასი ლარი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სერიოზული პრობლემები იქმნება ცალკეულ უბნებში საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში განთავსებული ავტოპროფილაქტიკის გამო. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, მოქალაქეთა თქმით, ირგვლივ ხმაურია. ხშირად პროფილაქტიკის მუშები ავტომანქანის ზეთს ხის ძირებში ასხამენ.
ხათუნა გოგალაძის თქმით, შენობა-ნაგებობებში არსებული ატმოსფერული ჰაერის გამოკვლევის უფლება სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. მისივე თქმით, „აუცილებელია გარკვეული რეგულაციები განხორციელდეს. დაგეგმარების პროცესს ვერ განვსაზღვრავთ, უნდა იყოს თუ არა საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ ავტოპროფილაქტიკა, მაგრამ ხმაურისგან და ვიბრაციისგან დამცავი მექანიზმები უნდა დავუდგინოთ, რათა მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი და არ დაზიანდეს გარემო.“
გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს ნადირობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. აღინიშნა, რომ ნადირობის მსურველი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამ უფლების მოპოვებისთვის არ უნდა იყოს საკმარისი მხოლოდ იარაღის ტარების უფლება და ნადირობისთვის დადგენილი თანხის გადახდა. ხათუნა გოგალაძის ინფორმაციით, სამინისტროში მუშაობენ ამ საკითხზე. იგეგმება ასევე სამონადირეო მეურნეობების რაოდენობის გაზრდა.
მინისტრმა ყურადღება სატყეო სექტორში მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, უახლოეს ხანში დაიწყება ხარაგაულის სატყეო უბანზე 48 000 ჰა ტყის ფართობის ინვენტარიზაცია. განისაზღვრება პრიორიტეტული ადგილები, შემუშავდება სტანდარტები და მოეწყობა 17 კმ სატყეო-სამეურნეო გზა.
ჩვენს შეკითხვაზე, რა ეტაპზეა ამჟამად სატყეო რეფორმა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი განმარტავს, რომ ინტენსიურად მუშაობენ, რათა არ დაუშვან მინიმალური შეცდომას კი.
„10-11 ივნისს ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციას ლატვიის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის სატყეო სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ ქვეყნებში სატყეო რეფორმა უკვე განხორციელდა. გვინდა გავეცნოთ მათ გამოცდილებას, – რატომ დაიწყეს რეფორმა, რა პრობლემების წინაშე იდგნენ ან უკეთესი რა დანერგეს, როგორი საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდა რეფორმას, რა სიძნელეები შეხვდათ, რას მიაღწიეს და დღეს რა მდგომარეობაში არიან,“ – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, გერმანიის ტექნიკური განვითარების საზოგადოების მხარდაჭერით დაფინანსდა კვლევა, თუ სად როგორ ჩაიარა ამ რეფორმამ და რა შედეგები მოიტანა.
„ყველაფერს შევაფასებთ, – ამბობს ბიძინა გიორგობიანი, – გვინდა ვიჩქაროთ, მაგრამ ნელა და საფუძვლიანად.“
„ჩემი ხარაგაული“ დაინტერესდა, გაიცა თუ არა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ზვარეში ასაშენებელ მეცხრე გვირაბთან დაკავშირებით.
გარემოსდაცვითი ნებართვების სამსახურის უფროსის, თამუნა შარაშიძის ინფორმაციით, მეცხრე გვირაბის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტმა წინასწარი განხილვა გაიარა: „გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნების თანახმად, საქართველოს რკინიგზას ბევრი კვლევა და ღონისძიება აქვს გასატარებელი. ამ ეტაპზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მეცხრე გვირაბთან დაკავშირებით არ არის გაცემული.“
P.S. შეხვედრის დასასრულს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა „ჩემ ხარაგაულთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მათ უწყებაში შესულია ხუთი პარლამენტარის, მათ შორის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის წერილი ინდმეწარმეებისთვის 20-20 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფის თაობაზე. „სამართლებრივად ვსწავლობთ, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ მაინცდამაინც საიმედო პროგნოზები ვერ გვაქვს. ასე რომ დავიწყოთ 20-20 მ3 სამასალე მერქნის გაცემა, მუნიციპალიტეტებს ვერ განვასხვავებთ. მაგალითად, თუ გავცემთ ხარაგაულში, რატომ არ უნდა გავცეთ ადიგენში ან ხულოში?!“ ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ რაიმე სოციალური პროგრამა უნდა შეიმუშაოს.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,