საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით აცხადებს ესეების კონკურსს „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?“

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან ესეს სახის ნამუშევრებს, რომლებშიც შეეცდებიან წარმოაჩინონ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია: ღირსების ხელშეუხებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ტოლერანტობა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კანონის, კულტურისა და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა და დისკრიმინაციის მიუღებლობა.

კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის  გაზრდა,  ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.

კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX – XII კლასის მოსწავლეები.

კონკურსში მონაწილე მოსწავლემ უნდა შექმნას ესეს ფორმის ლიტერატურული ნაშრომი ქართულ ენაზე, (ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეები საკუთარ ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით) რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს, როგორც ნაბეჭდი ასევე ხელნაწერის სახით.

მოსწავლეების ნაშრომი უნდა იყოს თავისუფალი ფორმატის ნააზრევი. ნაშრომი უნდა ასახავდეს მოსწავლის ხედვას ევროპული ღირებულებების და მომავალში მისი  განვითარების შესახებ; რაც მოიცავს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინკლუზიურობას, ტოლერანტობას, სამართლიანობას, სოლიდარობასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

საკონკურსო ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. პლაგიატის შემთხვევაში (მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში არსებული ან აქამდე შექმნილი ესე) ნაშრომი არ განიხილება.

დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან  I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები. ასევე, კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, დაჯილდოვდება ევროპის საბჭოს მიერ გაცემული დიპლომით, რომლის გადაცემაც მოხდება 2019 წლის ოქტომბერში, ქ. სტრასბურგში, 70-ე საიუბილეო ღონისძიებაზე.

ევროპის საბჭოს უფლება აქვს პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის ნაშრომის ორიგინალი ვერსია და თარგმანი გამოიყენოს/გამოაქვეყნოს სრულად ან ნაწილობრივ.

ვადები

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი ეტაპის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა, გამარჯვებული საკონკურსო ნაშრომების შესაბამის რესურსცენტრებში წარდგენა ხორციელდება არაუგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა;
  • რესურსცენტრების მიერ ექსპერტთა საბჭოსთვის ნაშრომების მიწოდება – არაუგვიანეს 2019 წლის 20 აპრილი;
  • ექსპერტთა საბჭოს მიერ სამინისტროსთვის შერჩეული ნაშრომების მიწოდება – არაუგვიანეს 2019 წლის 15 მაისი;
  • სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა – არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა.