ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის სკოლის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის ამოქმედება იგეგმება.

უახლოეს დღეებში ამ სკოლის ადმინისტრაცია ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან თანხმობის წერილს ელოდება, რომ შენობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ალტერნატიული შესასვლელი, სველი წერტილები, სამზარეულო და სხვ.) მოეწყოს.

სარგვეშის საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფი 20 სექტემბრიდან ფუნქციონირებს.

„სასკოლო მზაობის ჯგუფის მონიტორინგი ოთხი თვის განმავლობაში მუდმივად ხორციელდებოდა, – ამბობს სარგვეშის თემის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან გიორგაძე, – ჯგუფის გახსნიდან ამ დრომდე მუდმივად 12 აღსაზრდელი დადის. კიდევ ორ ბავშვს ელოდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი წელს სარგვეშში საბავშვო ბაღის ამოქმედებას დაგვპირდა. როგორც კი ქონების მართვის სააგენტოდან წერილს მივიღებთ, ოთახების მოსაწესრიგებლად სამუშაოები მაშინვე დაიწყება. ვფიქრობთ, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოსთვის, სარგვეშის სკოლაში საბავშვო ბაღის გასახსნელად ყველაფერი მზად იქნება.“

ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში ჩვიდმეტი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: სასკოლო მზაობის ჯგუფის გახსნა სარგვეშში, 20 სექტემბერი, 2018 წ.