„შენს უკან რომ საკლასო ოთახის კარი იხურება, ყველა პრობლემა გარეთ რჩება. ბავშვებთან ყოველთვის მომზადებული და ხალისიანი უნდა შეხვიდე,“ – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ვენერა კიკნაძე. ვენერა მასწავლებელს პედაგოგიური საქმიანობის ორმოცდაათი, დაბადებიდან კი ოთხმოცი წელი შეუსრულდა.

მამა სამამულო ომში დაეღუპა. დედამ ობლად დარჩენილი სამი შვილი ღირსეულად აღზარდა. მარელისის რკინიგზის სკოლა 1958 წელს დაამთავრა. უკვე დაოჯახებული იყო, პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი რომ გახდა. ორი შვილის აღზრდასთან ერთად, იოლი არ იყო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრება.

ვენერა მასწავლებლის პედაგოგიური ნათლობა, ნახევარი საუკუნის წინ, იმავე სკოლაში შედგა, სადაც უმცროსკლასელებს დღემდე მიუძღვის ცოდნის სამყაროსკენ.

პირველი გაკვეთილი 1969 წელს მესამე კლასში ჩაატარა. მოსწავლეების ანთებული თვალები და პირველი გაკვეთილის განცდა დღესაც კარგად ახსოვს. „ასე გააგრძელეთ, თქვენ შესანიშნავი პედაგოგი დადგებით,“ – ამგვარად შეაფასა პირველი გაკვეთილის შემდეგ სკოლის მაშინდელმა დირექტორმა ზაქარია შარიქაძემ.

„ბავშვის ცხოვრებაში უდიდეს როლს პირველი მასწავლებელი ასრულებს. ადამიანი სახლს რომ აშენებს, მყარი საძირკველი უნდა ჰქონდეს. დაწყებით კლასებში მოსწავლეს ისეთი საფუძველი უნდა მისცე, რომ შემდეგ კლასებში ცოდნის მყარად დაშენება შეძლოს.

სწავლების შედეგი მოსწავლისგან მიღებული ცოდნით განისაზღვრება. უმცროსკლასელებისთვის სწავლება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა. პირველკლასელში ნიჭი უნდა აღმოაჩინო და განავითარო.

მასწავლებელი ყოველთვის სამართლიანი უნდა იყოს. ბავშვს თუ უსამართლოდ ეპყრობი, უარყოფით ემოციას გამოხატავს; როცა სამართლიანად მოსთხოვ, ხმას არ ამოიღებს, რადგან თავის გამოსასწორებელს აცნობიერებს,“ – საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს ვენერა მასწავლებელი.

მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ყოფილი მოსწავლეებისა და მათი მშობლების ღიმილიანი შეხვედრა და მადლიერების გამოხატვაა. ვენერა მასწავლებელი ამაყობს საუკეთესო აღზრდილებით. ერთ-ერთმა მათგანმა მადლიერების ნიშნად ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.

„ადრე გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს წიგნები ეჭირათ და შემდეგი გაკვეთილისთვის ემზადებოდნენ, – იხსენებს ვენერა მასწავლებელი, – ახლა მათ ტელეფონები უჭირავთ ხელში. ტელეფონით ინფორმაციას იღებ, განათლებას – ვერა. წიგნია ყველაზე დიდი განმანათლებელი.

მიმაჩნია, რომ მშობელი და სკოლა ერთმანეთს დაშორდა. ადრე მშობელთა კრებები ხშირად ტარდებოდა, სკოლაში მშობელთა საბჭო და მორიგეობა არსებობდა, რაც მათ მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებდა. ეს სწავლის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია, – მიაჩნია ვენერა მასწავლებელს, – 50 წელია, მათემატიკას ვასწავლი. იშვიათად, რომ რამე დამავიწყდეს. ამის მიუხედავად, გაკვეთილზე ასახსნელ მასალას წინა დღით აუცილებლად ვიმეორებ.

რამდენიმე დღის წინ, წონის ერთეულების შედარებისას, მექანიკური შეცდომა დავუშვი. ჩემმა მოსწავლეებმა მაშინვე შემისწორეს, რაც ძალიან გამიხარდა. შეუცდომელი არავინაა. ბავშვმა თუ შეცდომაზე მიგითითა, ამისთვის კი არ უნდა დატუქსო, პირიქით – უნდა წაახალისო.

განათლების სისტემის ყველა რეფორმას ეჭვის თვალით ვუყურებდი. არც ერთმა მათგანმა არ გაამართლა. შედეგი ისაა, რომ მასწავლებელი მოსწავლეს დაშორდა. მასწავლებელმა კრედიტებზე, ქულებსა და სტატუსის ამაღლებაზე კი არა, მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემაზე უნდა იფიქროს.

მასწავლებელმა ბავშვის ფსიქოლოგია და პედაგოგიკა კარგად უნდა იცოდეს. შეიძლება საგნის საუკეთესო მცოდნე იყოს, მაგრამ მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. პედაგოგის მთავარი დანიშნულებაა, მოსწავლეს ასწავლოს და საგანი შეაყვაროს.

გული მწყდება, დღეს ოჯახები ძალიან იოლად რომ ირღვევა. ეკონომიური გაჭირვების გამო დედები საზღვარგარეთ წავიდნენ. ცუდია, რომ შვილები მათ გარეშე იზრდებიან. ბავშვობაში სკოლიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, ბუხრიდან ამოსული კვამლის დანახვა გვიხაროდა. შეიძლება საჭმელი არ გვქონოდა, მაგრამ დედა ჩვენთან იყო“.

ვენერა კიკნაძის მოსწავლეებს, უკვე მეექვსე წელია, მასთან ერთად მისივე შვილიშვილი ნანა ნებიერიძე ასწავლის.

„უცხო ენების შესწავლა მინდოდა, მაგრამ ბებიას რჩევით დაწყებითი განათლება ავირჩიე, – ამბობს ვენერა კიკნაძის კოლეგა-შვილიშვილი ნანა ნებიერიძე, – ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაზე გულწრფელები, ხალისიანები და მხიარულები დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან.

ჩემი ბებია ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელია. ბევრ მშობელს შვილი სკოლაში ერთი წლის დაყოვნებით შემოჰყავდა, რომ ვენერა მასწავლებლის კლასში მოხვედრილიყო. უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვენერა კიკნაძის საქმე მასავით ღირსეულად გააგრძელო“.

იუბილეს ვულოცავთ ღვაწლმოსილ, მრავალი თაობის ღირსეულად აღმზრდელ მასწავლებელ ვენერა კიკნაძეს. დღეგრძელობას, პედაგოგიური საქმიანობის წარმატებით გაგრძელებასა და აღზრდილების მიღწევებით გახარებას ვუსურვებთ.

თამთა გოგოლაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ 

რატომ აღარ ირჩევენ აბიტურიენტები მასწავლებლის პროფესიას (ვიდეო)

სიბერე მოდის და ერთად ყოფნა ამ სატკივარსაც დაგვაძლევინებს…