ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვენერა კიკნაძე, უკვე 48 წელია, ამ სკოლაში ასწავლის. ვენერა მასწავლებელი იხსენებს,

რომ მომავალ მეუღლეს ოჯახის შექმნაზე იმ პირობით დათანხმდა, თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილის ასრულებაში ხელს შეუწყობდა.

„მატარებელში ვკითხულობდი საგამოცდო საგნებს და ისე ვაბარებდი, ინსტიტუტიც და სკოლაც ფრიადებზე დავამთავრე,“ – ამბობს ქალბატონი ვენერა.

ის მიიჩნევს, რომ დღევანდელი ახალგაზრდები პროფესიის არჩევის დროს ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევენ. დღეს მასწავლებლის პროფესია დაუფასებელია. ამიტომ ამ პროფესიას თანდათან უფრო და უფრო ნაკლები აბიტურიენტი ირჩევს.

„ყოველთვის ყველა სიახლეში ვერთვები, მაგრამ ზოგიერთი ისეთი რეფორმა გატარდა, რომ საქართველოს განათლების სისტემა დაანგრია. ასეთი იყო, მაგალითად, დირექტორების ლოტოტრონით შერჩევა, – ამბობს ვენერა მასწავლებელი, – ცვლილებები და სიახლეები პროფესიონალებმა უნდა განახორციელონ. „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“.

ბავშვები იმდენად მიყვარს, პროფესიას ხელახლა რომ ვირჩევდე, დღესაც პედაგოგობას ავირჩევდი. მასწავლებლობისთვის მხოლოდ ბავშვების სიყვარული არ კმარა. პედაგოგმა თავისი საგანი კარგად უნდა იცოდეს და კლასში მუდმივად მომზადებული უნდა შევიდეს.“

ვენერა მასწავლებელი ამბობს, რომ მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ყოფილი მოსწავლეების მადლიერება და წარმატებაა. მისი აზრით, ახალგაზრდების ამ პროფესიით დაინტერესებისთვის მასწავლებლის პროფესიის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს.

სახელმძღვანელოები უნდა განახლდეს. სასკოლო წიგნს გრიფირებას, ვთქვათ, პარლამენტარისგან ლობირების გამო არ უნდა ანიჭებდნენ.

მასწავლებლობის ცხრაწლიანი გამოცდილება აქვს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგ მარიკა გოლუბიანს. ამ პროფესიის არჩევა მას ბავშვების სიყვარულმა გადააწყვეტია.

მარიკა მასწავლებელი თვლის, რომ „პედაგოგის პროფესია დღეს სახელმწიფოს მხრიდან დაუფასებელია და ამიტომ მას ახალგაზრდები ნაკლებად ირჩევენ. მნიშვნელოვანია არა მარტო საგნის ცოდნა, არამედ როგორ გადასცემ შენს ცოდნას მოსწავლეებს, როგორ მიუდგები ინდივიდუალურად თითოეულ მათგანს.

ზოგადად, მასწავლებლობა შრომატევადი პროფესიაა, ყოველ გაკვეთილზე მაქსიმალური ენერგიის დახარჯვა გვიწევს.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთადერთი დოქტორი მასწავლებელი, საღანძილის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ირმა ყრუაშვილი, უკვე 18 წელია, ამ სკოლაში ასწავლის.

„ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ თეორიულად, სატელევიზიო მოწოდებებით ცდილობენ პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას. საჭიროა, აქტიურად ვაჩვენოთ და ვესაუბროთ მომავალ აბიტურიენტებს, როგორია წარმატებული ქვეყნის მასწავლებლის მდგომარეობა, დავანახოთ მოსწავლეებს რეალური შესაძლებლობა, რომ მომავალი მათაც ასეთივე ექნებათ.

პედაგოგის ხელფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა. ჩემს სკოლაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მე ვიღებ, მაგრამ ლარის ინფლაციის გამო ხელფასი არასაკმარისია. მომავალი აბიტურიენტები ამ ყველაფერს ხედავენ, ამიტომ აღარ სურთ პედაგოგობა,“ – ამბობს ირმა ყრუაშვილი.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნათია ტაბატაძე ბავშვობაში მასწავლებლობაზე ოცნებობდა. თუმცა ახლა ის იურისტობას ირჩევს, რადგან თვლის, რომ ამ პროფესიის ადამიანები უფრო იოლად საქმდებიან და ანაზღაურებაც მეტია.

„ახალგაზრდა მასწავლებლისთვის სამუშაოს პოვნა რთულია. ყველგან გამოცდილებას ითხოვენ. სკოლები გამოთავისუფლებულ საათებს არსებულ პედაგოგებს უნაწილებენ, ახალგაზრდა კადრს სკოლაში არ უშვებენ. თითქმის ყოველ წელს მასწავლებლების წინაშე ახალი გამოწვევები დგება.

აბიტურიენტები ამ ფაქტორებს აანალიზებენ და მათ შორის პედაგოგობა თითქმის აღარავის სურს. ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია, პედაგოგი უნდა ფლობდეს საკუთარი ცოდნის მოსწავლეებისთვის გაზიარების უნარს, შეეძლოს მათთან ეფექტური კომუნიკაცია,“ – ამბობს ნათია ტაბატაძე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულში 603 მოქმედი პედაგოგია. მათგან დაახლოებით 15% საპენსიო ასაკის მქონეა. დავით კიკნაძე ამბობს, რომ ბოლო 20-25 წლის მანძილზე რაიონის სკოლებში, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები რაოდენობის ახალგაზრდა მასწავლებელი შემოგვემატა.

„ამჟამად ადამიანს, რომელსაც სკოლაში დასაქმება სურს, სამუშაო გამოცდილება და კონკრეტული საგნის სერთიფიკატი უნდა ჰქონდეს. ამის გამო სკოლა ახალ კადრებს ვერ იღებს.

განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში ოაზისი ვერ იქნება. ეს დამოკიდებულია ქვეყანაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ მდგომარეობაზე, დემოგრაფიულ მონაცემებზე. უამრავი კომპონენტი, ერთად აღებული, ქმნის განათლების სისტემის წარმატებას.

ბოლო წლებში ძალიან ცოტა აბიტურიენტმა ჩააბარა პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რადგან კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანის ხელფასი 3-4-ჯერ აღემატება პედაგოგის ხელფასს.

დღევანდელი კანონმდებლობით, პედაგოგს შეუძლია აიღოს პენსია და იმუშაოს სკოლაშიც. საპენსიო ასაკის გამო სკოლა მასწავლებელს სახლში ვერ გაუშვებს. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად აფერხებს სკოლაში ახალგაზრდა კადრის შემოსვლას.

სკოლებში თაობათა ცვლა სინთეზურად უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაიკარგოს ის დიდი ტრადიციები და პრაქტიკა, რაც გამოცდილ მასწავლებლებს აქვს. ამავდროულად უნდა მოხდეს ახალი აზროვნებისა და მიდგომების დამკვიდრება სკოლაში.

თამთა გოგოლაძე