– იჩქიტიძე, იმზირე ფანჯარაში შენ და სახლში რომ მიხვალ, ბებიაშენი აგიხსნის ამას! – ეს ვიტალი იჩქიტიძის და ზაური მასწავლებლის „მოსიყვარულება“ იყო მათემატიკის გაკვეთილზე.
– ფხალაძე, შარიქაძე, ბაბლიძე, უჩიძე, გაბრძანდით გარეთ, მოწესრიგდით და შემობრძანდით! – ამას თამრიკო მასწავლებელი კლასის „კოკეტკებს“ ეუბნებოდა ყოველ ჯერზე, თუ მოსწავლის ფორმას ზედმეტ აქსესუარს შეამჩნევდა…
– მასწ, ჩემგან შოფრის გარდა არაფერი გამოვა და ხო გინდათ, გაგიჩეროთ-ხოლმე მანქანა? – ერთ–ერთი ჩვენგანი ასე ითხოვდა რუსულის ნიშანს…
მაგრამ ეს უფრო ბოლო კლასებში იყო… აი, ბიჭობა და გოგოობა რომ დავიწყეთ, მაშინ. მანამდე კი იყო რკინიგზის მეათე (ახლანდელი მესამე) საშუალო სკოლის პირველი სართული, შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე საკლასო ოთახი, სადაც 1971 წლის პირველ სექტემბერს მოსამზადებელი კლასი შევიდა და ოთხი წელი ვენერა მასწავლებლის ფრთებქვეშ შეიყუჟა. აქ იყო თუ იყო გასახსენებელი: დოდო გიორგაძის „ჩიტმა ჩიტმა დაპატიჟა,“ ზაზა იმედაიშვილის „ვეროჩკა დეჟურილა ვოზლე უმივალნიკა“, მასწავლებლის ქურქის ქვეშ მერხებზე ჩაძინება (პატარები ვიყავით), ცელქობა და ხანდახან წაზარმაცების გამო საყვედურებიც.
ამ სკოლის კედლებში 11 წელი გაატარა ჩემმა კლასმა. იყო გაცდენაც, შატალოც, გაკვეთილების შემდეგ დარჩენაც, კლასის დასალაგებლად მორიგეობაც და ქეიფები ჭავჭავაძის პირველ ნომერში, ტორაძეების ჩვენ მიერ სახელდებულ „საბანკეტო დარბაზშიც“…
ბედის ნებიერები ვიყავით, რადგან, ვენერა კიკნაძემ დაგვაწყებინა ანბანი, თამარ სახვაძემ გვაზიარა ქართული ენისა და ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროს, კაკო ჩიტაძემ და ზაურ შარიქაძემ გაგვიხსნეს მათემატიკის ლაბირინთები, ნათელა კურტანიძემ შეგვაღებინა ფიზიკის, როგორც მეცნიერების კარი, ჟენია მღებრიშვილმა და ნათელა იოსელიანმა დაგვანახა ბოტანიკის, ზოოლოგიის, ბიოლოგიისა და ქიმიის საოცრებათა ქარგა, საბჭოთა ისტორიის უკუნეთიდან ქართულ კუნძულებზე გვამოგზაურეს ანზორი არევაძემ და გუგული ინარიძემ, მსოფლიოს გარშემო დაუსწრებლად გვატარა ჟუჟუნა ჭიპაშვილმა, რუსული და ფრანგული შეგვაყვარეს ცუცნა გაჩეჩილაძემ, ნინა ნავროზაშვილმა და ჰერა ლომსაძემ.
ჩვენი სასიმღერო მონაცემები გამოამზიურა ნუნუ ასათიანმა, სპორტული – გურამ გურგენიძემ და ზალიკო მესხმა, სამხედრო მონაცემები – ვახტანგ ბოჟაძემ, ხანდახან (სხვა დროს საკუთარი შვილების კლასელების სწავლებისგან თავის არიდების გამო) ია ოყროშიძე და მერი გიორგიძეც გვსტუმრობდა… მოკლედ, თუ ვინმე იმ დროის ხარაგაულში მასწავლებლის საამაყო სახელს დამსახურებლად ატარებდა, ყველასთან სწავლის ბედნიერება გვერგო წილად და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ჩვენ გვყავდა ჩვენი „გენიოსი“ – ირაკლი ებანოიძე, რომლის მახვილ თვალს დაფაზე ამოცანის ამოხსნისას ერთი შეცდომაც არ გამოეპარებოდა;
გვყავდა ჩვენი „ნიჭიერების ბუკეტი“ – ტარიელ აბრამიშვილი, რომლის მონაცემები ბოლომდე ვერც გავაცნობიერეთ, სანამ მეათე კლასში ბრწყინვალე თემა არ წარუდგინა მასწავლებელს;
გვყავდა ჩვენი ფრიადოსანი, ყველასთვის მისაბაძი და საყვარელი მაიკო ფხალაძე, რომელსაც თუ დავალება არ ჰქონდა (რაც უიშვიათესი ამბავი გახლდათ), ნახევარი კლასიც დავალების გარეშე რჩებოდა;
ჩვენი „ქიმიის დედა“ – ლია რამინიშვილი, რომელიც იმდენად კარგ ადგილზე ცხოვრობდა, გზად მიმავალნი ცალი ფეხით მის სახლში აღმოვჩნდებოდით ხოლმე;
ჩვენი „არისტოკრატი“ ზურა არევაძე, რომელთანაც ერთ მერხზე გავატარე სკოლის ბოლო წლები და გადასარევად ავუღე ალღო გადაშლილი წიგნის ყდაში პასტის მოთავსების ხელოვნებას;
ჩვენი „ისტორიკოსი“ დოდო გიორგაძე, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ნასწავლი არცერთი ისტორიული თარიღი არ დავიწყებია;
ჩვენი „მორუსულე“ ზაზა იმედაიშვილი, რომელმაც თავისი საფირმო „ვეროჩკა დეჟურილა“ მეათე კლასშიც უშეცდომოდ ჩაარაკრაკა…
და ასევე გვყავდა ჩვენი „მოკარნახე“ – ლია უჩიძე, რომელიც თუ დუმდა, ესე იგი, ორიანი გარანტირებული გქონდა;
ჩვენი „ბუღალტერი ნიკანდრო“ – ვიტალი იჩქიტიძე, რომელმაც ოდესღაც ერთი ფელეტონი დაიზეპირა („იყო ერთი მოქალაქე, ბუღალტერი ნიკანდრო, ის, რომ საქმეს აკეთებდა, როგორ უნდა იკადრო?!“) და ეს ნიკანდროობა (ხანდახან „ყვიტყვიტობაც“) ცხოვრების ბოლომდე შერჩა;
ჩვენი თვალებბრიალა და ბრწყინვალე მუსიკალური მონაცემების ლინა ბაბლიძე, რომელიც უდიდეს ტკივილად აწევს კლასს;
„გოგოების სულთამხუთავი“ – სერგო კიკნაძე, რომელიც, ბედის ირონიით, ჩემ უკან იჯდა და დილით საგულდაგულოდ დავარცხნილ თმებს 2 წამში დაულაგებელ ბურდად აქცევდა;
ჩვენი „ბეტეგა“ – მერაბ გიორგაძე, რომელიც აფთიაქიდან ჩვენთვის გემატოგენის გამოტანას ვერ აუდიოდა;
ჩვენი „პროფესიონალი მძღოლი“ ჯიმშერ ქველაძე, რომელთან ერთადაც კინაღამ ადრიანად ამოვყავი თავი მოუსავლეთში (სხვათა შორის, პარკის შესასვლელთან მდებარე მემორიალი მე, ჯიმშერის და ზაზას დაგვიდგეს, გადარჩენის აღსანიშნავად)
ჩვენი მუდამ მდუმარე და პროფესიით „მორიდებული“ ლეილა ხვედელიძე;
მოცეკვავე ვახტანგ ლაბაძე…
ჩვენი „აღმასკომის თავმჯდომარე“ გოჩა მაღლაფერიძე, რომელიც მგონი ახლაც „აღმასკომის თავმჯდომარეა“;
გვყავდა ჩვენი ფეხბურთელთა გუნდი, მომღერალთა კვარტეტი… მოკლედ, მთელი არსენალი გვქონდა მეცნიერების, ხელოვნების თუ სპორტის არენაზე „საბრძოლველად“.
ამ კლასმა სკოლის დამთავრებიდან 35 წელი ისევე უხინჯოდ, ისეთივე წესიერებით, ისეთივე ერთმანეთის სიყვარულით გაიარა, როგორითაც იმ ათწლეულის განმავლობაში. ახლაც მონატრებით ვსაუბრობთ პაატა ხიჯაკაძეზე, მედიკო და მაია ცხოვრებაძეებზე, მადონა შველიძეზე, ავთო და ნინო კამკამიძეებზე, ხათუნა შარიქაძეზე, ხათუნა ქათამაძეზე, ვალოდია გიორგაძეზე, მარინა გვაძაბიაზე, ქეთინო მაჭავარიანზე, სულხან კიკნაძეზე, კობა სამხარაძეზე, ამირან კირკიტაძეზე, მიშიკო გლუნჩაძეზე… და ნინო ბლუაშვილზე, რომელიც, ლინასთან ერთად, ძალიან ადრე გადასახლდა იმიერ საქართველოში…
სექტემბრის თვეში რკინიგზის N10 საშუალო სკოლის 1982 წლის კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ შეაღეს სკოლის კარი და კიდევ ერთხელ ჩამოუსხდნენ მერხებზე ვენერა მასწავლებელს. რა აღარ გავიხსენეთ, რა „საიდუმლოებას“ აღარ ავხადეთ ფარდა, ვინ აღარ დავახასიათეთ…. მოკლედ, ორი დღით დავუბრუნდით ბავშვობას – ზაზას საფირმო „ოსურიც“ ვიცეკვეთ, „კვარტეტიც“ აღვადგინეთ (რძალი, მაიკო ბერაძე დაგვეხმარა, რომლისთვისაც ირაკლის ძალიან კარგი სიმღერა უსწავლებია, ყოველ შემთხვევაში მეუღლე ასე აგულიანებდა – „მე რომ გასწავლე, ის იმღერეო“), სიძეებიც გამოვცადეთ სმაში და რძლებიც – დიასახლისობაში…
სკოლის დამთავრების 35 წლისთავზე ეს იყო ერთი დიდი ოჯახი, რომელმაც თავის დაღუპული წევრების საფლავებსაც მიაგო პატივი და წლების შემდეგ სიამაყით მოუთხრო ერთმანეთს, როგორ იარა წუთისოფლის ბილიკებზე ამ დაუნდობელ დროში, როგორ იცხოვრა სხვისი ტკივილის გაზიარებით, ნიჭითა და უნარებით, რომლებიც სწორედ აქ, სკოლაში შეიძინა.
და ეს მხოლოდ 35 წელი იყო.
ახლა ის დროა, ყოველი მრგვალი თარიღი ერთად აღვნიშნოთ…
სიბერე მოდის და ერთად ყოფნა ამ სატკივარსაც დაგვაძლევინებს…
მაია ტორაძე
კლასის სპეცკორესპონდენტი
ფოტოებზე: რკინიგზის ხარაგაულის #10 საშ. სკოლის მეორეკლასელები მასწავლებლებთან ერთად, 1974 წ.
თანაკლასელთა შეხვედრა 35 წლის შემდეგ;
სკოლის მაშინდელი დირექტორი ანზორ არევაძე, პირველი მასწავლებელი ვენერა კიკნაძე და პედაგოგი მერი გიორგიძე.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში