ხარაგაულში წითელას ეპიდაფეთქების მართვის საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორისა და საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, აიცრება 20-დან- 40 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს.

შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ხარაგაულში 1-დან 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი აცრილია. გამონაკლისია ორი მათგანი, მათი აცრა, ქრონიკული დაავადებების გამო, არ შეიძლება. ამჟამად საკოორდინაციო ჯგუფი სკოლებიდან აგროვებს ინფორმაციას 6-დან 19 წლამდე ასაკის წითელაზე აუცრელი მოზარდების შესახებ.

შარშან, არაგეგმიურად, ხარაგაულში წითელაზე 719 ადამიანი აიცრა. მათ წელს აცრა აღარ ჩაუტარდებათ. წითელაზე აცრა არ ჩაუტარდება ფეხმძიმე ქალებსა და მეძუძურ დედებს.

საქართველოში ამ დროისათვის წითელათი 600-მდე ადამიანია დაავადებული.

ხარაგაულში წითელას შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. წითელაზე აცრა შესაძლებელია ხარაგაულის საავადმყოფოსა და სოფლების ამბულატორიებში.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასაცილებლად არის აცრა.

თამთა გოგოლაძე