წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით.

ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი. ვირუსი ბინადრობს პირისა და ცხვირის ლორწოვანში, ხველის და ცემინების დროს იფრქვევა და ვრცელდება ჰაერში, რაც იწვევს კონტაქტში მყოფების დაავადებას. ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით, რაც ნიშნავს, რომ ავადდება დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომელსაც არ აქვს წითელას მიმართ იმუნიტეტი.

იმუნიტეტს კი აყალიბებს სრულყოფილი ვაქცინაცია და გადატანილი წითელა. ინფიცირებული გადამდებად ითვლება გამონაყრის გამოჩენამდე 4 დღით ადრე და გამონაყრის გამოჩენიდან 4 დღის განმავლობაში. წითელა იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, ხველით, რინიტით, კონიუქტივიტით, 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი – ჯერ სახეზე, შემდეგ კი ვრცელდება მთელ სხეულზე. რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები – პნევმონია, ენცეფალიტი, დიარეა, ოტიტი და სხვ. აღსანიშნავია, რომ იგი განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს მოზრდილი ასაკის ადამიანებში და შესაბამისად გართულებების რისკიც მაღალია. პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს და არა – თვითმკურნალობას.

წითელას სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. სპეციფიკური არის მხოლოდ პროფილაქტიკა, რომლის ერთადერთი საშუალებაა ვაქცინაცია. იგი სრულყოფილად ითვლება, თუ 6 წლის ასაკის ბავშვს მიღებული აქვს წწყ (წითელა, წითურა, ყბაყურა) ვაქცინის ორი დოზა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით აცრა უნდა ჩატარდეს 1 წლის და 5 წლის ასაკის ბავშვებში.

წითელა მიეკუთვნება ვაქცინაციით მართვად ინფექციებს და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დროულად და სრულყოფილად ჩატარება. ამჟამად ქვეყანაში წითელას ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი მასიური გავრცელების პრევენციის მიზნთ წითელას ერთი დოზით ვაქცინაციას ექვემდებარებიან 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები -იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო იმუნიზაციის სტატუსის გაუთვალისწინებლად – 19 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა, სამედიცინო პერსონალი, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე დაავადებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი პირები.

ერთადერთი გზა დაავადების თავიდან ასაცილებლად არის აცრა, ამიტომ თუ თქვენ არ გახსოვთ აცრილი ხართ თუ არა და არც შესაბამისი დოკუმენტაცია იძებნება, არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, უნდა მიაკითხოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას (სოფლის ამბულატორია, პოლიკლინიკა) და ჩაიტაროთ უსაფრთხო და უფასო ვაქცინაცია, რომელიც დაგიცავთ თქვენც და თქვენს გარშემომყოფ ადამიანებსაც დაავადებისაგან.

ნინო ბუხნიკაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის კოორდინატორი