ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დარბაზში დაინტერესებულ საზოგადოებას პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ წარუდგინა. დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ კი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები მიმოიხილა.

ნოდარ ებანოიძემ ვრცლად ისაუბრა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში შარშან და წელს მიმდინარე პროცესებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე. დეპუტატის თქმით, „რეალობაში ბევრი ადამიანისთვის ჯერ არაფერი გაუმჯობესებულა, მაგრამ შეიცვალა შიშზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა.“

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ „გასულ წლებში განხორციელებული უაზრო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის შენობა, ბათუმის თაუერი და სხვ.) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევდა, მაგრამ ეკონომიკის ნაწილი ეფექტური არ იყო. ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანამ ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, – აღნიშნა დეპუტატმა, – ძირითადი მიღწევა ამ მიმართულებით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების პარაფირება და ადგილობრივი წარმოებისთვის საკანონმდებლო დონეზე დაცვის მექანიზმების შექმნაა.“

ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის რეფორმა 2015 წელს განხორციელდება. კონცეფცია მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს. საჯარო მოხელეები იქნებიან სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციებში დასაქმებულები.

„საკითხებსა და პრობლემებზე უნდა გვქონდეს ხშირი მსჯელობა და კომუნიკაცია,“ – აღნიშნა შეხვედრის ბოლოს ნოდარ ებანოიძემ.

ნინო კაპანაძე