ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ დღეს, 17 იანვარს, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩააბარა.
მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, უპასუხა შეკრებილი საზოგადოების მხრიდან წერილობით დასმულ შეკითხვებს.
ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, ხარაგაულის მერიის „აქილევსის ქუსლი“ დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებია.
დაბა ხარაგაულში ვერ მოწესრიგდა ჩიხები და საყრდენი კედლები. ეს, მერის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული არაკეთილსინდისიერი მშენებელი კომპანიის ბრალია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით პრობლემებია სოფლებშიც. რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულში 31 პროექტისთვის (ძირითადად გზები) 6 304 212 ლარი გამოიყო. 2018 წლის დეკემბრის მონაცემით, ამ თანხის 58%-ია ათვისებული.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტმა მშენებლებს ხელშეკრულებები გაუგრძელა და გზების რეაბილიტაცის დასრულებას თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებლებთან ხელშეკრულებები შეწყდება და ტენდერები ხელახლა გამოცხადდება.
მერი დაგვპირდა, რომ 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან განხორციელდება ღორეშა-ბაზალეთის 11 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, საბავშვო ბაღები აშენდება საღანძილესა და ვერტყვიჭალაში, ნადაბურში აიგება ხიდი და დაიწყება ნადაბური-ლიჩის გზის რეაბილიტაცია. მერი ასევე მეტ ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა კულტურისა და ხელოვნების ცენტრს. ისაუბრა კიცხში რაგბის განვითარების შესაძლებლობებზე.
ნიკოლოზ თოფურიძემ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ბაზალეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა, მაღალკორპუსიანი ბინების სადარბაზოები, პრობლემებია წყალმომარაგების კუთხით.
მერის ინფორმაციით, ბაზალეთის გზას ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დარულებამდე ვერ მიხედავენ. წელს ასევე ვერ მოწესრიგდება მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოები. რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2019 წელი „წყლის წლად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სოფლებში ამ პრობლემების მოსაგვარებლად თანხა ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებულია.
ხარაგაულის მერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გარე განათება, ე. წ. „მარნის ბინებთან“ და აგრარულ ბაზართან – საავტომობილო გზები მოწესრიგდება.
ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ფონაში, საბუეთის მთაზე ქარის გენერატორი დაიდგმება, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ქონების გადასახადის სახით, ყოველწლიურად 2-3 მილიონ ლარს მოუტანს.
„ძალიან მრცხვენია, რომ ამდენი პრობლემაა და ვერ გიგვარებთ, მაგრამ გვარდება ნელ-ნელა, რისი საშუალებაც არის, – მიმართა მერმა შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს, – ორ წელიწადში აქაურობას ვეღარ იცნობთ. არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავიდე სამუშაო კაბინეტიდან, როცა ამის დრო მოვა. ჩემი სურვილია, მოსახლეობამ თქვას, რომ ბევრი ვერაფერი გაკეთდა, მაგრამ ჩვენთვის მერს ტყუილი არ უთქვამს და რაც გაკეთდა – ხარისხიანად.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშით საკრებულოს წინაშე 8 იანვარს წარდგა. საკრებულომ მერის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი