საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსიის დაგროვების ახალი სისტემა ამოქმედდა.

ამ სისტემით დანაზოგი დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით იქმნება. საპენსიო რეფორმის შედეგებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ხარაგაულში რამდენიმე დასაქმებულსა და დამსაქმებელს ვესაუბრეთ. ისინი სიახლეს სიფრთხილით ხვდებიან.

საპენსიო შენატანების ადმინისტრირება ახალშექმნილ საპენსიო სააგენტოს ევალება. დაგროვებითი პენსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.pensions.ge

აქვე განმარტებულია დაგროვებითი საპენსიო სქემის სარგებელისა და რისკების შესახებ.

ასევე მოცემულია პასუხები სისტემაში ჩართვის მსურველებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დაგროვებით საპენსიო სისტემას უარყოფითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.“ ორგანიზაციის დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ და იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა 8 იანვარს სისტემის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემა ადამიანის არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეების დავალდებულება, ფული შეიტანონ ფონდში, რომელიც მათგან დამოუკიდებლად განკარგავს ამ თანხას და მოგების მიღების შემთხვევაში პენსიის სახით გაუნაწილებს, არაკონსტიტუციურია. არაკონსტიტუციურია ასევე ისიც, რომ თუ ფონდი გაკოტრდა, სახელმწიფო პასუხს არ აგებს.

„სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ მოხდეს სათანადო ჩანაცვლება ანუ პენსიაში  გასვლისას მოქალაქის შემოსავლებში მნიშვნელოვანი ცვლა არ იყოს, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე, – სარჩელში გამოვიყენეთ კვლევის მონაცემები, რომლის თანახმად 2017 წელს ჩანაცვლების კოეფიციენტი 18%.-ია. 25 წელს მიღწეული მამაკაცისთვის, რომელსაც ახლა ხელფასი 1000 ლარი აქვს, საპენსიო ასაკში  მისი ჩანაცვლების კოეფიციენტი 13,6% იქნება. ევროპის ქვეყნებში ჩანაცვლების კოეფიციენტი საშუალოდ არის 79%.

აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის მიღმა რჩება პერსპექტიული პენსიონერების დიდი ნაწილი – უმუშევარი მოსახლეობა. დისკრიმინაციულია მიდგომა, როცა კომპანიას ეკისრება 2%-ის გადახდა. შენატანის დაკისრება სახელმწიფომ შეიძლება მხოლოდ დასაქმებულს დაავალოს და არა სხვა პირს. ახლა კი დამატებითი ხარჯი ეკისრება პირს, რომელიც ამისგან ვერაფერს მიიღებს.

სახელმწიფოს მიერ 2%-იანი თანადაფინსება დისკრიმინაციულია. სახელმწიფო საკუთარ ფინანსებს უნდა მიმართავდეს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც უჭირს, ნაკლები შემოსავლები აქვს და სიბერეში სოციალური მდგომარეობა გაუუარესდება. ამ დროს სახელმწიფო ფულს უხდის იმ ადამიანებს, ვისაც შემოსავალი აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ სამართლიანობის პოლიტიკა სახელმწიფოს ავალდებულებს, იყოს თანასწორი.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს იმაზე მეტად, რომ ადამიანებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, ადარდებს ქვეყნის შიგნით თავისუფალი ფული, რომელსაც ბიზნესს საკუთარი შეხედულებისამებრ მისცემს.“

ნინო კაპანაძე

თამთა გოგოლაძე